ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მაუწყებლების ფოკუსში პოლიტიკური ელფერით
02.03.2021

28 თებერვალს ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ეს იყო ბოლო წლებში ერთ-ერთი იშვიათი, თვითორგანიზებული სოლიდარობის შემთხვევა, პროტესტი, რომელიც რიონის ხეობის გადასარჩენად, რამდენიმე თვის წინ, სულ რამდენიმე ადამიანმა დაიწყო. “მედიაჩეკერი” დააკვირდა, რამდენად ჩანდა პროტესტის ეს მასშტაბურობა და მნიშვნელობა 28 თებერვლის დღის საინფორმაციო გამოშვებებში და, ასევე, რა იყო მაუწყებლების მთავარი ფოკუსი - რამდენად გაშუქდა მშვიდობიანი მანიფესტაცია პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებულად.

ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 13:00 საათზე დაიწყო და საათნახევარი გაგრძელდა. საპროტესტო აქცია ყველა ცენტრალური მაუწყებლის ფოკუსში მოხვდა, თუმცა, სხვადასხვა პრიორიტეტითა და აქცენტით.

მაუწყებლების ნაწილი რიონის ხეობის დამცველების პროტესტის გაშუქებისას მხოლოდ კადრსინქრონებით შემოიფარგლა (დაახლოებით 1,45 წთ დათმობილი დროით), ნაწილმა ეს თემა გამოშვების ბოლოსთვის შემოიტოვა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას, ამ პროტესტისთვისაც პოლიტიკური ელფერი მიეცა, ნაწილისთვის კი ეს თემა საერთოდ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული.

უფრო კონკრეტულად, ქუთაისში გამართული ხალხმრავალი აქცია ყველაზე ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა “რუსთავი 2-სთვის”, “აჭარის ტელევიზიისა” და POSTV-სთვის. ამ უკანასკნელისთვის განსაკუთრებულად, ვინაიდან, ამბავი მხოლოდ დღის ბოლოს, 58-წამიანი კადრსინქრონით გაშუქდა.

ტელეკომპანიებმა “იმედმა” და “მთავარმა არხმა” ცდუნებას, ჰესების თემაც მიხეილ სააკაშვილისთვის დაეკავშირებინათ, ვერ გაუძლეს. თუმცა, რესპონდენტი სრულიად განსხვავებული აქცენტებით წარმოაჩინეს - “მთავარმა არხმა” როგორც “გარემოს მთავარი დამცველი”, “იმედმა” კი როგორც ჰესების მთავარი მხარდამჭერი.

მთავარ ცდუნებას კი, ეს პროტესტიც პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენილიყო, თითქმის ვერავინ გაუძლო და ამას აქციაზე ჩაწერილ რესპონდენტებზე დაკვირვებაც ცხადყოფს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი აქცია პირველი თემა იყო დღის ერთ რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “მთავარი არხისთვის”, “ფორმულასთვის”, “ტვ პირველისთვის” და “აჭარის ტელევიზიისთვის”. “რუსთავი 2-მა” ამბავი დღის მხოლოდ ერთ საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა, მე-14 ამბად, POSTV-სთვისაც ეს ამბავი დღის მხოლოდ ერთ საინფორმაციოში მოხვდა, გამოშვების ბოლოს, 58-წამიან კადრ-სინქრონად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ქუთაისში მიმდინარე აქციის გაშუქებით 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. პირდაპირ ეთერში ადგილიდან ჟურნალისტი ჩაერთო და მაყურებელს აქციის ორგანიზატორის, მონაწილეების, ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარები შესთავაზა. არხზე ამბის გაშუქებას ჯამში 3.40 წუთი დაეთმო.

15:00 საათიანი გამოშვების პირველი ამბავი იყო აქცია “მთავარი არხისთვისაც”. ამ არხზე რესპონდენტებში მრავლად იყვნენ პოლიტიკოსებიც. მაუწყებელს პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან კორესპონდენტი ჩაერთო და პირველი 10 წუთის განმავლობაში მაყურებელმა ისმენდა აქციის ერთი ორგანიზატორის, 5 მონაწილის, 2 არასამთავრობო ორგანიზაციის და 5 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კომენტარებს. “მთავარმა არხმა” ამბის გაშუქებას ჯამში 19 წუთი დაეთმო.

ამის შემდეგ გამოშვება იგივე თემით გაგრძელდა და პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. ჟურნალისტმა სააკაშვილს შეაფასებინა ჰესის აშენების რისკები, რა საფრთხე ემუქრება ხეობას, შემდეგ კი, მისი პოზიციის და პროტესტის საწინააღმდეგოდ, შეახსენა, რომ გიგანტურ ჰესებსზე ნებართვები, ძირითადად, მისი ხელისუფლების დროს გაიცემოდა. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მაშინ სხვა დრო იყო და მაყურებელს შეახსენა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში მოიპოვეს.

ჰესების თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდის ავლით ვერც “იმედმა” გააშუქა. 14:00 საათიან „ქრონიკაში“ ნამახვანჰესის თემა გამოშვების მე-18 წუთზე, კადრსინქრონად გავიდა და დაახლოებით წუთ-ნახევარი დაეთმო. მაყურებელმა აქციის ორგანიზატორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარები მოისმინა. უფრო მეტი ყურადღება ამ თემას “იმედმა” მომდევნო, 17:00 საათიან გამოშვებაში დაუთმო, საერთო ჯამში 7 წუთზე მეტი. ამ გამოშვებაში ნამახვანის საწინააღმდეგო პროტესტი პირველ თემად გავიდა. დასაწყისში მაყურებელმა კვლავ აქციის ორგანიზატორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კომენტარები მოისმინა, მეორე ნაწილში კი ყურადღება დაეთმო მიხეილ სააკაშვილის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ჰესებთან დაკავშირებით.

„ქრონიკამ“ მაყურებელს ჯერ ექსპრეზიდენტის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი განცხადება შესთავაზა, შემდეგ კი არქივიდან ამოღებული განცხადებები, რომლებშიც სააკაშვილი ჰესების მნიშვნელობაზე საუბრობს. საერთო ჯამში იმედმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ჰესებთან დაკავშირებით დაახლოებით 4 წუთამდე დაუთმო. თემის გაშუქებისას „ქრონიკაში“ გავიდა ექსპერტის მოსაზრებაც იმის შესახებ, თუ „როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს და მაშინ, როცა ქვეყანა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის“. „ქრონიკის“ შეკითხვებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანი პასუხობდა და ქვეყნის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ნამახვანჰესის საკითხით 14:00 საათიანი საიფორმაციო გამოშვება დაიწყო. საკითხს 4 წუთზე მეტი დაეთმო. თემის გაშუქებისას „ფორმულამ“ მაყურებელს ქუთაისიდან ჟურნალისტის ჩართვა შესთავაზა. ეთერში გავიდა აქციის მონაწილეების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის სინქრონები. „ფორმულას“ 17:00 საათიან გამოშვებაში კი ჰესები მე-8 წუთზე მეორე თემად გავიდა და მის გაშუქებას დაახლოებით 2 წუთი დაეთმო. მაყურებელს „ფორმულამ“ აქციის მონაწილეებისა და კვლავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის კომენტარები შესთავაზა.

„ტვ პირველის” ეთერში 13:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ჰესებთან დაკავშირებით გამართული აქცია მე-9 თემად 22-ე წუთზე გაშუქდა და 3 წუთი დაეთმო. ეთერში ჟურნალისტი ქუთაისიდან ერთვებოდა, ასევე გავიდა აქციის მონაწილეებისა და ენმ-ის წევრის კომენტარები. 15:00 საათიან გამოშვებაში საპროტესტო აქცია პირველ თემად გაშუქდა და მას 4 წუთამდე საეთერო დრო დაეთმო. ადგილიდან ერთვებოდა კორესპონდენტი, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა აქციის მონაწილეების, პარტია “თავისუფალი საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლის კომენტარები. 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში კი აქცია მე-12 წუთიდან გაშუქდა და 2.30 წუთი დაეთმო. თემის გაშუქებისას „ტვ პირველის“ მაყურებელმა აქციის 4 მონაწილის, ასევე “თავისუფალი საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლის კომენტარები კიდევ ერთხელ მოისმინა. საინფორმაციო გამოშებებს შორის ქუთაისში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა “ანა ახალაიას დღის ამბებში”.

ამბავი მხოლოდ კადრსინქრონად გაშუქდა "აჭარის ტელევიზიაში", "რუსთავი 2-სა" სა "POSTV-ზე".

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ აქციით 15:00 საათიანი გამოშვება დაიწყო. ამბავს მხოლოდ 1.45 წუთი დაეთმო და მაყურებელმა მხოლოდ აქციის ორგანიზატორის მიერ აქციაზე გაკეთებული საჯარო განცხადება მოისმინა .

"რუსთავი 2-მა" ჰესის საწინააღმდეგო აქცია 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში მეთოთხმეტე ამბად, 1.40 წუთიან კადრსინქრონად გააშუქა. მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ აქციის ორგანიზატორის და აქციის ორი მონაწილის კომენტარები.

ტელეკომპანია "POSTV-მ" ჰესის საწინააღმდეგო აქცია 14:00 საათიან გამოშვებაში საერთოდ არ გააშუქა, 16:00 საათიანში კი გამოშვების დასასრულს, მერვე ამბად, კადრსინქრონად გააშუქა და 1 წუთამდე (58 წამი) დრო დაუთმო. მაყურებელმა მხოლოდ აქციის მონაწილის და ორგანიზატორის კომენტარები მოისმინა.

 


მთავარი ფოტო: ონლაინგამოცემა "პუბლიკა"


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ