გაუჩინარებული მოზარდის ამბის არასათანადო გაშუქება მედიაში
22.04.2021
21 აპრილს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგოს გაუჩინარების შესახებ, რომელსაც, მათი ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ გოგო იპოვეს. ამბავი მედიასაშუალებებმა არასათანადოდ გააშუქეს. 

რა არის საყურადღებო?

• როგორც ონლაინ მედიაში, ისე ტელევიზიებით, მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა. მათ შორის გოგოს კავშირი ინტერნეტ თამაშთან, „ლურჯ ვეშაპთან“ და, სავარაუდოდ, მის მიერ დატოვებული „წერილი“, რომელშიც მკვლელობების შესახებ იყო საუბარი.

• ამბის შესახებ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალებში მოყვანილი იყო გაუჩინარებული გოგოს ახლობლების, მასწავლებლებისა და თანაკლასელების ვარაუდები მომხდართან დაკავშირებით.

• რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მოზარდი „გამუდმებით ტელეფონში იყურებოდა“ , ასევე ცდილობდნენ გაეშიფრათ „2-გვერდიანი წერილი“. ამ ჩანაწერს, რომელშიც ფურცელზე ინგლისურენოვანი ფრაზები და ნახატები იყო გაბნეული, მედია გოგოს გაუჩინარებას უკავშირებდა.

რა პრობლემაა?

• მაშინ, როდესაც „წერილის“ ავთენტურობა დადგენილი არ იყო, სიუჟეტებსა და სტატიებში ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ გოგომ ვრცელი წერილი დატოვა, რომელშიც „ახლობლების თქმით, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე იყო საუბარი“ და „სავარაუდო თვითმკვლელობის სცენა იყო აღწერილი“.

• გაშუქდა „წერილის“ ინტერპრეტაციებიც იმის შესახებ, რომ მოზარდს რამდენიმე წლის წინ თანაკლასელი უყვარდა და სწორედ მისი ინიციალები იყო მითითებული „დატოვებულ ჩანაწერში“.

• ჟურნალისტები დადასტურებულად მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ გოგონა გაუჩინარდა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ, თემის ძირითადი ნაწილი კი სოფელში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვარაუდებსა და ვერსიებს ეთმობოდა.

რატომ არის პრობლემა?

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი მაია ცირამუა გვეუბნება, რომ ასეთმა გაშუქებამ ჭორებს და მითქმა-მოთქმას დაუდო საფუძველი, რამაც შეიძლება „წარმოუდგენელი მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი გამოიწვიოს ადამიანისთვის.“

„ამ [წერილის] შინაარსის გარეთ გამოტანა და, მითუმეტეს, იარლიყის მიწებება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან ან რაღაც ტიპის თამაშში ჩართულობასთან გვაქვს საქმე, დაუშვებელია. პირად ჩანაწერებში ადამიანს შეიძლება ყველაფერი ეწეროს და ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამკეთებელია. ეს ძალიან პირადია. ეს იგივეა, რომ შენს ფიქრებში, შენს გონებაში ვიღაც შემოძვრეს და შენი აზრები გამოაქვეყნოს.“

ასეთ თემებზე მომუშავე ჟურნალისტებმა თავიანთ თავს უნდა ჰკითხონ: რას არის ასეთი გაშუქების მიზანი და რაზეა ის ორიენტირებულიო - გვეუბნება ფსიქოთერაპევტი.

„ერთადერთი რა აზრიც მომდის ეს არის რეიტინგისთვის. ასეთ გაშუქებაში ეთიკური სტანდარტი აბსოლუტურად უგულებელყოფილია.“, - ამბობს მაია ცირამუა.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

მედია განსაკუთრებით ფრთხილად უნდა აშუქებდეს არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ითვალისწინებდეს შესაბამის ეთიკურ სტანდარტებსა და პრინციპებს:

ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესები:

• თავიდან აირიდეთ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ ჭრილში გაშუქება.

• თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის სამაგიეროს გადახდა - დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან საზოგადოების მიერ გარიყვა.

• ეცადეთ თავიდან აიცილოთ ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოთ ის ამბავი, რაც მასზე ნეგატიურად იმოქმედებს, თუ ეს რედაქციულად დასაბუთებული არ არის და არ გადაწონის საჯარო ინტერესი, მაგალითად, გამოააშკარავებს სხვა დანაშაულს.

სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესები:

• თუ სამართლებრივად დადასტურებული არ არის, რომ საქმე გვაქვს სუიციდთან, თავად ნუ გააკეთებთ საქმის ამგვარ კვალიფიკაციას.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ