„იმედის“ სპეცრეპორტაჟი რიონის ხეობის მცველების დისკრედიტაციისთვის
31.05.2021
მანიპულაციური ტექსტებით, ვიდეოებით და აქტივისტების ფრაგმენტული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი კომენტარებით, მოსაზრებების ფაქტად წარმოჩენით და ჟურნალისტის უარგუმენტო, მტკიცებითი მონოლოგით - 31 მაისს „იმედის კვირაში“ რიონის ხეობის მცველების მადისკრედიტირებელი სიუჟეტი გავიდა.

ბრალდებები არგუმენტების ნაცვლად

“რიონის ხეობის მცველებს ჩვენი თვალით დანახული მათი მოთხოვნების გაშუქება და პროტესტის აღქმა არ მოსწონთ. ხეობიდან შემოგვითვალეს, რომ აქციის ორგანიზატორები ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ნუ ცდილობთ საზოგადოების შეყვანასო“,- ამ შესავლით დაიწყო გადაცემის წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტზე მომზადებული სპეცრეპორტაჟის წარდგენა.

წამყვანმა გაგვაცნო საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, რომ „ქვეყანა უნდა იყოს ენერგოდამოუკიდებელი და ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს“: “სადავოა პროტესტის მიზანი, რას მოითხოვთ, რა ფორმით“ - მიმართა მან აქტივისტებს და დაგვიანონსა, რომ სიუჟეტში გავიგებდით, „ამჯერად რას ითხოვენ“ ისინი.

თუმცა, ამის გაგების ნაცვლად, მთელი სიუჟეტის განმავლობაში ვისმენდით აქტივისტების საწინააღმდეგო ცალმხრივ ბრალდებებს და იმის მტკიცებას, რომ პროტესტს ფარული კავშირები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„დაპირისპირება, პოლიციის შეურაცხყოფა და სიტუაციის გამწვავება გჭირდება მაშინ, როდესაც უკვე თავად გიჭირს გარკვევა, რას ემსახურები, როდესაც ამბიციები გძლევს, ისეთ გეგმებს სახავ, რომლის ბოლომდე შესრულება შენს ძალებს აღემატება და ვერ აცნობიერებ, სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესები, რომლის სათავეშიც აღმოჩნდი“ - ამ ტექსტით დაიწყო ჟურნალისტმა სიუჟეტი, რომელიც მთლიანად მის ტექსტზე იყო აგებული.

პროტესტის “პოლიტიკური ელფერი”

სპეცრეპორტაჟში მაყურებელს არ მოუსმენია არც ერთი პასუხისმგებელი, რელევანტური პირის კომენტარი და არ ჰქონია შესაძლებლობა გაცნობოდა სპეციალისტებისა თუ ექსპერტების არგუმენტირებულ შეფასებებს.

შიგადაშიგ, ჟურნალისტი თავისი მოსაზრებების დასადასტურებლად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ავსებდა სიუჟეტს.

„სცენარი იმ სპექტაკლს ჰგავდა, რომელიც ერთმა პარტიამ რამდენიმე თვის წინ რუსთაველზე გაითამაშა. შემდეგ ულტიმატუმებს - აქციები, უარგუმენტო მოთხოვნებს კი საპროტესტო მუხტის განელება მოჰყვა და ლოგიკური დასასრული დადგა. გოლეთიანმა ისინი საჯაროდ აქციაზე არ მიუშვა, თუმცა მათთან ფარული კონსულტაციების პრობლემა არც არასდროს ჰქონია“, - მსგავსი ტექსტებით, ჟურნალისტი ცდილობდა, მაყურებელი დაერწმუნებინა, რომ პროტესტი ირიბად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და ეჭვს გამოთქვამდა, რომ აქცია პოლიტიკური ფულით არის დაფინანსებული.

ჟურნალისტი იმასაც ამბობდა, რომ აქციის მონაწილეები „არც ძალადობას ემიჯნებიან და არც ძალადობაა მათთვის უცხო“ და ამტკიცებდა, რომ აქტივისტები რადიკალური ფორმებით ცდილობენ მიზნის მიღწევას:

„შებინდებულზე, როცა ხილვადობა ნაკლებია, პოლიციასთან მიახლოების, ხმაურისა და შეურაცხყოფის დრო დგება და შედარებით უფრო მეტი მობილიზებაცაა. სადღაც ისმის გინებაც. შეურაცხყოფენ პოლიციას, ქვებით შეიარაღებულები ცდილობენ, ნერვებმა უმტყუნოს ვინმეს და ამტკიცებენ, რომ ეს არა რადიკალიზმი, არამედ პროტესტის მშვიდობიანი ფორმაა.“

ფაქტებად შემოთავაზებული აზრები ჟურნალისტებისგან

სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი ფაქტებზე დამყარებული მსჯელობა. ოფიციალური წყაროებისა და დოკუმენტების განხილვის გარეშე, ჟურნალისტი თავის მოსაზრებებს აქსიომად აწვდიდა მაყურებელს.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში საუბარი არ ყოფილა ეკოლოგიურ საფრთხეებზე, პროექტის დეტალებზე და სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ჟურნალისტი უარგუმენტოდ, მანიპულაციური ტექსტით არწმუნებდა მაყურებელს, რომ „მოსადავებელი არაფერია“ და აქტივისტები უსაფუძვლოდ აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას:

„[ვარლამ გოლეთიანს] არც ის გასჭირვებია, აგრესორად პოლიცია და სახელმწიფო გამოეყვანა, თუმცა, რა გასაკვირია, ეს ის ხალხია, პოზიცია რამდენჯერმე რომ შეიცვალა. ჰესის წინააღმდეგ ჯერ ის არგუმენტები ჰქონდათ, გარემოს მიადგება ზიანიო. ეს თემა რომ ამოიწურა, ხელშეკრულება დაიწუნეს. როცა არც აქ დარჩა მოსადავებელი, თქვეს - ჰესი არ უნდა აშენდეს და მორჩაო“, - ამბობდა ჟურნალისტი.

მანიპულაციური იყო ის ტექსტიც, რომელთაც დაასრულა სიუჟეტი ჟურნალისტმა: „თუ ნამახვანი და სხვა დიდი თუ მცირე ჰესი არ აშენდა, ელექტროენერგიის მოხმარებაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდასთან ერთად კიდევ უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებული ჩვენს მეზობელზე - რუსეთზე“.

მთლიანობაში, „იმედის კვირის“ მაყურებელმა ფაქტებზე და გადმოწმებულ ინფორმაციებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, არგუმენტებს მოკლებული, აქტივისტების მადისკრედიტირებელი, ცალმხრივი ბრალდებები ისმინა.

„იმედის კვირის“ მაყურებელმა ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის ნაცვლად, არგუმენტებს მოკლებული, აქტივისტების მადისკრედიტირებელი, ცალმხრივი ბრალდებები ისმინა

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ