ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების იდენტიფიცირება მედიაში - რატომ არის პრობლემა?
04.06.2021
მედიასაშუალებებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრები არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელი მასალები გაავრცელეს. ზოგიერთ ვიდეომასალაში ჩანდა ბავშვების სახეები, ზოგიერთში კი ისმოდა არასრულწლოვნებისა და მათი მშობლის სახელები, ასევე დედის ტელეფონის ნომერი.

რა მოხდა

დღეს, 4 ივნისს მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სოციალურ ქსელში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებშიც ბავშვები სრულად არიან იდენტიფიცირებულნი. მთავარეპისკოპოსმა ვიდეო მას შემდეგ ჩაწერა, რაც სახელმწიფო ზრუნვის აპარატმა პანსიონატიდან ბავშვების გაყვანა დაიწყო. გავრცელებულ მასალაში ჩანან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებიც, რომლებსაც მეუფე სპირიდონი ეკითხება, უნდათ თუ არა პანსიონატიდან წასვლა.

მედიასაშუალებების უმრავლესობამ ვიდეოში ბავშვები დაფარა და ისე გამოაქვეყნა, თუმცა, ტელევიზიების და ონლაინ მედიების ნაწილის მიერ გავრცელებული მასალებში არასრულწლოვნების ირიბი იდენტიფიცირება მაინც მოხდა. მედიებმა ვიდეოს ის ნაწილიც გამოაქვეყნეს, სადაც გარკვევით ისმის ბავშვების სახელები, ერთ-ერთი მშობლის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

რა ზიანის მომტანია ამ შემთხვევაში ბავშვების იდენტიფიცირება?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო და მოუწოდა ყველას, მათ შორის მედიას, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, რომ „ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას და გამოიწვიოს:
  • ბავშვის ღირსების შელახვა,
  • მისი სტიგმატიზაცია
  • ბულინგი
  • დისკრიმინაცია
  • ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე

„ასეთ დროს მედიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს პირველ რიგში ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, - ამბობს მერაბ ქართველიშვილი - საიას ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი. მისი თქმით, კადრებში ჩანს ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობა და მნიშვნელოვანია მომხდარის ისე გაშუქება, რომ მათი ამოცნობა არ იყოს შესაძლებელი.

როგორ გავაშუქოთ?


ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით:

ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის. ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი მისი სრულად არაიდენტიფიცირებისთვის, ხშირად მისი ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა რესპონდენტების იდენტიფიცირებით. მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ