“იმედი” და “პოსტვ" ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ აქციას პირდაპირ ეთერში არ აშუქებს
11.07.2021
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საპროტესტო აქციას ყველა ცენტრალური მაუწყებელი, ტელეკომპანია “იმედის” და “პოსტვ-ის” გარდა, დაახლოებით, 18:00 საათიდან პირდაპირ ეთერში აშუქებს. “იმედსა” და “პოსტვ-ზე” კი სერიალი გადის.

აქციაზე სიტყვით გამოდიან ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას დროს დილამდე აძლევენ და აცხადებენ, რომ უნდა გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშილი და მთავრობის სხვა წევრები.

აქციაზე შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ