იმედი ისევ „ნაციონალების“ კორუფციას აშუქებს - რა პრობლემაა?
07.02.2022
ოპოზიციური ტელევიზიები და ონლაინ მედია მთავრობის წევრებისადმი უფასოდ გადაცემულ მიწებზე საუბრობენ - „ტვ იმედი“ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ კორუფციას იხსენებს.


ბოლო ორი კვირაა, ოპოზიციურ მედიაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში თანამდებობის პირების ოჯახის წევრებისთვის გადაცემული უძრავი ქონებაა.

6 თებერვლის კვირის შემაჯამებელ გადაცემაში ტელეკომპანია “იმედი” ქართული ოცნების” მმართველობისას თანამდებობის პირებისთვის გადაცემული ქონებით არ დაინტერესებულა, სამაგიეროდ, 12 წუთზე მეტი დრო დაუთმო მიხეილ სააკაშვილის ქონებაზე საუბარს.


კონტექსტი

  • 22 იანვარს “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობის უფლებით პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გადაეცა.
  • ამავე დღეს „ფორმულმ” მოამზდა სიუჟეტი, როგორ მიჰყიდა თბილისის მერიამ თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დედის კომპანიას კიკეთში 35 ათასი კვადრატული მეტრი მიწა და 6 შენობა საბაზრო ფასზე თითქმის 60%-ით იაფად.
  • 28 იანვარს ნეტგაზეთმა დაწერა, თბილისის ყოფილი მერის და სემეკის მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ცოლის კომპანიისთვის საბადურის ტყეში 40 წლით გადაცემული 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ.
  • 4 თებერვალს კი, “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას სიმბოლურ ფასად გადასაცა 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ლისის ტბის მიმდებარედ.


"იმედის" სიუჟეტი

სიუჟეტში, სახელწოდებით, “მოპარული მილიონების პრეზიდენტი” ტელეკომპანია „იმედი“ ჰყვება, თუ როგორ ფლანგავდა ბიუჯეტის ფულს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს და როგორ სარგებლობდა მისი ოჯახი მისი თანამდებობრივი მდგომარეობით.

სიუჟეტში მიმოიხილეს:

  • მიხეილ სააკაშვილისა და დედამისის, გიული ალასანიას უძრავი ქონება ყვარელში.
  • სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისება.
  • “საქართველოს უნივერსიტეტი” და სხვა უძრავი ქონება, რასაც გიული ალასანია ფლობს.
  • მიხეილ სააკაშვილის ბიძის - თემურ ალასანიას ქონება.
  • მიხეილ სააკაშვილის უძრავი ქონება საქართველოსა და უკრაინაში.


რა პრობლემაა?

  • ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტელეკომპანია “იმედი” საზოგადოების ყურადღების გადატანას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარ დანაშაულების გაშუქებით ცდილობს.
  • არხზე სისტემატური ხასიათი აქვს მსგავსი მეთოდებით “ქართული ოცნების” დანაშაულებების გადაფარვას და გამართლებას.
  • მაგალითად, ზუსტად ერთი კვირის წინ, ასეთივე პათოსით ცდილობდა “იმედი” პოლიციის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტის გადაფარვას.
  • არხი ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრი, თითქოს “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს მომხდარი დანაშაულებები ერთეული, განყენებული პრობლემაა და არა სისტემური, ხოლო სისტემური დანაშაული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხდებოდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ