კამილა მამედოვა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელი და დირექტორია.
მარნეულში რადიო 2006 წელს დაარსდა, თუმცა მან რადიომაუწყებლობის
ლიცენზია 2016 წელს მიიღო. „მარნეული“ მულტილინგვისტური
სათემო რადიოა, მას საინფორმაციო გადაცემები
ქართულის გარდა, აზერბაიჯანულ ენაზეც აქვს, ვებგვერდზე კი ახალი
ამბები სომხურ ენაზეც ქვეყნდება. რადიოში სულ 12 ადამიანი
მუშაობს.
კომუნიკაციების კომისიამ რადიო „მარნეული“ ამერიკული
ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით
32 541.60 ლარის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. მანამდე,
ComCom-მა რადიო „დოიჩე ველესგან“ 7 821.60 ლარის მიღების გამო
გააფრთხილა და „უცხოური ძალისაგან“ დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ
შეწყვეტა
დაავალა.
როგორ
შეიქმნა რადიო „მარნეული“ და რა მნიშვნელობა აქვს მას, წაიკითხეთ
კამილა მამედოვასთან „მედიაჩეკერის“
ინტერვიუში.
- მარნეულში დავიბადე და გავიზარდე, აქაური სკოლა დავამთავრე. მაშინ საქართველოს რეგიონებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალები, რომლებიც კორუფციისა და ფულის კეთების დიდ შესაძლებლობას ქმნიდა. ასეთი ფილიალი იყო მარნეულშიც, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები არ სწავლობდნენ, მაგრამ დიპლომებს ყიდულობდნენ. პრაქტიკულად, ეს იყო ამ უნივერსიტეტის მთავარი ფუნქცია. მაშინ მე ქართული ისე კარგად არ ვიცოდი, თბილისში რომ ჩამებარებინა. ჩემს ოჯახს ფულიც არ ჰქონდა, ამიტომ სულ რაღაც 200 დოლარად ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის მარნეულის ფილიალში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩემებმა მითხრეს, ვისაც სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო. სხვათაშორის, სულ მარტო დავდიოდი ლექციებზე, აუდიტორიაში მხოლოდ მე ვიჯექი.
სწორედ ამ პერიოდში რეგიონებში, მათ შორის მარნეულში, სამოქალაქო სექტორი პირველ ნაბიჯებს დგამდა. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური და მონდომებული სტუდენტი ვიყავი, 2002 წელს, 16 წლის ასაკში, ერთ-ერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში აღმოვჩნდი, სადაც უკვე ვისწავლე: პროექტების წერა, კომპიუტერზე ბეჭდვა და ა.შ. ამის შემდეგ, 2005 წელს, BBC World Service Trust -მა, რომლის წარმომადგენელიც მაშინ ლიკა ჩახუნაშვილი იყო, ევროკავშირის მხარდაჭერით და „სტუდია რე“-სთან პარტნიორობით, მარნეულში რადიო გახსნა, სადაც ჟურნალისტიკაში ტრენინგებიც ტარდებოდა. მაშინ მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, ინფორმაციის გავრცელება მთხოვეს. ამბავი გავავრცელე და პირველი მე გავქანდი და ამ ტრენინგებზე ჩავეწერე. ეს იყო 2-წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები უნდა გადამზადებულიყვნენ და საბოლოოდ, რადიო უნდა გახსნილიყო. თუმცა, სამწუხაროდ, მაშინ ლიცენზია არ მოგვცეს. ცხადია, მაშინდელ ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ რეგიონში დამოუკიდებელი მედია ყოფილიყო და ამას სხვადასხვა მიზეზით ფუთავდა. ერთი სიტყვით, მაშინ რადიოს გახსნა ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ტრენინგებიდან მივიღეთ დიდი ცოდნა და გამოცდილება. ჩვენ სრულყოფილ რეპორტაჟებსა და გადაცემებს ვამზადებდით, უბრალოდ ეთერში ვერ გადიოდა. ამიტომ ხშირად კასეტებზე ვიწერდით და „მარშრუტკის“ მძღოლებს ვაძლებდით, მოსახლეობას ასე მაინც რომ მოესმინა. ასევე, მარნეულის ორ პუნქტში, ჩაიხანასა და ერთ-ერთ პარკში, სადაც დედები შვილებს ასეირნებდნენ, დამაგრძელებლებით მივიყვანეთ ხმა, შევუერთეთ დინამიკებს და ასე ვასმენინებდით ხალხს ჩვენს გადაცემებს.
ასევე, პირველები ვიყავით, ვინც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე შევაღწიეთ. მე ხომ ნასწავლი მქონდა, ხმა იდეალურად სუფთა რომ უნდა ყოფილიყო, ამიტომ მახსოვს, ერთ-ერთი სხდომაზე, რომელიც აგვისტოს გაუსაძლის სიცხეში ტარდებოდა, დავაკეტინე ფანჯრები, გავათიშინე კონდიციონერი, სუფთა ხმა რომ მიმეღო. სხდომის მონაწილეებს წურწურით ჩამოსდიოდათ ოფლი და ვერ მეწინააღმდეგებოდნენ, კოდიციონერი რომ ჩაერთოთ.
საპატრულო პოლიცია მაშინ ახალი შექმნილი იყო, წარმოიდგინე, იმდენად სერიოზულად ვუდგებოდი საკითხს, რომ ჩვენი რეგიონის საპატრულოს უფროსი მოვიყვანე ჩვენს არარსებულ რადიოში და მასთან ვრცელი ინტერვიუც ჩავწერე.
თუმცა, მაინც ჩვენ ვიყავით რადიო, რომელიც არ ისმოდა, არ
ჰქონდა მაუწყებლობა და ამიტომ თანდათან ჩვენ სერიოზულად აღარ
აღგვიქვამდნენ და ეს პროექტი 3 წელში დასრულდა. ვინაიდან მე ამ რადიოს
დირექტორი ვიყავი, მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა სამომავლოდ
მენეჯმენტიც მესწავლა და სწორედ ამიტომ, ჩავაბარე მაშინ
GIPA-ში.
როდესაც
რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოდიან, ხშირად ისინი უკან აღარ
ბრუნდებიან, შენ რატომ არ დარჩი და რატომ დაბრუნდი
მარნეულში?
- მოგატყუებ, თუ გეტყვი, რომ ეს არასდროს მდომებია. როგორც გითხარი, რადიოს ლიცენზია არ მოგვცეს და მაშინ მისი ამუშავების პერსპექტივას ვერ ვხედავდი. ამიტომ რაღაც ხნით დავრჩი კიდეც, ვმუშაობდი ტელეკომპანია „პიკში“, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. „პიკი“ 2012 წლის ოქტომბერში დაიხურა და 400 თანამშრომელი, მათ შორის მეც, უსამსახუროდ დარჩა. ისე გამოგვიშვეს, პირადი ნივთების გამოტანაც ვერ შევძელით. ამის შემდეგ, ბევრ ადგილას ვიყავი, ვეძებდი სამსახურს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მარნეულში დაბრუნება მომიწია. თან იმ პერიოდში რადიოს ლიცენზიის მიღება უკვე შესაძლებელი ჩანდა. 2014 წელს დავბრუნდი, ისევ დავიწყე მუშაობა, რადიოს ლიცენზია რომ მიმეღო. 2016 წლიდან უკვე ხელმეორედ და ნამდვილად გაიხსნა რადიო „მარნეული“.
რამდენად დაემთხვა შენი წარმოდგენები ჟურნალისტურ საქმიანობაზე იმ
რეალობას, რის წინაშეც აღმოჩნდი?
- თავიდან მარნეულში ტრენინგებს როცა ვესწრებოდი, მაშინ ზვიად ქორიძეს ჰქონდა სემინარების ციკლი, რომელიც მრავალფეროვნების საკითხებს ეხებოდა. როდესაც საქმე თემების გადანაწილებაზე მივიდა, მათზე ინდივიდუალურად რომ გვემუშავა, ისე მოხდა, რომ ლგბტ საკითხებზე მუშაობა ვერავინ გაბედა და მე ავირჩიე ეს თემა. მაშინ მივხვდი, რომ ამ საკითხზე არასდროს მიფიქრია და დავფიქრდი იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ მიფიქრია. აღმოვაჩინე, რომ მე მაქვს ის სითამამე, რაც არ აქვს სხვას. გავედი ველზე და გავაკეთე ვოქსპოპი. უკან დაბრუნებული კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი მაინც დავაფიქრე იმ თემაზე, რაზეც აქამდე არ უფიქრია. მაშინ ჩვენ რომ ნამდვილი მაუწყებლობა გვქონოდა, დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რადგან საზოგადოებაში მსგავს თემებზე სასაუბროდ გაცილებით დიდი მზადყოფნა იყო.
ერთი სიტყვით, ეს იყო მომენტი, როდესაც საკუთარი თავი აღმოვაჩინე და მივხვდი, რა იქნებოდა მთავარი მიზანიც და მოტივიც ჩემს საქმიანობაში: ყველაფერთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვა და მასზე საჯაროდ საუბარი. ასევე, აღმოვაჩინე, რომ თურმე შესაძლებელია სამსახური სასიამოვნოც იყოს და სასარგებლოც.
ამან განსაზღვრა ისიც, რომ რადიო „მარნეულის“
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა უფლებების დაცვაა, რაც ამ
რეგიონში კიდევ უფრო ტაბუირებული თემაა. მანამდე ეს
საკითხები არ ვიცოდი. იმ ტრენინგების ფარგლებში ერთი ქალი რეჟისორი
გვყავდა სტუმრად, რომელსაც ვუთხარი, რომ ქალი სამზარეულოში არის მისი
პირადი არჩევანი. მახსოვს, როგორ გაბრაზდა, მაგრამ მე ასე ვიცოდი, ასე
მესმოდა, მე არ მქონდა განსხვავებული ცოდნა. ამ პერიოდში
დავიწყე იმის გაცნობიერება და ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, რა
მნიშვნელოვანია განათლება და როგორ ცვლის და აყალიბებს ცოდნა
ადამიანს. სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივიც: თუკი მე
ასე შემცვალა ცოდნამ, გავაკეთო ყველაფერი, რომ იქნებ მეც შევძლო
გავლენის მოხდება სხვა ადამიანის ტრანსფორმაციაზე. ეს არის ის, რაც
მთელი ცხოვრება მამოძრავებს და დღემდე მადლიერების გრძნობა მაქვს იმ
პროექტისა და ადამიანების მიმართ, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში
მარნეულში ამ იდეით ჩამოვიდა.
როგორ
ფიქრობ, შეძლო რადიო „მარნეულმა“ რეგიონის მოსახლეობისთვის ამის
გაკეთება?
- ჩვენი ჟურნალისტები დადიან სამარშრუტო ტაქსებით და იქ ისმენენ მგზავრების შორის დიალოგებს. რამდენი ხნის წინ მიამბეს, რომ ქალები მსჯელობდნენ და ლაპარაკობდნენ მათ მომზადებულ მასალაზე, უფრო ზუსტად იმ საკითხზე, რაც ამ მასალაში ეწერა, ისე რომ არც ახსოვდათ, სად წაიკითხეს. ჩანდა, რომ ჩვენ მიერ მომზადებულმა მასალამ და ინფორმაციამ მათზე გავლენა მოახდინა.
ჩვენ ვართ პირველები, ვინც უმცირესობების ენაზე ლაპარაკი დაიწყო. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ვგულისხმობ, რადგან იქ რაც კეთდება ან კეთდებოდა, არასდროს ყოფილა მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის, ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობა იყო. ასე რომ ვფიქრობ, პირველები ვიყავით, ვინც უმცირესობების პრობლემებზე მათ ენაზე საუბარი დაიწყო. ჩვენ გავაგებინეთ აქ, მოსახლეობას, რომ აზერბაიჯანულად ლაპარაკი არ ისჯება, სირცხვილი არ არის. მათ ეშინოდათ, რომ წამოაძახებდნენ, შენ „თათარი“ ხარ, ქართველი არ ხარ, უცხო ხარ… ვფიქრობ, რომ ჩვენი რადიოს დამსახურებაა, დღეს მარნეულის მოსახლეობას საკუთარ პრობლემებზე რომ შეუძლია ხმამაღლა ლაპარაკი, თანაც საკუთარ ენაზე.
რეალურად ჩვენ მაუწყებლობა 2016 წელს დავიწყეთ, ამიტომ ამ 10 წლის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე პატარა გოგო რომ დავიცავით ადრეული ქორწინებისგან, ეს უკვე კონკრეტული და პოზიტიური შედეგია. ბევრი გვეუბნება მადლობას, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შევცვალეთ, მაგრამ, ცხადია, ეს საკმარისი არ არის. რადიო „მარნეული“ არაკომერციული ორგანიზაციაა და ამიტომ ღარიბები ვართ. დღევანდელ დღეს, როდესაც ყველაფერი ფულზე და ამ ფულით ნაწარმოებ პროპაგანდაზე დგას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგებთ. ჩვენ გამარჯვებულები ვართ მორალურად, მაგრამ რესურსების მხრივ ვაგებთ.
მე ვფიქრობ, რომ ამ რეგიონის შესახებ ინფორმაციის ფანჯარა ჩვენ გავხსენით, ჩვენ შემდეგ აქ სამოქალაქო სექტორმაც დაიწყო შემოსვლა. რადიოში ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს პრობლემებზე, ახალგაზრდებს დავუთმეთ ჩვენი სტუდია, როგორც პლატფორმა. მაგალითად, ერთხელ სამირა ბაირამოვას, რომელსაც ფეისბუკზე ჰქონდა ლაივი, დასრულებისთანავე დავურეკე და ვუთხარი, რომ სტუდიაში მოსულიყო და იგივე გაეკეთებინა. ერთი სიტყვით, ჩვენ ვეპატიჟებოდით ყველას, ვისაც სურდა ჩვენი რეგიონის თუ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფლებებზე ლაპარაკი. ამ მხრივ „მარნეულის“ რადიოში სიცოცხლე დუღდა. ჩვენ, ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, უსინათლო კაცს 50 წლის ასაკში მუშაობის შესაძლებლობა მისცა. სულ მეუბნებოდა, რომ ცხოვრება სწორედ ამ დროს დაიწყო და ყოველი კვირა მომდევნო კვირის მოლოდინში იყო.
მიმაჩნია, რომ ჩვენ შევქმენით არაქართულად
მოსაუბრე ქართული მედია. მინდა, რომ ყველა პოლიტიკური მოვლენა ქართული
პრიზმიდან იყოს დანახული, მინდა, რომ ყველა ეთნიკურად აზერბაიჯანელი,
რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ქართულად ანუ სახელმწიფოებრივად
ფიქრობდეს. ეს იყო და არის ჩვენი მიზანი. აქ ქართული მუსიკაც
კი არ იცოდნენ, ამიტომ რადიოში ძალიან საინტერესო ფლეილისტები გვაქვს,
რომელშიც ამერიკულიც არის, ევროპულიც, აზერბაიჯანულიც და ქართულიც.
ოღონდ ქართულში, ესტრადას ნაკლებად ვგულისხმობ.
როგორ
ფიქრობ, დამოუკიდებელ მედიასთან ბრძოლის მეთოდებით რა გამოარჩევს ამ
ხელისუფლებას მისი წინამორბედებისგან?
- წინა ხელისუფლება არ აძლევდა იდეას განხორციელების საშუალებას, ეს ხელისუფლება კი ანგრევს და კლავს უკვე განხორციელებულ იდეებს. მაგალითად, 2012 წლამდე, როდესაც კომუნიკაციების კომისია ლიცენზიას არ გვაძლევდა, ის ამისთვის კანონებს არ ცვლიდა და ახალს არ იღებდა. მაშინ სამართლებრივი გზა მაინც რჩებოდა, მაშინ გვყავდა საერთაშორისო თანამეგობრობა, როგორც გარანტია, რომელიც გვიცავდა. ახლა აღარც სამართლებრივად გვაქვს რაიმე გარანტია, ისეთი კანონები მიიღეს, რომლის მეშვეობით ციხეშიც ჩაგსვამენ.
სხვათა შორის, ახლა, როდესაც მეორე გაფრთხილება მივიღეთ და კომუნიკაციების კომისიაში სხდომას ვესწრებოდი, მინდოდა კახა ბექაურისთვის გამეხსენებინა, რომ ის იყო, ვინც მაშინ ლიცენზიის გაცემას ხელი მოაწერა, ასეთ რეგიონალურ მედიებს მხარს უჭერდა და ახლა ის არის, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რადიომ მაუწყებლობა შეწყვიტოს, მაგრამ თავი შევიკავე. არაფრისგან ვართ დაზღვეულები, შეიძლება ის გაფრთხილება ჯარიმით შეეცვალა.
------------------------------------------------
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
------------------------------------------------
როგორ
ახერხებს რადიო „მარნეული“ მუშაობის
გაგრძელებას?
- ჩვენი რადიოდან ერთი ჟურნალისტიც არ წასულა. გარდა ჟურნალისტებისა, რომლებიც დღემდე თავდაუზოგავად შრომობენ, ჩვენთან დისტანციურად მუშაობენ თარჯიმნები, რომლებიც ყოველთვე მწერენ, რომ მზად არიან ანაზღაურების გარეშე იმუშავონ. ეს ყველაფერი ძალიან ღირებულია, მაგრამ ცხადია, მე მაინც უნდა ვიზრუნო, რომ ამ „გაიაფებულ“ მაღაზიებში ჩემმა თანამშრომლებმა პროდუქტის ყიდვა მოახერხონ.
ცოტა რეკლამა გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, მაგრამ დავიწყეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობა და ვცდილობთ ეს მძიმე პერიოდი როგორმე გადავაგოროთ. სემინარებს ვატარებთ, დავრეგისტრირდით Airbnb-ზე და ტურისტებისთვის მარნეულში ტური გავაკეთეთ, რამდენიმე დღის წინ პირველი სტუმარიც გვყავდა.
რაც მთავარია, სოლიდარობის იმედი მაქვს. მაგალითად, ბოლო თვეში ხელფასები „სინათლე მედიიდან“ ჩარიცხული თანხით დავფარეთ, OC Media-მ თავისი წილიც დაგვითმო. იქამდე იმ თანხას ვხარჯავდით, რომელიც რადიომ ამ 10 წლის მანძილზე დააგროვა. ასევე, მე მიღებული მქონდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ჯილდო - „ტიტა“, რომელსაც ფულადი პრიზიც მოჰყვა, ამ თანხით რადიოსთვის მანქანის ყიდვა გვინდოდა, მაგრამ არ ვიყიდეთ და ესეც ხელფასებზე გადავანაწილეთ. ერთი სიტყვით, მინიმუმ მაინც გამოვიმუშავებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ არსებობას.
---------------------------------------------

