მიზეზი თუ მიზანი? რათა თუ რადგან?
14.01.2019

სწორად შეუსაბამეთ ქვემოთ მოცემული სიტყვები განმარტებებს:

მიზანი / მიზეზი

  1.  გარემოება, რომელიც იწვევს, აპირობებს, ხელს უწყობს, საფუძველს უქმნის სხვა, ახალი მოვლენის წარმოშობას. ზოგჯერ იგივეა, რაც საბაბი.
  2. ის, რაც უნდა განახოციელონ, რისკენაც მიისწრაფვიან, რასაც უნდა მიაღწიონ.

საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ცოდნის შესაბამისი ამ დავალების სწორად შესრულება მარტივია.

სირთულეები და შეცდომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც რთული წინადადების მეორე ნაწილი შინაარსობრივად მიზეზს ან მიზანს გამოხატავს, შემადგენელ წინადადებათა კავშირად კი „რადგან“ ან „რათაა“ გამოყენებული.

რომელი კავშირი უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ შემთხვევაში?

დავაკვირდეთ წინადადებებს:

  1. ორგანიზაცია აცხადებს კონკურსს, რადგან შეარჩიოს მომავალი თანამშრომლები.
  2.  მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რადგან საკუთარი მოსავალი ფაროსანასგან დაიცვან.
  3. კომპანიის განმარტებით, პროექტის ჩაბარება დაგვინდა, რადგან სამუშაო კლიმატური პირობების გამო შეფერხდა.

კავშირი „რადგან“ მხოლოდ ერთ შემთხვევაშია სწორად გამოყენებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „რადგან“ მიზეზის გამომხატველი კავშირია, მიზეზი კი ის გარემოებაა, რომელიც განაპირობებს რაღაცას, არ გაგვიჭირდება სწორი წინადადების ამოცნობა.

მისგან განსხვავებით, კავშირი „რათა“ გამოხატავს მიზანს ( რა მიზნითაც შესრულდა მოქმედება, რისკენაც მიისწრაფვის მოქმედი პირი, სუბიექტი)და დანარჩენ ორ შემთხვევაში სწორედ მისი გამოყენებაა სავალდებულო.

შევაჯამოთ:

თუ რთულ წინადადებაში საუბარია მიზეზზე, ვიყენებთ კავშირს „რადგან“.

თუ რთულ წინადადებაში საუბარია მიზანზე, ვიყენებთ კავშირს „რათა“.

სანიმუშოდ მოყვანილ პირველ წინადადებაში ორგანიზაცია კონკურსს რაღაც მიზნით აცხადებს, შესაბამისად, საჭიროა კავშირი „რათა“.

მეორე წინადადებაში მოქალაქეებმა სამომავლოდ, იმ მიზნით, რომ დაიცვან მოსავალი, უნდა გაითვალისწინონ გარკვეული რეკომენდაციები. აქაც საუბარია სამომავლო მიზანზე, შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ „რათა“.

მესამე წინადადებაში კი კომპანია შეფერხების მიზეზს ასახლებს, შესაბამისად, „რადგან“ კავშირი სწორადაა გამოყენებული.

თუ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, რომელი კავშირი უნდა გამოიყენოთ კონკრეტულ ვითარებაში, მიმართეთ ასეთ ხერხს:

თუ მოქმედება წარსულში მოხდა და შეგიძლიათ დასვათ კითხვა „რატომ“ ან „რა მიზეზით“ - გამოიყენეთ რადგან.

თუ წინადადებაში იგულისხმება მომავალში შესასრულებელი მოქმედება, დააკვირდით და განსაზღვრეთ, მიზეზი იგულისხმება თუ მიზანი.

თუ მიზანია ნაგულისხმევი, თამამად გამოიყენეთ „რათა“, თუ მიზეზი - „რადგან“.

ცნებების - მიზანი და მიზეზი - ერთმანეთისგან განსასხვავებლად კი დაუბრუნდით სტატიის შესავალს:

N 1 განმარტება = მიზეზი

N 2 განმარტება = მიზანი


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ