პარლამენტმა გადაცემის - „ხალხთან ერთად“ წამყვანს, ელისო ჯარიაშვილსა
და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს, თათა ფორაქიშვილს აკრედიტაციის
მიღება 1 თვის ვადით შეუზღუდა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის უფროსმა აკრედიტაციის მიღების უფლება „ქართული ოცნების“ დეპუტატების, არჩილ გორდულაძისა და ნინო წილოსანის მიმართვის საფუძველზე, მათთან „ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის“ გამო შეუზღუდა.
ელისო ჯარიაშვილსთვის გაგზავნილ წერილში კახა ოქროჯანაშვილი განმარტავს, რომ „2025 წლის 16 აპრილს, საქართველოს პარლამეტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (არჩილ გორდულაძის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას რაც დასტურდება ერთის მხრივ, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადებით № 2-5393/25 და ასევე მოწოდებული ვიდეო მტკიცებულებით“.
ანალოგიური შინაარსის არის თათა ფორაქიშვილისთვის გაგზავნილი წერილიც: „2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს პარლამეტის სასახლეში, მიუხედავად პარლამენტის წევრის (ნინო წილოსანის) მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას რაც დასტურდება ერთის მხრივ, პარლამენტის წევრის წერილობითი განცხადებით № 2-4921/25 და ასევე მოწოდებული ვიდეო მტკიცებულებით“.
პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების - „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე მიიღო.
აკრედიტაციის ამ წესის მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუ შეწყვიტოს.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებამდე პარლამენტში უვადო აკრედიტაციების წესი არსებობდა.
მიმდინარე წლის მარტში პარლამენტმა აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერა „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც.
2024 წელს კი, პარლამენტმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსაც. ეს შემთხვევები მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშებშიც.