6 დეკემბერს, ნიუ-იორკში, პლატფორმა „ხიდების მშენებლების“
ორგანიზებით გაიმართება
ღონისძიება - „თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე: ბიზნეს ლიდერების როლი
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში“, რომელიც ფინანსურად
დაეხმარება კამპანიას - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“.
Bridges of values-ის მიხედვით, ღონისძიება განკუთვნილია ამერიკაში მცხოვრები იმ ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, „ვის ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზეც პირდაპირ და ნეგატიურად აისახება საქართველოს პროდასავლური კურსის ცვლილება, საქართველო-დასავლეთს შორის ასეულობით წლების განმავლობაში ნაშენი ხიდების ნგრევა და მოწყვეტა დასავლური განვითარების ვექტორიდან; ამ ყველაფრის მიმართ აქვთ პროტესტი და მზად არიან ქმედითად შეეწინააღმდეგონ საარჩევნო ხმის ფაქტიური ჩამორთმევით მეორეხარისხოვან ქართველებად გამოცხადებას“.
მსჯელობა წარიმართება პანელური დისკუსიის ფორმატში, ორ ძირითად თემაზე: 1) ბიზნესის ქმედითი პასუხი ემიგრაციაში არჩევნების ფაქტიურ გაუქმებასთან დაკავშირებით და 2) Eataly-ის ანალოგი საქართველოს „ბიზნეს საელჩოების“ გახსნა – DC-სა და NY-ში.
„ღონისძიების მიზანია, სპიკერების მიერ წინასწარ შესწავლილი და გაანალიზებული კონკრეტული მაგალითების წარმოდგენით, ხელი შეუწყოს დისკუსიის გახსნას იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქმიან საზოგადოებას იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც აწუხებს ყველა პროდასავლურად განწყობილ და განსაკუთრებით დასავლურ ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველს“, - ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
„ხიდების მშენებლები“ აღნიშნავს, რომ „ღონისძიებაზე შედგება პირდაპირი ფანდრაიზინგი პროექტისათვის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომელიც აერთიანებს თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე მყოფ 22 ონლაინ მედიას“.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემის ერთობლივი კამპანიაა, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. პლატფორმაზე - sinatle.media ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით მათი მხარდაჭერა ერთად არის შესაძლებელი.
