საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ ჩაშლილი კონკურსის
შემდეგ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“
დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მესამედ
გამოაცხადა.
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები 2026 წლის 22 იანვრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.
წინა ჯერზე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორობის კანდიდატები იურისტი აკაკი ბერიძე და მომღერალი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი, ანი კეკუა იყვნენ. 24 ნოემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, ელენე მიხაილოვამ განმარტა, რომ ანი კეკუას საბუთებმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა „განათლების და სამუშაო გამოცდილების ნაწილში“ და მის კანდიდატურას დისკვალიფიკაცია მიეცა. აკაკი ბერიძეს კი მეორე ტურში გადასასვლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მხარი არ დაუჭირა.
აკაკი ბერიძე ნიკოლოზ მეგრელიშვილთან ერთად, პირველად, აგვისტოში, გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა. მაშინ კანდიდატები მეორე ტურშიც გადავიდნენ, თუმცა კენჭისყრის დროს სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს. საბჭომ „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ვერ აირჩია და 17 სექტემბრის სხდომაზე კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს.
დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი იყო, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.

