ზუკა გუმბარიძე „ფორმულას“ წილს თმობს
16.02.2026

 

„ფორმულას“ თანადამფუძნებელი ზუკა გუმბარიძე ტელეკომპანიაში მის წილს - 32.25% თმობს და არხის დირექტორს, მიშა მშვილდაძეს გადასცემს, „რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე“.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე.

6 წლის განმავლობაში მთელი ჩემი დრო, ენერგია და რესურსი დავუთმე „ფორმულას“ მშენებლობას. იდეა, რომელიც თავიდან ბევრისთვის დაუჯერებელი ჩანდა, დღეს უკვე იქცა რეიტინგულ, სანდო და მაყურებლისთვის საყვარელ არხად. მინდა მადლობა გადავუხადო ფორმულა კრეატივის თანადამფუძნებლებს გიორგი ლიფონავას და ირაკლი საღინაძეს, რადგან სწორედ „ფორმულა კრეატივი“ წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელზეც შემდგომ მთლიანად არხი აშენდა.

ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის არხის დამფუძნებელსა და ინვესტორს დავით კეზერაშვილს. სწორედ მასთან პარტნიორობამ გახადა შესაძლებელი ამ არხის დაფუძნება, არსებობა და განვითარება.

და ბოლოს, მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულას“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება. „ფორმულა“ არ არის მხოლოდ ტელევიზია - ეს არის იდეა და ფასეულობები.

ეს არის თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა, პროდასავლური ხედვა და ის ერთობა, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა შექმნეს.

„ფორმულა“ ყოველთვის დარჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ემოციურ პერიოდად ჩემს ცხოვრებაში“, - წერს ზუკა გუმბარიძე სოციალურ ქსელში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ წილები ამჟამად ასეა განაწილებული: მიხეილ მშვილდაძე - 38.25%; ზურაბ გუმბარიძე - 32.25%; ირაკლი საღინაძე - 2.25%; გიორგი ლიფონავა - 2.25%; „თავისუფლების ფორმულა“ - 25%.

2025 წლის მარტში დავით კეზერაშვილმა თავის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-იანი წილი მიშა მშვილდაძეს სრულად, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. მშვილდაძე, რომელიც არხის 12.25%-იან წილს ფლობდა, ამ ცვლილებით, ტელევიზიის ყველაზე დიდი წილის (38.25%) მფლობელი გახდა.

მაშინ „ფორმულას“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ გუმბარიძეს 10-10% 1 ლარად გადასცეს არხის 12.25-12.25%-იანი წილის მფლობელებმა, ირაკლი საღინაძემ და გიორგი ლიფონავამ. გუმბარიძე იქამდე არხის 12.25%-ს ფლობდა.

მიშა მშვილდაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორი 2025 წლის მაისიდან არის.

ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი 1 ოქტომბრიდან დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და არხის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მაშინ „რუსთავი 2“ თანამშრომლების ნაწილმა დატოვა და ნაწილი - „ფორმულას“, ნაწილი კი „მთავარ არხს“ შეუერთდა. 

თავდაპირველად, კომპანიის 25%-იან წილებს მიხეილ მშვილდაძე, ზურაბ გუმბარიძე, ირაკლი საღინაძე და გიორგი ლიფონავა ფლობდნენ, 2019 წლის სექტემბერში კი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი დავით კეზერაშვილი გახდა. 2023 წელს, კეზერაშვილმა კუთვნილი 51%-დან 25% ა(ა)იპ „თავისუფლების ფორმულას“, ტელევიზიის თანამშრომლებს სიმბოლურად 1 ლარად გადასცა.

 





კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ