კინორეჟისორისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, გოგა ხაინდრავას
მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის
ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, „შაბათის
ფორმულას“ წამყვანის, დავით ქაშიაშვილისა და სიუჟეტის ავტორის,
ჟურნალისტ ნატუკა ლომაძის შემდეგ, თბილისის პროკურატურაში „შაბათის
ფორმულას“ ოპერატორი, მიშო მარტაშვილიც გამოიკითხა.
საქმე ეხება 2026 წლის 17 იანვრის „შაბათის ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც გადაცემის წყაროს მონათხრობით, გოგა ხაინდრავას თანხის სანაცვლოდ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავდა.
მიშო მარტაშვილის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, „შაბათის ფორმულას“ წამყვანმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გადაცემის ოპერატორის გამოკითხვით თბილისის პროკურატურამ დაასრულა ყველა იმ ადამიანის გამოკითხვა, ვისაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის.
„ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ პროკურატურა გააკეთებს განცხადებას და იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს. სხვა შემთხვევაში ის, რასაც ვამბობთ, რომ ეს არ ემსახურება რაიმე ობიექტურობის დადგენას, კიდევ უფრო მეტად დადასტურდება და გამყარდება ჩვენი საფუძვლიანი ეჭვები“, - თქვა დავით ქაშიაშვილმა.
2 ივლისს, ამავე საქმეზე თბილისის პროკურატურაში
სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი ნატუკა ლომაძეც გამოკითხეს.
29 ივნისს გამოიკითხა „შაბათის ფორმულას“ წამყვანი, დავით
ქაშიაშვილიც.
გოგა ხაინდრავას „ფორმულას“ წინააღმდეგ აქვს სამოქალაქო
დავაც. მან მიმდინარე წლის მარტში ტელეკომპანიას სასამართლოში
უჩივლა და „შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების
შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი
ცნობების“ ამავე გადაცემით უარყოფასთან ერთად, მიყენებული მორალური
ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს. ამ საქმეზე მოსამართლე
ლიანა კაჟაშვილი გადაწყვეტილებას
მიმდინარე წლის 14 ივლისს გამოაცხადებს.

