ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა
05.08.2026


ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. სანაია პირველია, ვინც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო იყო დაპატიმრებული. 

„რეჟიმი ცდილობს ყველა მეთოდით, ყველა რეპრესიული მეთოდით, ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერის გამო უკვე დაპატიმრებით, ადამიანების გაჩუმებას და ეს არ მომემართება მხოლოდ მე, ეს არის ასევე გზავნილი ყველასთვის, რომ აი, დაგიჭერთ, თუკი სოციალურ ქსელში დაწერთ იმას, რაც ჩვენ არ მოგვეწონება… ჩვენი ბრძოლა გრძელდება, რასაკვირველია, ისევ დავწერ, ისევ ვილაპარაკებ, ეს სულ ასე იქნება მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში.

ჟურნალისტებს გვაქვს ვალდებულება, როგორ უცნაურ და სპეციფიკურ სიტყვაზეც არ უნდა გაიაროს სიტყვის თავისუფლებამ დღეს საქართველოში და აი, პაპუაშვილის შემთხვევაში ამ სიტყვაზე გაიარა, ჩვენ არც ერთი ნაბიჯი უკან არ უნდა დავიხიოთ, როდესაც სიტყვას ვამბობთ, იმიტომ რომ ნებისმიერი სიტყვის შეზღუდვა იწვევს ყველა სხვა სიტყვის შეზღუდვას. ასე რომ, ჩვენ, როგორც ამ ბრძოლაში მთლიანად და როგორც ჩვენს პროფესიაში, ჩვენს თავს უნდა ვუთხრათ, რომ ბოლომდე, ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიმოქმედოთ“, - თქვა ვახო სანაიამ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას იზოლატორის დატოვების შემდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ვახო სანაიას Facebook-პოსტით „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის, შეურაცხყოფის საბაბით, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 22 ივლისს შეუფარდა

ვახო სანაიას დაკავებაზე პირველი დონის განგაშის სიგნალი ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ტელეწამყვანის დაკავება „მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევად“ შეაფასა Freedom House-მა, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ კი განაცხადა, რომ სანაიას დაკავება არის „კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯი ხელისუფლების კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას“.

ვახო სანაიას დაპატიმრების გადაწყვეტილება „დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგ მცდელობად“ შეაფასა 20-მდე ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამაც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ კი განაცხადა, რომ „გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა „ქართული ოცნებისთვისაც“ უპრეცენდენტოა -  საქართველოში ჟურნალისტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობით პირველად დაისაჯა“.


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ