„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ვახო სანაიასთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება მართლმსაჯულების საბაზისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
დღეს, 22 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას ფეისბუქ პოსტით „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით, სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს. იგი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც ქართული ოცნებისა და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ“.
როგორც საია წერს, „ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შეაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს. გამოყენებული სანქციების სიმძიმე, გამოხატვის კონტროლის მასშტაბი და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან გამოხატვის კონტექსტისა და პოლიტკურ დისკუსიაში მისი როლის უგულებელყოფა საზოგადოებაში ცენზურის ფონს ქმნის, მსუსხავი ეფექტის შექმნას ემსახურება და უხეშად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას“.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ გამოხატვის ფუნდამენტური უფლებით სარგებლობის გამო ვახო სანაიას პატიმრობა მედიის მიმართ შემზღუდავი და რეპრესიული გარემოსა და კონკრეტულად „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმართული ისეთი რეპრესიული ზომების ფონზე ხდება, როგორებიცაა: საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული (SLAPP) სამოქალაქო სარჩელი/სასამართლო გადაწყვეტილება და იმავე საქმეზე, პარალელურად, ცრუ დასმენის მუხლით სისხლის სამართლის გამოძიების წარმოება „ფორმულას“ მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო.
ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“.
„“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში
სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად
გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის
შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო
ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში
დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა
და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება“, - ვკითხულობთ
კოალიციის განცხადებაში.
სანაიასთვის Facebook-პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდებას
გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარებიც. „ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი
მალე მოსკოვში მყოფ თავის პატრონებსაც კი გადაუსწრებს. ევროკავშირმა
ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“,
- დაწერა რასა
იუკნევიჩიენემ. კშიშტოფ ბრეიზამ კი ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა
ფონ დერ ლაიენს, გაფართოების ევროკომისარს - მარტა კოსს და
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს - კაია კალასს
მიმართა:
„„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ
დარჩება დუმილის რეჟიმში მკაცრი და გადამწყვეტი მოქმედებების
დროა!“
ვახო სანაია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
საკუთარ სახლთან დააკავეს. ის ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული
ადმინისტრაციული საქმის განხილვას არ ესწრებოდა. სანაიასთვის
14-დღიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად
ცეკვავამ მიიღო. პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს
შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
ეს სამმართველო
ფუნქციონირებას 1 ივნისს შეუდგა.
„გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ. სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდები, ტყუილად აქვთ ამის ილუზია“, - თქვა ვახო სანაიამ დაკავებამდე ცოტახნით ადრე.
შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო 10 ივლისს, ვახო სანაია 6000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა.

