„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის სოციალურ
ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული
პატიმრობის შეფარდებას
ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება
წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე
განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს.
„ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე.
მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გმობს სანაიას მიმართ გამოტანილ უსამართლო განაჩენს და მის შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, „მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად“.
ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 2 პოსტისა და ვიდეოს გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 19 ოქტომბერს შეუფარდა. სანაიას „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის საბაბით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ივლისში ერთხელ უკვე ჰქონდა შეფარდებული, მანამდე ის სასამართლომ 6 000 ლარითაც დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას პოლიტიკური
თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ამჯერად ამ პოსტების
გამო ედავებოდა:
- „14 დღე *ლეები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
- „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, *ლეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, *ლეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
- ვიდეო სათაურით - „ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მე*ლენბურგობას“.
სანაია ფეისბუქპოსტების გამო დაწყებული ადმინისტრაციული საქმეებს
განხილვას არ ესწრება. ის შსს-ს წარმომადგენლებმა საცხოვრებელ სახლთან
დააკავეს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ოჯახის
წევრებთან და კოლეგებთან ერთად ელოდებოდა.

