ყალბი წყაროების გამოყენებაში მხილებული და სამსახურიდან გაშვებული ჟურნალისტები 2018 წელს
27.12.2018

ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, რედაქციების მოთხოვნები საკუთარი ჟურნალისტებისადმი სულ უფრო იზრდება, მიდგომები იხვეწება და მკაცრდება. ეს უკანასკნელი მხოლოდ უშუალოდ მომზადებული მასალის შინაარსში, ფაქტების სიზუსტესა თუ წყაროთა მრავალფეროვნებაში არ გამოიხატება. რედაქციებმა ჟურნალისტების მიმართ, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულების საჯაროდ გამოხატვის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტებიც შეიმუშავეს, რომელთა დარღვევის გამოც დაქირავებულთან კონტრაქტი უკვე არაერთმა სოლიდურმა გამოცემამ გაწყვიტა.

“მედიაჩეკერმა” 2018 წელს მომხდარი ის შემთხვევები შეკრიბა, როდესაც გამოცემებს ბოდიშის მოხდა, ან თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება მოუხდათ.

                         ყალბი მასალები და წყაროები/არასწორი ინფორმაცია

2018 წელს იყო შემთხვევა, როდესაც გამოცემამ თანამშრომელი ჟურნალისტი მასალების გაყალბების გამო დაითხოვა.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი ამბავი, რომელზეც მსოფლიო პრესა ალაპარაკდა, გერმანული გამოცემა “შპიგელის” (Der Spiegel) დამსახურებული ჟურნალისტის კლაას რელოციოსის შემთხვევაა, რომელიც მასალების გაყალბებაში ამხილეს. აღნიშნულის გამო გამოცემა იძულებული გახდა, რომ მასთან თანამშრომლობა შეეწყვიტა.

როგორც გაირკვა, ჟურნალისტმა, რომელსაც არაერთი პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო აქვს მიღებული, “შპიგელისთვის” დაწერილი 60 სტატიიდან 14-ის ისტორია თავისი გმირებიანად თავად გამოიგონა. რელოციოსი ამბების გაყალბებაში საკუთარმა თანამშრომელმა გამოიჭირა, რომელიც ერთ-ერთ თემაზე მასთან ერთად მუშაობდა. “შპიგელმა” რელოციოსის მიერ დაწერილი ყველა სტატიის გადასამოწმებლად შიდა გამოძიება დაიწყო.

სხვისი მასალების მითვისებისა და სხვა მასალებიდან ციტატების გამოყენების გამო, წელს ჟურნალისტს The Washington Post-იც დაემშვიდობა.

გარდა გაყალბებული ამბებისა მიმდინარე წელს ჟურნალისტების მხრიდან არაიდენტიფიცირებული წყაროების გამოყენების ფაქტიც დაფიქსირდა. მაგალითად, ამერიკულმა ყოველდღიურმა გამოცემამ “ჰიუსტონის ქრონიკამ” დაადასტურა, რომ მათივე ჟურნალისტი მაიკ ვორდი წლების განმავლობაში არაიდენტიფიცირებულ წყაროებს იყენებდა. მისი სახელით მომზადებულ მასალებში დასახელებული 275 წყაროდან მხოლოდ 103-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მიმდინარე წელს, არასწორად გაშუქებული ამბების გამო ბოდიშის მოხდა სამაუწყებლო კომპანია BBC-საც მოუხდა. ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღიარა, რომ ის კლიმატის ცვლილების თემას ხშირად არასწორად აშუქებდა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა და თემის გაშუქების პოლიტიკა შეცვალა.

წელს კიდევ ერთი ბოდიშის მოხდა  BBC-ს Daily Mail-ის ჟურნალისტების შესახებ მომზადებული მასალის გამო მოუხდა. მაუწყებლმა არასწორად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს Daily Mail-ის ჟურნალისტები 2011 წლის ცნობილი სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყვნენ ჩართულები, რაც საბოლოო ჯამში სიმართლე არ აღმოჩნდა.

მიმდინარე წელს ბოდიშის მოხდა და მასალის შესაბამისად დარედაქტირება ჟურნალ Time-საც მოუხდა. მიმდინარე წლის ივნისში ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტი ბავშვების მშობლებთან დაცილების და მათი ცალ-ცალკე ბანაკებში მოთავსების ცნობილი სკანდალის შემდეგ, ჟურნალმა გარეკანზე პატარა ჰონდურასელი მტირალი გოგონასა და აშშ-ის პრეზიდენტის დამონტაჟებული ფოტო დაბეჭდა, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გოგონა მშობლებთან ერთად აშშ-ის საზღვარზე გადასვლის შედეგად დედას დააცილეს, რაც სიმართლე არ იყო.

ამერიკულმა გამოცემამ Chicago Sun Times-მა კი, საკუთარი თანამშრომელი ტვიტერზე ყალბი გამომწერების გამო სამსახურიდან დროებით გაათავისუფლა. ფაქტი New York Times-ის გამოძიების შემდეგ გახდა ცნობილი. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ შოუბისზნესის ცნობილ ვარსკვლავებსა და ჟურნალისტებს ტვიტერზე ყალბი გამომწერები ჰყავდათ.

                                        შეუსაბამო კომენტარები და შეფასებები

მიმდინარე წელს CNN-მა საკუთარ თანამშრომელს კონტრაქტი პალესტინის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო შეუწყვიტა. CNN-ის კომენტატორმა მარკ ლამონტ ჰილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე განაცხადა, რომ მდინარე იორდანიიდან ხმელთაშუა ზღვამდე მონაკვეთი თავისუფალი პალესტინის უნდა იყოს. მიუხედავად ჟურნალისტის განმარტებისა, რომ ის განცხადებით მიზანად ისრაელის წინააღმდეგ გალაშქრებას არ ისახავდა, არხმა მასთან თანამშრომლობა მანც გაწყვიტა.

წამყვანის რასისტული გამონათქვამის გამო NBC-მ ცნობილი ჟურნალისტი მეგან კელი ეთერიდან მოხსნა და მისი დილის გადაცემა დახურა.

წელს რასისტული და ჰომოფობიური ტვიტების გამო ჟურნალისტს კონტრაქტი New York Time-სმაც შეუწყვიტა. გამოცემამ ახალი თანამშრომელი სამსახურიდან მისი ძველი ჰომოფობიური და რასისტული ტვიტების გამო დაითხოვა.

ინტერვიუს დროს თემისადმი გამოჩენილი არასათანადო მგრძნობელობის გამო, ბრიტანულმა რადიომ - TalkRadio - წამყვანი ჯეიმს ვეილი სამსახურიდან გაათავისუფა.

განხილული მაგალითები აჩვენებს, რომ მიუხედავად მედიისადმი ბევრი პრეტენზიისა თუ კრიტიკისა, ის სულ უფრო და უფო მეტი მგრძნობელობით ეკიდება ეთიკურ საკითხებს, აუმჯობესებს მიდგომებს და ზრდის პასუხისმგებლობას. საჭიროების შემთხვევაში, კეთილსინდისიერი მედია არც შეცდომის აღიარებასა და ბოდიშის მოხდაზე იხევს უკან და არც საკუთარ თანამშრომელთან დამშვიდობებას ერიდება, მიუხედავად მისი დამსახურებისა, თუ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ