აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებასთან დაკავშირებით
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ფაქტობრივი გარემოებები
და ანალიტიკური შეფასება გამოაქვეყნა.
------------------------------------------------
აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, აფგანი
აზერბაიჯანში პოლიციამ დააკავა და ზუსტად არ ვიცი, სად წაიყვანეს.
სევინჩ სადიგოვა შვილებთან ერთად ევროპაში იმყოფება. აფგან
სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში გუშინ
გააძევეს.
-----------------------------------------------
საიას
განცხადებით, სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება ადამიანის უფლებათა
ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე და
მანიპულაციური დარღვევაა, რომელიც გამოიყენეს როგორც პოლიტიკური
ანგარიშსწორებისა და სამაგალითო დასჯის ინსტრუმენტი. „სახელმწიფომ
ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება
და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდის
ავლისთვის“, - წერს ორგანიზაცია.
როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, ის
ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე
შეწყვიტა, არ ნიშნავს, რომ აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში საფრთხე აღარ
ემუქრება:
„სადიგოვი კვლავ რჩებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნილ ჟურნალისტად
აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან და კვლავ არსებობდა ის რისკი, რის
გამოც დროებითი ღონისძიება შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღსანიშნავია, რომ
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც, ეროვნულ
სასამართლოს ეკისრებოდა ვალდებულება, შეეფასებინა აზერბაიჯანში
სადიგოვისთვის მიმართ არსებული რისკები, ნაცვლად ამისა, აზერბაიჯანის
პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ფაქტი,
სახელმწიფომ გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს აკრძალვის გვერდის
ავლისთვის და აღნიშნული მიიჩნია შესაბამის საფუძვლად, რათა მომხდარიყო
სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანში“.
ორგანიზაცია წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის - „იქ, სადაც
დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“
სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ და ამას სიამოვნებით,
მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, გამო ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის წარმოების საფუძვლით სადიგოვის დაკავების
უკანონობაზეც:
„სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პირის დაკავება, დაჯარიმება, საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით და მისი ქვეყნიდან გაძევება, როდესაც ცნობილია, რომ მას წარმოშობის ქვეყანაში შეუქცევადი ზიანი ემუქრება, შეიძლება იწვევდეს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასაც. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლი გამოყენებულ იქნა, როგორც ფორმალური საფუძველი, პოლიტიკური დევნის „კანონიერების“ საფარველის შექმნისათვის“.
საიას შეფასებით, აფგან სადიგოვის შემთხვევაში მოხდა
სამართლიანი სასამართლოს უფლების მიზანმიმართული უგულვებელყოფაც:
„აფგან სადიგოვის საქმეში სამართალდამცავი უწყებისა და სასამართლოს
მოქმედებათა თანხვედრა მართლმსაჯულების სისტემას წარმოაჩენდა როგორც
რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს. კვირა დღეს, გამთენიის 3-4 საათზე,
ფორსირებულ რეჟიმში, საქმის განხილვის ობიექტური საჭიროება არ
არსებობდა. ამასთან, სასამართლოს მიერ სადიგოვთან დაკავშირებული
უფლებრივი კონტექსტის სრული უგულვებელყოფა აღნიშნული პროცესის
პოლიტიკურად მოტივირებულობაზე მიუთითებს“.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით კი,
აფგან სადიგოვის შემთხვევა აჩვენებს, „თუ როგორ ეფექტურად შეუძლიათ
თანამშრომლობა ავტორიტარულ ხელისუფლებებს კრიტიკულად განწყობილი
ჟურნალისტების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გასათელად და
გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად“.
ქარტია ჟურნალისტთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს
მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ აფგან სადიგოვის შემთხვევის მიმართ,
იზრუნონ მის უსაფრთხოებაზე და გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ,
ჟურნალისტის დასაცავად აზერბაიჯანში, სადაც ის ამჟამად იმყოფება.
„4 აპრილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აზერბაიჯანელი
რეპრესირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, დააკავა და საერთაშორისო
სამართლის ნორმების დარღვევით და საქართველოს საერთაშორისო
ვალდებულებების უგულებელყოფით, „წარმოშობის ქვეყანაში“, აზერბაიჯანში,
გააძევა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს აუკრძალა,
სასამართლოს მიერ აფგან სადიგოვის საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების
მიღებამდე, მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში, სადაც ჟურნალისტი
შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და
სადაც მისი თავისუფლება და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნებოდა.
მრავალ კითხვას აჩენს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავების დრო (ილჰამ ალიევის ვიზიტის წინა დღეებში), ფორმალური მიზეზი (ზოგადი ხასიათის პოსტი სოციალურ მედიაში), დაკავების ფორმა (მოტყუებითა და დიდი საპოლიციო მობილიზებით) და ნაჩქარევი სასამართლო პროცესი (ჩაინიშნა და ჩატარდა ღამით).
Azel.tv-ს მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი ჟურნალისტური საქმიანობისთვის წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაჯანში. მის წინააღმდეგ ორჯერ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. აზერბაიჯანულ ციხეში ჟურნალისტმა დიდი ხნის განმავლობაში იშიმშილა.
2023 წელს აფგან სადიგოვი სერიოზულად შერყეული ჯანმრთელობით ჩამოვიდა საქართველოში სამკურნალოდ, ოჯახთან ერთად. თუმცა ის აქ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა და მესამე ქვეყანაში გასვლას გეგმავდა, რისი საშუალებაც ჟურნალისტს საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა. 2024 წლის აგვისტოში აფგან სადიგოვს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. მან ქართულ ციხეში 141 დღე იშიმშილა. აფგან სადიგოვი პატიმრობიდან შარშან აპრილში, გირაოთი გათავისუფლდა. მისმა ოჯახმა საქართველო დატოვა.
აფგან სადიგოვის სისხლის სამართლებრივი დევნა აზერბაიჯანში 1 აპრილს შეჩერდა, 3 აპრილს მას მოუხსნეს შეზღუდვა გადაადგილებაზე, 4 აპრილს კი დააკავეს. ამ დროისთვის ადვოკატებს პრაქტიკულად მზად ჰქონდათ დოკუმენტები ჟურნალისტის მესამე ქვეყანაში გასაყვანად, თუმცა ქართულმა სასამართლომ მას არ მისცა საშუალება, ქვეყანა ნებაყოფლობით დაეტოვებინა“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
აფგან სადიგოვის გაძევება
თბილისში მცხოვრები, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 4 აპრილის ღამეს დააკავეს, შსს მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა, მისი ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება კი მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა. სასამართლომ მას შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვაც 3 წლის ვადით.
სადიგოვის გაძევებიდან მეორე დღეს, 6 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად საქართველოს ეწვია.
აფგან სადიგოვი თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, 2024 წელს დააკავეს. ის საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. სადიგოვმა პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა. ის 2025 წელს, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით ორჯერ იყო დაკავებული.

