„უდოს კომისიამ“ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
03.04.2026

 

გამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მზია ამაღლობელის საქმე „უდოს კომისიაზე“ განიხილეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს, რადგან ის „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობით #5 პენიტენციურმა დაწესებულებამ კომისიას 12 იანვარს მიმართა. 

                                                        
„უდოს კომისიაზე“ პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობას ციხის ადმინისტრაცია აყენებს. ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები, მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს.

პატიმრების საქმეებს განიხილავს სპეციალური კომისია, ოფიციალური სახელწოდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო, რომელსაც „უდოს კომისიას“ ეძახიან.
                                                        

როგორც გამოცემა წერს, ამ შუამდგომლობაში #5 პენიტენციური დაწესებულება მიუთითებდა:

„დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მზია ამაღლობელი ძირითადად სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით და წერით. ამჟამად დაასრულა იაპონური ენის შემსწავლელი ონლაინკურსი. აღიარებს მომხდარ ფაქტს, თუმცა ამ შემთხვევას არ მიაკუთვნებს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში არ გამოკვეთილა მიდრეკილება ემოციური აგრესიისაკენ, ანტისოციალური ქცევისაკენ, ფსიქოლოგიური მოწყვლადობისაკენ. არ გამოკვეთილა რომელიმე ეს რისკ-ფაქტორი.

არის კეთილგანწყობილი თანამოსაუბრის მიმართ. ვიზუალურად მოწესრიგებული. დიალოგში ერთვის მარტივად, თხრობის სტილი თანმიმდევრული, ლოგიკურად აყალიბებს არგუმენტებს, ჯანსაღი კოგნიტური და სოციალური უნარებით.

აქვს მომავლის გეგმები. პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება, უნდა აღიდგინოს შრომისუნარიანობა, ასევე გააგრძელოს მოღვაწეობა პროფესიულ ნიშაში.

შეთავაზებულ იქნა შემთხვევის მართვის პროცესში ჩართვა, თუმცა მან მოცემულ ეტაპზე უარი განაცხადა, რის მიზეზადაც მიუთითა მიმდინარე სასამართლო პროცესები, ხოლო პროცესების დასრულების შემდეგ, მან გამოხატა მზაობა ჩაერთოს ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში.

სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია, ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ ხანმოკლე პაემნის უფლებით.

შემჩნეული არ არის დაწესებულების დღის განრიგის და რეჟიმის დარღვევებში, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.

კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, არ არის კონფლიქტური, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში. წარსულში არ არის ნასამართლევი“.

ეს შუამდგომლობა პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ 9 მარტს, შემდეგი შემადგენლობით განიხილა:

  • საბჭოს თავმჯდომარე: თამარ გელოვანი (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი);
  • წევრები: მარინა ყუფარაძე (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);
  • ხატია თადიაშვილი (პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი);
  • დავით ბუღაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი).

მისი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელს 30 მარტს ჩაჰბარდა. კომისიამ ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა.

„პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, მზია ამაღლობელი დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს.

ასევე იგი სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით არ ერთვება ადმინისტრაციის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ სოციალურ პროგრამებში, რაც პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესთან.

ამ კრიტერიუმზე მსჯელობისას საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სწორედ იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით, სასჯელის მოხდილმა ნაწილმა არანაირი გავლენა არ მოახდინა მზია ამაღლობელის რესოციალიზაციის პროცესზე,“ - წერია პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბჭო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „სასჯელის მიზანს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენის მიზანი კი მიღწეულია მაშინ, როცა სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას”.

როგორც გამოცემა წერს, საბჭომ დაადგინა, რომ მზია ამაღლობელის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება „იქნება იმ მრავალრიცხოვანი სამართალდამცავის უპატივცემულობა, რომლებიც იცავენ ქვეყნის მართლწესრიგისა და კანონისადმი პატივისცემას“. გარდა ამისა, მოხდილმა სასჯელმა (14 თვე პატიმრობა) ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა.

„ცნობისათვის, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა საბჭოს მიერ დანიშნული სასჯელის ნახევრის მოხდის შემდგომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში (მზია ამაღლობელისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, სსკ-ის 353 ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებაა) არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის და პენიტენციური კოდექსის იმპერატიული ნორმა, დანაწესი, რისთვისაც არ მოითხოვება მსჯავრდებულის ან მისი ადვოკატის მიმართვა ან თანხმობა.

საკითხი განიხილება სასჯელის მოხდის დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებულია ამგვარი შუამდგომლობით მიმართოს საბჭოს სასჯელის ნახევრის მოხდისთანავე.

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს. მზია ამაღლობელის დაპატიმრების და შემდეგ მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები საჯარო განცხადებებში მისგან ბოდიშის მოხდას და მონანიებას ითხოვდნენ“, - წერს გამოცემა „ბათუმელები“.

მზია ამაღლობელი 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა მზია ამაღლობელის მესამე საჩივარიც, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას ეხება. სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე. პირველ საქმეზე, რომელ ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას ეხება, საიამ წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე უკვე წარადგინა. მეორე საქმის საჩივარი კი, რომელიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ასევე, დარეგისტრირებულია.
 



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ