აჭარის ტელევიზიის დირექტორი იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს
19.04.2019

4 ხმით 1-ის წინააღმდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი 19 აპრილს განიხილა. სხდომა რამდენიმე საათს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  

იმპიჩმენტის საკითხი 10 აპრილს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ დააყენეს. გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული საბჭოში.

სხდომაზე გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ნათია კაპანაძის დირექტორობის პირობებში მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.  მან ასევე განაცხადა, რომ დირექტორი  პატივს არ სცემს და არ თანამშრომლობს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავს. მისივე თქმით, ტელევიზიაში არ სრულდება პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდება.  ირაკლი დარცმელიძემ კი დირექტორისადმი პრეტენზიებზე საუბარი მის მიერ გარკვეული გადაცემების დახურვის საკითხით დაიწყო. 
 
მაუწყებლის დირექტორმა ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მზადა ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია წარადგინოს. მან ასევე ისაუბრა მაუწყებლის სანდოობაზე, რაც ბოლო პერიოდში არაერთი კვლევით, მათ შორის, საერთაშორისო ანგარიშებით დადასტურდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ  არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები. 


ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას დაახლოებით 6 თვე ჰქონდა დარჩენილი.  შედეგების გამოცხადების შემდეგ ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს.
 
 
 

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ