რას ცვლის მედიისთვის სასამართლოს აქტებში არსებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესაძლებლობა
26.06.2019
2020 წლიდან (არაუგვიანეს 1 მაისისა), გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასამართლოს მიღებული განაჩენის გასაჯაროებაზე პეროსნალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით უარის თქმა აღარ შეეძლება. “მედიაჩეკერი” დაინტერესდა, რას შეცვლის ეს ფაქტი ჟურნალისტებისთვის და იმ რეპორტიორებს ესაუბრა, რომლებიც სამართლის საკითხებზე მუშაობენ.

ჯაბა ანანიძე ონლაინგამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტია. ამბობს, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტატისტიკური მონაცემის დამუშავების დროს გამოცემას კონკრეტულ შემთხვევაზე გასვლა და მასზე მასალის მომზადება სურდა, თუმცა სასამართლო სისტემაში არსებული პრაქტიკა, ამის საშუალებას არ იძლეოდა. მისივე თქმით, უმეტეს შემთხვევაში, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება თუ განაჩენი პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, მათ ინფორმაციის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ, რაც ჟურნალისტებს ამა თუ იმ თემის საფუძვლიანად გაშუქებაში ხელს უშლიდა.

ჯაბას ეთანხმება “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. იგი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტებს შრომას ფაქტობრივად უოცმაგებდა, რადგან სასამართლოდან ინფორმაციის მიღებისთვის სხვადასხვა შემოვლითი გზების გამოყენება იყო საჭირო.

ჟურნალისტები საუბრობენ ტენდენციაზე, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვის არგუმენტაციით, სასამართლომ, გადაწყვეტილებების გაცემაზე უარის თქმის პრაქტიკა დაამკვიდრა. ეს 2015 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, იქამდე სასამართლოები მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს სრულყოფილად გასცემდნენ.

სასამართლოს ეს მიდგომა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

IDFI-ს შეფასებით, საერთო სასამართლოები ფართოდ განმარტავდნენ პერსონალური მონაცემის ცნებას და ისინი არ ითვალისწინებდნენ ამა თუ იმ საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან,დარღვეული იყო ბალანსი პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის, რადგან უპირობო უპირატესობა პერსონალური მონაცემების დაცვას ენიჭებოდა.

2019 წლის 7 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) საკონსტიტუციო სარჩელები ,რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე მხარე ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ ნორმებს სადავოდ ხდიდა, დააკმაყოფილა.

მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები სასამართლო აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას გამორიცხავდა და მათ გასაჯაროებას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში უშვებდა, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების კი, მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე სრულად იკრძალებოდა.

„მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები იმ ტიპის ინფორმაციაა, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მასზე ხელმისაწვდომობა სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესის უზრუნველსაყოფად უაღრესად მნიშვნელოვანია.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით და პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა საჭირო გახდეს, თუმცა ამან საყოველთაო ხასიათი არ უნდა მიიღოს.

„სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს“, - განმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ და აღნიშნულის გათვალისწინებით აღნიშნა, რომ არსებული პრაქტიკა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და ის არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო ნორმები ძალადაკარგულად 2020 წლის პირველი მაისიდან გამოაცხადა და საქართველოს პარლამენტს საკითხის კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად მოსაწესრიგებლად ვადა მისცა.

ჯაბა ანანიძის შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ლავირების მექანიზმი მაინც დატოვა, ჯერ იმაზე საუბარი გააიოლებს თუ არა მისი გადაწყვეტილება მედიის მუშაობას, ნაადრევია და ის პრაქტიკაა მნიშვნელოვანი, რასაც სასამართლო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სამომავლოდ დაამკვიდრებს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, თავის დროზე, ხელისუფლებამ სასამართლოდან ინფორმაციის მიღება იმ მოტივით გაართულა, რომ მედიას პირველი იმ ჩინოსნების შესახებ არ მიეღო ინფორმაცია, რომლებიც ამათუიმ საქმეში ფიგურირებენ. მეორე, იმ პირების შესაძლო კრიმინალური წარსულის შესახებ ინფორმაცია არ გაჟონილიყო, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. ამიტომ, იგი ფიქრობს, რომ იმ სივრცით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, რომლითაც მან საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობის გადახედვის ვადა მისცა, ხელისუფლება კვლავ ეცდება, რომ რაიმე ფორმით არსებული მის სასარგებლოდ შეინარჩუნოს.

საგამოძიებო სტუდია მონიტორის ჟურნალისტის გიორგი მგელაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად, სასამართლო განაჩენებს, საზოგადოებისთვის მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია. რაც შეეხება ჩანაწერს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა, სასამართლომ პრიორიტეტი პერონალური ინფორმაციის დაცვას მიანიჭოს, მგელაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო იქვე აზუსტებს, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოს და საყოველთაო პრინციპად არ უნდა იქცეს, რაც ადრე პირიქით იყო.

მისივე თქმით, ერთადერთი ხარვეზი, რაც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში შეიძლება ამოვიკითხოთ, ეს მისი აღსრულების 2020 წლის პირველ მაისამდე გადადებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი იქნება პოლიტიკური ნება, პარლამენტს საკანონმდებლო ბაზის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოწესრიგება მანამდეც შეუძლია და 2020 წლის პირელი მაისი დროის ის მაქსიმუმია, როდესაც გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მოვიდეს.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ