"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა დაიწყო
09.09.2019

ახალმა ტელევიზიამ "მთავარმა არხმა", რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირეტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა,   9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე,  მაუწყებლობა მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. გამოშვებას "რუსთავი 2-ის" ყოფილი ტელესახეები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი უძღებიან. 


უკვე ცნობილია, რომ არხი მაუწყებლობას ხვალ დილიდანვე განაახლებს და ხვალიდან ეთერში ოთხი საინფორმაციო გამოშვება გავა. 

ასევე, როგორც არხის საინფორმაციოსამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ამბობს, ამავე კვირაში დაგეგმილია ორი პოლიტიკური ტოქშოუს, ნანუკასა და ვანოს შოუების, ასევე დილის გადაცემის დაწყება.

იხილეთ ამ თემაზე:  “მთავარი არხი” მაუწყებლობას იწყებს - რას ნახავს მაყურებელი მიმდინარე კვირაში

მთავარი არხის ნახვა უკვე შესაძლებელია ჩვეულებრივი ანტენით და ციფრული მიმღებით. მაგთის აბონენტებს არხის ნახვა შეუძლიათ 55-ე ღილაკზე, სილქნეტის აბონენტებს - 281-ზე, მაგთისატზე - 112, სახლის ანტენაზე კი ამ არხს 23-ე ღილაკზე ნახავთ. 

სხვა ადგილობრივი საკაბელო ქსელების შემთხვევაში კი დასახმარებლად  საკაბელო ქსელის ოპერატორს უნდა მიმართოთ. 



*****************

“მთავარი არხი” “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა მას შემდეგ, რაც არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა იგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამ ცვლილებას, 18 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უსწრებდა,  რომლის მიხედვით არხის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა.

ნიკა გვარამიას შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, “რუსთავი 2-დან” გაათავისუფლეს პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერი, ასევე გასართობი გადაცემების წამყვანები. ამ გათავისუფლებებს ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, არხი დატოვა “კურიერის” გუნდმა და საინფორმაციო გამოშვება ამ დრომდე ეთერში არ დაბრუნებულა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა ”მთავარი არხი”. მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა. მთავარ არხზე საინფორმაციო სამსახურს ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობს.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ