აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას ითხოვენ
30.09.2019
“აჭარის ტელევიზიამ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება”, - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას ითხოვენ. მათ დღეს, 30 სექტემბერს ბრიფინგი გამართეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

ჟურნალისტების მიმართვის ადრესატები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ მისიები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. მიმართვაში ისინი ამბობენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენიდან დღემდე, გუნდმა, რომელიც მონაწილეობს სარედაქციო პოლიტიკის შექმნაში, მოახერხა ძალების მობილიზება და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი პოლიტიკის შენარჩუნება, თუმცა, ეს იყო ურთულესი 6 თვე და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჟურნალისტთა კორპუსისთვის.

“ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა ხელისუფლების და მმართველი გუნდის წარმომადგენლების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ღია თავდასხმის და დისკრედიტაციის მცდელობის მოგერიება. დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ ხელმეორედ დაგვჭირდა საზოგადოების ნდობის მოპოვება. ახლა ვიმყოფებით განსხვავებულ ვითარებაში. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს”, - ვკითხულობთ მიმართვაში.


ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი შესაძლოა კონკრეტული შედეგით დასრულებულიყო. კონკურსის სასამართლოს ძალით შეჩერება კი მიზანმიმართულად მოხდა და ხელისუფლების მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას აქვს ადგილი:

“მრჩეველთა საბჭოს მიერ ჩატარებულ დირექტორის შესარჩევ სამივე კონკურსში იგრძნობოდა პოლიტიკური ძალების ინტერესი. მეოთხე კონკურსი შესაძლოა დასრულებულიყო შედეგით, რადგან მრჩეველთა საბჭოს წევრების ნაწილმა არ გამორიცხა დირექტორის არჩევის შესაძლებლობა. მისი შეჩერებით პროცესის დასრულებამდე მიყვანას ხელი შეუშალეს, ინსტრუმენტად, ჩვენი აზრით, სასამართლო ხელისუფლება გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბჭოს უმრავლესობას უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მრჩეველთა საბჭო კი, რომელშიც უმრავლესობა „ქართული ოცნების“ კვოტით შევა, ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ ქვეყნის ისტორიაში პირველად გააჩინა შანსი და იმის პრეცედენტი, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ატარებდეს საზოგადოების ინტერესებს. ჩვენთვის ეს არის დასაცავი ღირებულება”, - აღნიშნულია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდენენ დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს: “იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში”.

შეგახსენებთ, ხუთი თვეა აჭარის ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. კონკურსი, რომელზეც მრჩეველთა საბჭოს დირექტორი უნდა შეერჩია, სამჯერ ჩავარდა, მეოთხედ კი, განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მეოთხე კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის სარჩელის საფუძველზე მიიღო. გიორგი კოხრეიძე მიიჩნევს, რომ ის კონკურსის გამარჯვებულია.

მაუწყებლის ჟურნალისტების შიშებს, რომ ეს პროცესები მართულია, იზიარებენ მედიასფეროს ექსპერტებიც. მათი თქმით, ახლა მთავარია საზოგადოებამ არ შეწყვიტოს ბრძოლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასარჩენად.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ