ხუთი თვე დირექტორის გარეშე - რა ელის აჭარის ტელევიზიას
27.09.2019
ხუთი თვეა აჭარის ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. კონკურსი, რომელზეც მრჩეველთა საბჭოს დირექტორი უნდა შეერჩია, სამჯერ ჩავარდა, მეოთხედ კი, განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა. მაუწყებლის თანამშრომლები შიშობენ, რომ პროცესებში ხელისუფლების ხელი ურევია, სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვაზე ალაპარაკდნენ ჟურნალისტებიც, ამ შიშებს იზიარებენ მედიასფეროში მომუშავეებიც და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მაუწყებელს დააზარალებს.

როდის დადგება კვლავ დღის წესრიგში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შერჩევის საკითხი, ჯერ უცნობია. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. ამ უკანასკნელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდა მიმართოს.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ნატა იმედაიშვილის განცხადებით, სარჩელი მზადაა და სავარაუდოდ, ორშაბათს, 30 სექტემბერს მას სასამართლოში შეიტანენ. მრჩეველთა საბჭო ასაჩივრებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23 სექტემბრის განჩინებას კონკურსის შეჩერების შესახებ. ბათუმის სასამართლომ ეს განჩნება მაუწყებლის კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის, გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე გამოსცა.


ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, არის ის, რომ ახალი დირექტორის არჩევა, რა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს სასამართლომ, უკვე ახალ მრჩეველთა საბჭოს მოუწევს. აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დასრულდა, თუმცა, ვის სურს ბორდის წევრობა, აჭარის უმაღლესი საბჭო სიას არ ასაჯაროებს.

altსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ თავად კონკურსში არ მონაწილეობს და ახლო მომავალში აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის პოლიტიკური ჩარევის მცდელობებს, ჩაშლილ კონკურსებს და საზოგადოების რეაქციას საბჭოს მისამართით.

რას გულისხმობს პოლიტიკურ ჩარევებში, ნატა იმედაიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა, ყურადღებას ამახვილებს მეოთხე კონკურსის წინ სასამართლოს გამოჩენაზე და ასევე, კითხვებს უჩენს კონკურსებში მონაწილე ზოგი კანდიდატი: „რა თქმა უნდა ეს იყო, მცდელობები იყო ჩარევების, მაგრამ ზუსტად ვიცი რაც არ შეიძლება, არ შეიძლება რომ პოლიტიკური გავლენებით იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამას ავარიდეთ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ისე ვქენით, რომ აგვერიდებინა ეს სიტუაცია მაუწყებლისთვის, ამ საბჭომ, მე შეგნებულად გავაკეთე ეს და შესაძლებელია ვიღაცებმა შეუგნებლად. რა იქნება მომავალში ვერ გეტყვით, ერთი პროცენტი მაინც რომ ყოფილიყო იმის დაშვებულობა, რომ მე გავაგრძელებდი საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობას, მე შევეცდებოდი ამას, მაგრამ დღეს ისეთი სურათია, რომ საზოგადოება ვერ მიხვდა რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ესეც ჩვენი ნაკლია, ჩვენ ამ ბოლო დროს თითქმის არ ველაპარაკებოდით საზოგადოებას და აქედან გამომდინარე მოხდა ის, რომ საზოგადოება გაბრაზებულია ჩვენზე, მრჩეველთა საბჭოს თითოეული წევრის მიმართ აქვს აგრესია“.

ჩაშლილი კონკურსები


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დირექტორის გარეშე მიმდინარე წლის 19 აპრილიდან დარჩა. მას შემდეგ, რაც ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა გამოუცხადა და იმპიჩმენტის წესით გადაირჩია.



მას შემდეგ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად კონკურსი ოთხჯერ გამოცხადდა. სამ შემთხვევაში კონკურსი ჩაიშალა იმის გამო, რომ დირექტორობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, მეოთხე შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკურსი სასამართლომ შეაჩერა.

ვინ მონაწილეობდა მეოთხე კონკურსში უცნობია, რადგან სასამართლომ განჩინება ზუსტად განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე გამოსცა. წინა სამ კონკურსში ჯამში 15-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ბედი კონკურსში სამივეჯერ სცადეს. ასეთი 4 კანდიდატი იყო, 6-მა ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, 5-მა კი მხოლოდ ერთხელ.



საინტერესოა, რომ გიორგი კოხერიძემ, რომელმაც მესამე კონკურსის შედეგები გაასაჩივრა და ბორდისგან მის დირექტორად აღიარებას ითხოვს, პირველ ორ კონკურსში ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, მესამეში კი პროცესში მონაწილე სამი წევრიდან მას ორის ხმა ჰქონდა.




მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობა

 
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს, რომელიც ამავე დროს აჭარის მაუწყებლის კონსულტანტია, სხვა ბევრ დეტალთან ერთად ეჭვებს მრჩეველთა საბჭოს ამგვარი არათანმიმდევრულობა უჩენს: „თუ დააკვირდებით საბჭოს დამოკიდებულება როგორი იყო, ვის დაუჭირა მხარი, რაც კარგად ჩანს შედეგებში და ეს შედეგები ყველაზე კარგად აჩვენებს არა იმას, რომ კონკურსი არ იყო კონკურენტუნარიანი ან ადამიანები ეჭვის თვალით და სკეფსისით უყურებდნენ ამ პროცესს, არამედ თვითონ საბჭო არ იყო დარწმუნებული იმაში, რას აკეთებდა“.

alt


კითხვაზე, რატომ ჩავარდა კონკურსი სამჯერ, იყვნენ თუ არა ამ 15 კანდიდატს შორის, ისეთი განმცხადებლები, რომელზეც საბჭოს არჩევანის შეჩერება შეეძლო, ნატა იმედაიშვილი გვპასუხობს, რომ შესაფერისი კადრები ამ კონკურსებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ, თუმცა სამწუხაროდ, საბჭოს წევრებს შორის კონსესუსი არ შედგა.

„რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ორი აძლევდა ხმას და შეიძლებოდა მესამე ხმა ჩვენს სასარგებლოდ წამოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები იყო მიგვეღწია შეთანხმებისთვის, გარე პირებთან კომპრომისზე ვერ წავიდოდით, შიგნით სამ წევრთან იყო მოლაპარაკება, თუმცა, ყოველთვის ირეოდა. მე ვამბობდი, რომ თუ იქნება თქვენს კანდიდატზე ორი ხმა, მე წამოვალ თქვენ მხარეს, მაგრამ ასეთი შედეგი არ დადგა“, - ამბობს ნატა იმედაიშვილი და საბჭოს წევრების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, - „ძალიან მინდოდა, რომ აგვერჩია დირექტორი, აგვეღო ეს პასუხისმგებლობა. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ დღეს, რომ ამ პასუხისმგებლობით უნდა მოგვეკიდა ამ კონკურსისთვის ხელი. მე დღეს მგონია, რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო საკუთარ თავზე მრჩეველთა საბჭომ. თუმცა, გარკვეულწილად გადაწყვეტილება, რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მოხდა, ეს იყო თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა“.

რა გამოწვევების წინაშე დგას მაუწყებელი


alt„შორს ვარ შეთქმულების თეორიებისგან, მაგრამ ამდენი დამთხვევის და შემთხვევითობის არ მჯერა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ხალხი ფლობდეს ტრიბუნას და ეს ყველაფერი არ დასრულდეს დემოკრატიის მარცხით, ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის გარშემო მიმდინარე პროცესს”, - ეს სიტყვები მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ზოიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე სოციალურ ქსელში დაწერა. ნათია ზოიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ პირველ მცდელობაზე მონაწილეობდა და ერთი ხმა მიიღო. მისი სტატუსით კი გაირკვა, რომ მონაწილეობას ამჯერადაც აპირებდა.

ამდენი შემთხვევითობის არც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მედიის პროგრამის მენეჯერს ხატია ჯინჯიხაძეს სჯერა. მისი აზრით, ძალიან ცხადია, რომ მთელი ეს პროცესები, დაწყებული ნათია კაპანაძის სრულიად დაუსაბუთებელი იმპიჩმენტიდან, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა: “ცხადია, რომ ხელისუფლება ჰყავს თავისი რჩეული კანდიდატი, კონკურსების გზით ვერ შეძლო და ვერ გაიყვანა, იმიტომ რომ ბორდში არიან ადამიანები, რომლებიც ამას ხელს არ აწერენ და ახლა ცდილობს სასამართლოს გზით გააკეთოს ეს - ამოეწუროს ვადა ამ ბორდს, დაელოდონ ახალი საბჭოს არჩევას, რომელშიც იქნებიან ხელისუფლებისადმი ლოიალური წევრები და მარტივად აირჩევენ სასურველ კანდიდატს”.

altაჭარის ტელევიზიაში მიმდინარე საშიშ პროცესებსა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე უკვე მაუწყებლის ჟურნალისტებიც ალაპარაკადნენ.

„ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს მაუწყებლის დაკარგვის დიდი საფრთხე და საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა, უნდა დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ინსტიტუტი და არა ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, რა იქნება მაუწყებელში, ან თვალები გავახილოთ, დავინახოთ, რომ ვკარგავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე ვერ მიკარნახებს, რა გავაკეთო, მაგრამ აქ რომ დავრჩეთ, ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება გარედან”, - ამბობს რადიო “თავისუფლებასთან” აჭარის ტელევიზიის ონლაინსამსახურის უფროსი სოფო ჟღენტი.

საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე კი ამავე გამოცემასთან საუბარში იმ სიგნალებსა და მესიჯებს იხსენებს, რაც ბოლო პერიოდში მაუწყებლის მისამართით საჯარო პირებისგან ისმოდა და ამბობს, რომ “მოვლენათა ასეთი განვითრება არ არის უბრალოდ დამთხვევა”.

ამ შიშებს იზიარებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.  ქარტიის საბჭო განცხადებაში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელა, საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლსა და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელობაზე საუბრობს და უთითებს, რომ ამ მიუკერძოებლობის შენარჩუნება უნდა იყოს უპირველესი ამოცანა როგორც მრჩეველთა საბჭოსთვის, ისე ყველა იმ პირისთვის, ვისაც პირდაპირ, თუ ირიბად ზეგავლენა აქვს პროცესზე.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველა ქმედებას და გაიაზროს ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, საბოლოოდ კი აუდიტორიას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

altმთელი ეს პროცესები, ის გაურკვევლობა, რაც ტელევიზიის ირგვლივ არსებობს აპრილის შემდეგ, პირველ რიგში მაუწყებლის დამაზიანებლად მიაჩნია ზვიად ქორიძესაც. მისი თქმით, მაუწყებელს აქვს სერიოზული წარმატებები, რაც არაერთ საერთაშორისო ანგარიშშია აღიარებული, გაიზარდა მისი აუდიტორიის რაოდენობა, მოქმედი ხელმძღვანელის პირობებში ტელევიზია ამ პროგრესს კი ინარჩუნებს, მაგრამ, ის, რომ ტელევიზიას არ ჰყავს არჩეული დირექტორი, მის განვითარებას მაინც აფერხებს.

ზვიად ქორიძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიის განვითარების, სანდოობისა და აღმავლობის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი წელი შეფერხდა: „რა შეიძლებოდა გაკეთებინა დირექტორს და რა უშლის ხელს მოვალეობის შემსრულებელს? აქ შეიძლება ვარაუდები დაუშვა, რომ როდესაც ხარ სტაბილურად არჩეული დირექტორად და იცი ამ დირექტორობის პერიოდში რას აკეთებ, რას გეგმავ და იცი რის შემდეგ რა იქნება, იქ უფრო თავისუფლად მოქმედებ. რა თქმა უნდა, მეტად შეზღუდულია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, როდესაც თუნდაც ტაქტიკურ, არა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომაც, დღეს რომ ნათია ზოიძეს ჰქონდეს მანდატი, რომ ის არის დირექტორი, ის უფრო თამამი იქნებოდა თავის გადაწყვეტილებებში, რა ტიპის პროგრამები და როგორ შემოიტანოს ბაზარზე“.

altზვიად ქორიძეს ეთანხმება “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი და ამბობს, რომ რეალურად საქმე გვაქვს დაგეგმილ, გრძელვადიან პროცესთან, რომლის მიზანი მაუწყებლის პროგრესის შეჩერებაა: „პროგრესი რომ ხდებოდა, ეს არის შეფასებული არაერთ საერთაშორისო ანგარიშში, ძალიან ბევრი ავტორიტეტული ანგარიში, აბსოლუტურად დამოუკიდებელი აქტორების მხრიდან იდებოდა და ჩვენ გვიხაროდა ეს პროგრესი. ბევრი რამ იყო კიდევ გამოსასწორებელი, ესეც ეწერა იმ ანგარიშებში, მაგრამ ვხედავდით ფეხდაფეხ ამ მაუწყებლის გაჯანსაღებას და ეს იყო მაგალითი და რჩება ჯერჯერობით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ არის პოლიტიკური ნება, შეიძლება გამოვიდეს“.

მაგრამ პოლიტიკური ნება რომ შეწყდა, ეს ნათია კუპრაშვილის თქმით, მთავარი პრობლემაა და ეს კარგად გამოჩნდა, ჯერ კიდევ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტში: „მოაწყეს საჩვენებელი დასჯა, რომ ისეთი დირექტორობა, როგორსაც ნათია კაპანაძე ახორციელებდა, არ შეიძლებოდა”.

რა არის გამოსავალი

მიუხედავად მთელი ამ პროცესებისა, ზვიად ქორიძის აზრით, საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასარჩენად: “საჭიროდ და აუცილებლად მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სწორად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ღირებულებითი თვალსაზრისით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ქვეყანაში ნორმალური პლურალისტული გარემოს შექმნისთვის კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი, აუცილებლად მიიღონ კონკურსებში მონაწილეობა”.

ტელევიზიის გადარჩენაში საზოგადოების როლზე საუბრობს ნათია კუპრაშვილიც: “ოპტიმიზმი და გამოსავალი არსებობს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეში. მგონია, რომ ამ ქვეყანაში ეს საზოგადოება მაინც ძლიერია და ცდილობს წინააღმდეგობას. იმედი მაქვს, რომ ძლიერი ადამიანები, ვისაც ედარდება თავისი ქვეყანა და რეგიონი, მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობას და მერე უკვე სამოქალაქო საზოგადოება იქნება ძლიერი მათ მხარდაჭერაში, რომ ვერავინ გაბედოს მორჩილი და კონფორმიზმისკენ მიდრეკილი დირექტორების დანიშვნა”.

altსაზოგადოების მხარდაჭერის გარდა, მაუწყებელში მომუშავე ჟურნალისტების როლზე ამახვილებს ყურადღებას ხატია ჯინჯიხაძე.

“ვიცით, რომ ხელისუფლებებს აქვთ ასეთი მცდელობები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენის უფლებას მივცემთ ჩვენ, როგორც საზოგადოება”, - ამბობს იგი და აქვე ამატებს, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის დროს ძალიან ცოტა ადამიანმა გაბედა მისი დაცვა და შემდგომ მათ ძალიან ინანაეს ეს ამბავი, დღეს კი დუმილის დრო არ არის, - “აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ ხმამაღლა ლაპარაკი იმაზე, რა ხდება მაუწყებელში, საჭიროა საუბარი და თან საუბარი არა ქარაგმებით, არამედ პირდაპირ. ვიცით ფაქტები და ჟუნალისტებმა და კიდევ უფრო მეტი იციან. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და საზოგადოებამ დაიცვას ის, რაც ეკუთვნის მას. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში ეს ვერ მოხდა, მაგრამ არხის დამოუკიდებლობა შენარჩუნდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლა უნდა მოხდეს ამ დამოუკიდებლობის დაცვა. ვერ ვხედავ ამას, როგორც გამოუვალ მდგომარეობას, პირიქით, მგონია რომ საუკეთესო გამოსავალი ახლა არის და ხშირად გვინახავს, როგორ დაუხევია ხელისუფლებას საზოგადოებრივი აზრის სიმტკიცის გამო”.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

საჯარო ინტერესი არ ამართლებს ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას - NGO-ები მედიას
“თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები”, - 14 არასამთავრობო ორგანიზაცია 9 აგვისტოს “მთავარ არხზე” გადაცემა „მთავარ აქცენტებში გასულ ინტერვიუს და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემურ გაშუქებას გამოეხმაურა.

“მთავარ აქცენტებში” წამყვანს, ნიკა გვარამიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გადაცემაში წამყვანის მიერ დასმული კითხვები ეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის, ხოლო მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

“მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ”, - აცხადებენ ორგანიზაციები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე, მიუღებლად მიიჩნევენ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადებით, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს.

“პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  3. კავშირი საფარი;
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  5. თანასწორობის მოძრაობა;
  6. უფლებები საქართველო;
  7. ღია საზოგადოების ფონდი;
  8. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  9. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  10. მედიაკლუბი;
  11. სატელევიზიო ქსელი;
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  13. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  ჟურნალისტების გამოკითხვაზე  გახშირებული დაბარება თვითცენზურის საფრთხეს შეიცავს - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება ეწინააღმდეგება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს და ხელს უშლის მედიის საქმიანობას.

ორგანიზაცია ქრონოლოგიურად ისხენებს ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლების სამართალდამცავ უწყებებში დაბარების ფაქტებს.

TI-ს განცხადებით, 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით, ბაჩალიაშვილმა, რომელიც პროგრამისტი იყო, გახსნა საიდუმლო ფაილები, სადაც სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატები ინახებოდა. ჟურნალისტთან საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა, მათ შორის, ამ სიუჟეტში გასული დეტალების წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით.

იმავე მოტივით დაიბარეს გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მომზადებული მასალის გამო. არხისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შაქარაშვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ ავთანდილ ბილანიშვილი მონაწილეობდა, რომელიც არხის ინფორმაციით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობელია.

ასევე, „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები - ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. კითხვები ინფორმაციის წყაროს შესახებ ამ შემთხვევაშიც დაისვა. სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის მიერ გაბუნიას განზრახ შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს.

"უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო უწყებებში დაბარებულ არც ერთ ჟურნალისტს წყაროს ვინაობა არ გაუთქვამს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს.

"სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს. შედეგად მედიის წარმომადგენლებმა შესაძლოა სამომავლოდ თავი აარიდონ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მეორე მხრივ, წყაროს იდენტიფიცირების მიმართ გამოძიების მომეტებული ინტერესი საშიშროებასც აჩენს, რომ წყაროებმა სამომავლოდ ჟურნალისტებთან აღარ ითანამშრომლონ და არ მიაწოდონ ინფორმაცია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება.
რა პოზიციებზე ბრუნდებიან აჭარის TV-ში ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე
აჭარის TV-დან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი დაბრუნებას დათანხმდა. 3-დან ორი ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში განსხვავებულ პოზიციებზე ბრუნდებიან. ორივე მათგანი მმართველობით რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი რეჟისორად გადაიყვანეს. გათავისუფლებამდე გურბანიძე გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, მურვანიძე კი შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი იყო. მემონტაჟე გუგა ქადიძის პოზიცია უცვლელია.

მენეჯმენტის შეთავაზებებს გათავისუფლებულები გუშინ, 5 აგვისტოს, საღამოს დასთანხმდნენ. ბაჩ გურაბანიძეც და გიორგი მურვანიძეც ამბობენ, რომ მათი დაბრუნება მაუწყებლის თანამშრომელთა ერთიანობის შედეგია.

„მე გავითვალისწინე ჩემი 230 თანამშრომლის უდიდესი მხარდაჭერა, გვერდში დგომა და ბრძოლა ჩვენს დასაბრუნებლად , ოჯახის, მეგობრების, ნაცნობების გულშემატკივრობა და ყოველდღიური ნერვიულობა, სტრესი, შედეგად ჩვენ დავბრუნდით მაუწყებელში!!! იმიტომ, რომ იქ ბევრს აქვს ჩვენი იმედი და გველოდებიან, იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაშიც სხვაც ისევე დავიცვათ , როგორც ჩვენ გვიცავდნენ.

მე ტელევიზიიდან მენეჯმენტმა გამიშვა და 230 -მა ადამიანმა დამაბრუნა, ჩემი სურვილით არც წავსულვარ და არც ვბრუნდები“, - დაწერა ბაჩო გურაბანიძემ სოციალურ ქსელში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.



ბაჩო გურაბანიძის მსგავსად, გიორგი მურვანიძეც ამბობს, რომ მათი დაბრუნებით ტელევიზიაში ბრძოლა გრძელდება.

„ჩვენ გარიგებაში არავისთან შევსულვართ. არ გეგონოთ ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიაში შავ-თეთრი ფერები გაფერადდა... ბრძოლა გრძელდება ! ! ! გადაცემა #ჰეშთეგი და მისი გუნდი ეთერში უნდა დარჩეს... მინიმუმ ამისთვის ღირს სამსახურში დაბრუნება... თუ მხარს მიჭერთ, თუ გიყვარვართ მაშინ აი ამ გადაცემას და ამ გადაცემაში მომუშავე ადამიანებს სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ. მათ თუ პრობლემა შეექმნებათ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო. ფუჭი იყო აბსოლუტურად ყველაფერი. მე ისევ გამაგდებენ. მაპატიეთ მაგრამ ამას თუ დავუშვებთ, მაშინ არაფერი ვყოფილვართ. მაშინ მართლა გასაგდები ვარ ! ! ! ვიყოთ მეტად სოლიდარულები. ეს არის გამოსავალი. ეს არის გამარჯვების ფორმულა“, - დაწერა გიორგი მურვანიძემ ასევე სოციალურ ქსელში.



ინფორმაცია, სამი გათავისუფლებული თანამშრომლისთვის დაბრუნების შეთავაზების შესახებ, 4 აგვისტოს გავრცელდა. აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა მენეჯმენტის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიულ პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის მენეჯმენტი სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას გაურბის.

„მენეჯმენტმა სრულიად უგულებელყო 230 ადამიანის მხარდამჭერი პოზიცია და 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენის მოტივად მათი სამსახურეობრივი დამსახურებები დაასახელა. ბუნებრივია, მათი დამსახურებები და ორგანიზაციისთვის გაღებული შრომა ყველასთვის ხილულია; თუმცა, გვრჩება განცდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის აღიარებას. უფრო მეტიც, ის ცდილობს - მაუწყებელში არსებული მტრული, არაჯანსაღი და ძალადობრივი შრომითი გარემო შენიღბოს ამგვარი „დათმობებით“, - წერია განცხადებაში, რომელიც პროფკავშირებმა გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა შეთავაზებები მიიღეს და ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ალტერნატიული პროფკავშირი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ძალადობრივი და დევნა-ძალაუფლებაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაზე სრულ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას აკისრებს. მათი განცხადებით, სამსახურში გათავისუფლებული პირების დაბრუნება არის აქ დასაქმებული ადამიანების ერთობლივი გამარჯვება უთანასწორობისა და იმ მავნებლური პოლიტიკის წინაშე, რასაც მოქმედი მენეჯმენტი ატარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე მაუწყებელში სახეცვლილი უფლება-მოვალეობებით დაბრუნდნენ და მათ სრულად ჩამოშორდათ სარედაქციო პოლიტიკაში მონაწილეობა-ჩართვის კომპონენტები, ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად გრძელდება უფრო მეტი წინააღმდეგობისა და ცვლილებების მუხტით.

მსგავსი პრეცედენტი ნათლად აჩვენებს იმას, რომ დასაქმებული ადამიანების სოლიდარობა ერთ-ერთი გავლენიანი ბერკეტია უსამართლო გადაწყვეტილებების პირისპირ. ვრჩებით სხვა გათავისუფლებული და უფლებაშელახული პირების სოლიდალურნი და ვაგრძელებთ ღირსეულ ბრძოლას მათი უფლებების აღსადგენად“, - წერს ალტერნატიული პროფკავშირი.

***

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს.
აჭარის TV-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა გათავისუფლებული 3 თანამშრომელი არხზე დააბრუნოს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სამსახურში დააბრუნოს სამი გათავისუფლებული თანამშრომელი: ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე, რომელთა გათავისუფლებასაც საპროტესტო აქცია და ასევე, მათი დაბრუნების მოთხოვნით, 230 თანამშრომლის მოთხოვნა მოჰყვა. კონკრეტულად რა პოზიციაზე აბრუნებენ  ყოფილ თანამშრომლებს, იმ განცხადებიდან რაც გამოქვეყნდა, ძნელად ირკვევა, ამ დრომდე ასევე უცნობია დასთანხმდებიან თუ არა მენეჯმენტის შეთავაზებას გათავისუფლებული თანამშრომლები. ეს იმ ხელშეკრულების პირობებზეა დამოკიდებული, რომელიც მათ ხვალ უნდა მიიღონ, ამ დრომდე არცერთ მათგანს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. 

ინფორმაცია მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, დღეს, 4 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. მაუწყებელმა ადმინისტრაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".

რა პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ გათვისუფლებულ თანამშრომლებს, ტექსტში ბუნდოვანია: 
 
"მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ "ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან".


"მედიაჩეკერი" შეეცადა მაუწყებლის საკადრო სამსახურში გადაემოწმებინა რას გულისხმობს განცხადება, რა პოზიციებზე ბრუნდებიან გათავისუფლებული თანამშრომლები, თუმცა, ემზარ პაქსაძის, აჭარის ტელევიზიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელის მობილური ტელეფონი გამორთულია. დეტალების დაზასუტებლად კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც (იმ მოტივით, რომ ეს თანამშრომლები მას არ ექვემდებარებიან) და იურიდიული სამსახურის უფროსმაც მასთან გადაგვამისამართა. 

სამსახურიდან გათავისუფლებულმა გიორგი მურვანიძემ "მედიაჩეკერთან" განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლია, არის მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და მისი პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. 

ასევე ხვალ გადაწყვეტს დასთანხმდება თუ არა შეთავაზებას, ბაჩო გურაბანიძე. 

"ჯერჯერობით საბოლოო ვერსია ხელშეკრულების, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო, არ მინახავს, ამ წუთში ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. იყო ზეპირი საუბარი, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცებზე ვერა. ხვალ, როცა ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას ვნახავ, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ხვალ დილით იქნება ხელშეკრულება მზად, კარგად გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ "მედიაჩეკერთან".  

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს.

3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში,  230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება მოითხოვეს. 

წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა
წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, დღეს დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა და “დღის ამბების” გამოშვება წაიყვანა. ტრაპაიძის მაუწყებელში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 ივლისს გავრცელდა.

დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი” 15 ივნისს დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. მაუწყებლიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერდა დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძის განცხადებას წინ უსწრებდა ტელეწამყვანების - ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდის “ტვ პირველიდან” წამოსვლა. ტელეკომპანიაში ეს ცვლილებები დროში დაემთხვა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლას.