ჰაკერული შეტევა მედიასაშუალებებზე
28.10.2019

“ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს.  ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!” - ტელეკომპანია “იმედზე”, “მაესტროსა” და “GDS-ზე”,  სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა.  ამის შესახებ “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

altმისივე თქმით, 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის შიდა ქსელი, რის გამოც მაუწყებელი თბილისიდან და რეგიონებიდან მასალებს ვერ იღებდა.   

imedinews.ge-ს ინფორმაციით,  "იმედში" ძვირადღირებული ტექნიკა დაზიანდა. 

„ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ", - განაცხადა imedinews.ge-სთან ტელეკომპანიის იურისტმა ანდრო ლაშხმა.

ტელევიზიების გარდა, 28 ოქტომბერს,  ტექნიკური პრობლემა შეექმნა სხვა მედიასაშუალებებსაც, მათ შორის:

  • ტაბულა
  • გურიის მოამბე
  • თრიალეთი
  • საქინფორმი
  •  parvana.ge
  • mediacentri.ge
  • zugdidelebi.ge
  • topnews.com.ge
  • tv 25
  • firstnews.ge
  • გაზეთი აჭარა
  • სამხრეთის კარიბჭე
  • tvpirveli.ge
  • civil.ge
  • okribanews.ge
  • jnews.ge
  • nor.ge

ამ   საიტების  გარდა, დაჰაკულია სხვა ათასობით სამთავრობო და არასამთავრობო ვებგვერდი. საიტების გახსნისას მათზე ჩნდება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო  ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).

alt

 ვებგვერდების უმრავლესობა, რომლებზეც კიბერშეტევა განხორციელდა, კომპანია “პროსერვისის” სერვერზეა განთავსებული. კომპანიაში “მედიაჩეკერს” განუცხადეს, რომ პრობლემაზე მუშაობენ და ამ დროისთვის (16:30სთ) კომენტარს ვერ გააკეთებენ. ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით კი, “პროსერვისის” სერვერებზე თავდასხმა ამ დრომდე მიმდინარეობს და კომპანიაში ამ წუთებშიც შეტევას იგერიებენ.

ვებგვერდების დაჰაკვაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286 მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემების და/ან კონპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

[მასალას პერიოდულად ემატება იმ მედიების ჩამონათვალი, რომლებსაც დღის განმავლობაში ასევე ექმნებათ ტექნიკური პრობლემები]


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ