შეფერხება 'მთავარ არხზე' - საეთეროს გათიშვის გამო 18:00 საათიანი გამოშვება დაგვიანებით დაიწყო
13.11.2019

13 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების წინ, ტელეკომპანია "მთავარ არხში" საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო გაეთიშათ. 

"დაუდგენელი მიზეზების გამო, გაითიშა მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო, რის გამოც ვერ ვახერხებთ ახალი ამბების გამოშვებების ეთერში გაშვებას.  ტექნიკური სამსახური ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას", - განაცხადეს ტელეკომპანიაში.

როგორც "მთავარის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ "მედიაჩეკერს" განუცხადა, რომ მომხდარის გამო სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ: "ჩვენი მიზანია რომ ეთერში გავიდეთ, რადგან მთელი 20 წუთია 18:00 საათიანი გამოშვება ვერ გადის. ტექნიკური სამსახური მუშაობს და რამდენიმე წუთში ალბათ აღვადგენთ [მაუწყებლობას]". 

ნოდარ მელაძესთან საუბრიდან რამდენიმე წუთში, "მთავარზე" ეთერი ჩაირთო და საინფორმაციო გამოშვებაც გავიდა.  ამ ეტაპზე უცნობია რა პრობლემასა შეეძლო ამ ტექნიკური ხარვეზის გამოწვევა. კითხვაზე, ხომ არ უკავშირებენ მომხდარს კიბერ თავდასხმას, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ახლა რაიმეს თქმა უჭირთ: "არ ვიცით, გათიშულია მთლიანი საეთერო და არა მხოლოდ კომპიუტერები". 

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს, ათობით მედიაზე კიბერთავდასხმა მოხდა.   საიტების გახსნისას მათზე ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით - “მე დავბრუნდები” (“I’ll be back”).  ტექნიკური პრობლემა შეექმნა ტელეკომპანიებს “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-საც”.

“იმედსა” და “მაესტროზე”,  2-3 ნოემბერს, კიბერთავდასხმა მეორედ განხორციელდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეორე შეტევა ბევრად უფრო მძიმე იყო, ვიდრე პირველი.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი; ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ