"ნუ ჩაერევი" - აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დირექტორის წინააღმდეგ
04.12.2019

“ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია”, - ამ მოთხოვნით დღეს, 4 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა ტელევიზიის წინ აქცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს.

ჟურნალისტებმა დირექტორის გიორგი კოხრეიძის ბრალდებები და დამოკიდებულება გააპროტესტეს და მოუწოდეს არ ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო საქმიანობაში.

"ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე. 22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. პირველი, რაც ახალმა დირექტორმა გააკეთა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციაო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა

ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა. გვითხრა რომ ვართ მიკერძოებულები, არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს”, - ვკითხულობთ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული განცხადებით ჟურნალისტებმა მიმართეს იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს. ჟურნალისტებმა მათ სთხოვეს, რომ გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე.


მაუწყებლის თანამშრომლებმა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევამდეც არაერთხელ გაანცხადეს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრებოდა. ასევე, შეგახსენებთ, რომ გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონსულტანტის პოზიცია მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ დატოვეს.



მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორი აირჩიეს, თანამშრომლები, რომლებსაც სარედაქციო პოლიტიკის ხელყოფის შიშები ადრეც ჰქონდათ, ამ საფრთხეებზე ახლა უკვე ღიად და ინტენსიურად ალაპარაკდნენ. 

"ცენზურის სუნი მცემს", - დაწერა ფეისბუქზე 3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა თეონა ბაკურიძემ. ის იყო პირველი, რომელსაც ეთერში ახალარჩეული დირექტორი ხმამაღალი ტონით ელაპარაკა და უთხრა, რომ უწუნებდა კრიტიკულ ტონს. 

 

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ორი დღეა მაუწყებელში შეხვედრებს მართავენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები - დირექტორი გიორგი მგელაძე და საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი. ისინი უკვე შეხვდნენ არხის ჟურნალისტებსა და ბორდის წევრებს, დღეს კი შეხვედრა დირექტორთან არის ჩანიშნული. 

"აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია" - ამ გზავნილით 2 დეკემბერს განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

"მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა", - ნათქვამია განცხადებაში. აქვე, ორგანიზაცია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ