აჭარის ტელევიზიის ბორდმა საშტატო განრიგის ცვლილება დაამტკიცა
19.02.2020
3 ხმით 2-ის წინააღმდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას, რომლის თანახმად, მაუწყებელში  ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე მოადგილეების შტატი გაუქმდა.  საშტატო განრიგის ცვლილებას დაეთანხმნენ ბორდის თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი და წევრები: სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, თამარ წილოსანმა და გია ქარცივაძემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. 

ამ გადაწყვეტილებით, გაუქმდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის შტატი, რომელიც ახალი დირექტორის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა და რომელიც დიდი ხანია საუბრობს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეებზე. იგი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. 

მაია მერკვილაძის შტატის გარდა, ცვლილება შეეხო  შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს. 

გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვლიდან შევა. 

⇒   ხმაური მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე და ტელევიზიის შენობასთან


მრჩეველთა საბჭოს სხდომა დილიდან ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე დაიწყო.  სხდომაზე სიტყვით გამოსვლა სურდა მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენელს, მალხაზ რეხვიაშვილს.  იგი ამბობდა, რომ საშტატო განრიგში ცვლილებების საკითხი დღეს დღის წესრიგში არ უნდა ყოფილიყო, რადგან  დოკუმენტი იყო ხარვეზიანი.  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი მას ეუბნებოდა, რომ ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებაში  და სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა. 


 



პარალელურად, დილიდან ხმაური იყო შენობის გარეთაც. მაუწყებლის მიმდებარედ დილით ორი ალტერნატიული აქცია მიმადინარეობდა.  ონლაინგამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქციას მართავდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“ და, ასევე, შენობის წინ იდგნენ ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აჭარის ტელევიზია მიკერძოებულია. „ბათუმელებს“ მათ უთხრეს, რომ ურეკავდნენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, სურდათ მადლობის გადახდა მთავრობისთვის, თუმცა ჟურნალისტები არ მივიდნენ. მათ ასევე დაასახელეს კიდევ ერთი მაგალითი, როცა „ოცნების ქალაქში“ იყო პრობლემა, თუმცა ჟურნალისტები არ მისულან.


⇒   მაია მერკვილაძე:  არც ბორდი და არც მენეჯმენტი საკითხის განსახილველად მზად არ არის

მას შემდეგ რაც ბორდის წინაშე მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე წარსდგა და საშტატო განრიგის ცვლილებებზე ისაუბრა, მაია მერკვილაძემ სიტყვა ითხოვა და  საკითხის განხილვის გადადებაზე ისაუბრა. 
მან განაცხადა, რომ ამ დრომდე ვერ  მოისმინა არგუმენტირებული დასაბუთება, რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება. გარდა ამისა, სხდომაზე მაია მერკვილაძემ თქვა, რომ ცვლილებები ისე მომზადდა, რომ პროცესში ჩართულნი არ ყოფილან მაუწყებლის იურიდიული და საკადრო სამსახურები, იმ სამსახურების უფროსებს კი, რომელთაც მოადგილეებსაც ეხებათ საკადრო ცვლილება, დირექტორმა ცვლილების შესახბ მხოლოდ აცნობა და უთხრა, რომ ვალდებული არ იყო რამე აეხსნა.

"მე ვერ ვხედავ აქ ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსს, ასევე საკადრო განვითარების სამსახურის უფროსს, რომლის უშუალო ფუნქციაში შედის კარგად შეისწავლოსა და დაასაბუთოს ეს ცვლილება, რომელიც ეხება კონკრეტულ თანამდებობას და თანამშრომლებს. მე როგორც ვიცი, ეს ადამიანები არც იყვნენ საქმის კურსში და მე ეს დავაზუსტე გუშინ. აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან გვიან გაიგეს ამის შესახებ", - განაცხადა მაია მერკვილაძემ და თქვა, რომ რეალურად ეს არის დირექტორისა და მისი თანაშემწის ფარული გადაწყვეტილება და საკითხი ასე არ უნდა წყდებოდეს.  

მაია მერკვილძემ პროცესში იურიდიული და საკადრო სამსახურების ჩართვა და საკთხის კარგად მომზადების შემდეგ განხილვა ითხოვა. 

პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვას დაუჭირა მხარი მრჩეველთა საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმაც. მან განაცხადა, რომ ამ საკითხზე მომზადებული განმარტებითი ბარათი მოუმზადებელი და არასრულყოფილია და კოლეგებს მოუწოდა, ამ ფორმით არ მიეღოთ ეს ცვლილება. 

მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, ბორდმა საკითხი დღევანდელ სხდომაზე მაინც გაიტანა კენჭისყრაზე. 


***** 
 
მრჩეველთა საბჭოს სხდომა აჭარის ტელევიზიაში დღეს, 19 თებერვალს დილიდან მიმდინარეობდა. საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე მრჩეველთა საბჭოს დირექტორმა რამდენიმე დღის წინ მიმართა.  დირექტორის ინიციატივას ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის წინააღმდეგობა მოჰყვა, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ტელევიზიიდან არასასურველი ადამიანების დევნა. 

ტელევიზიის მხარდასაჭერად, ორი დღის განმავლობაში, 16 და 17 თებერვალს აქციები გაიმართა ბათუმში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე დღეს, 19 თებერვალს გავრცელდა საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ