‘არ ვაპირებ ბრძოლის შეჩერებას’- მაია მერკვილაძე დირექტორის შეთავაზებას დათანხმდა
25.02.2020
აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გათავისუფების შემდეგ, მაია მერკვილაძე მზადაა მიიღოს დირექტორის შეთავაზება. იგი თანხმდება იყო რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი და ახალი ტოქშოუს პროდიუსერი. მერკვილაძე ამბობს, რომ მისი მაუწყებელში დარჩენა მნიშვნელოვანია იმ ბრძოლის გასაგრძელებლად, რომელიც წამოიწყეს და მის სამსახურეობრივ პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.

“ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში, მე და ჩემი კოლეგები, არ ვაპირებ ბრძოლის შეჩერებას. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩემი აქ ყოფნა არის მნიშვნელოვანი, რა პოზიციაც არ უნდა იყოს ის, ამ ბრძოლაში მე ვიქნები მათ გვერდით. პარალელურად გავაგრძელებ საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის ყველაფრის გაკეთებას, რა პოზიციაზეც არ უნდა ვიყო, ეს მე ხელს ვერ შემიშლის”, - ამბობს იგი “მედიაჩეკერთან” საუბარში.

ამ ცვლილების მიუხედავად, მაუწყებლის თანამშრომლები კოლექტიური გაფიცვისთვის მზადებას აგრძელებენ.

“უკვე შევთანხმდით, რომ ეს იქნება რადიკალური ნაბიჯები, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულები და აქამდე ვცდილობდით დაგვეცვა ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გათვლილი და არ დააზიანებს აქ დასაქმებულთა უფლებებს. და, ასევე, არ დააზიანებს საზოგადოებას, რომელიც ჩვენ გვიხდის თანხას იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა”,- გვეუბნება მაია მერკვილაძე.

მისი თქმით, დღეს კომიტეტი, იურისტების დახმარებით, საგაფიცვო მოთხოვნებს დაამუშავებს, შემდეგ აცნობებენ დირექციას და მოთხოვნებს დააყენებენ: “მედიაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, გაფიცვა იქნება ისეთი, როგორიც ყველგან ხდება ხოლმე, შევაჩერებთ მუშაობას”.

მაია მერკვილაძე ასევე ამბობს, რომ აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას გაუქმებული შტატებისთვის. 

შეგახსენებთ, 24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციაზე ნინო ხაჟომიამ ჩაანაცვლა. საინფორმაციო სამსახურის რედაქტორობიდან გათავისუფლებამდე, 19 თებერვალს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგის ცვლილებას და მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გააუქმა.

იმავე დღეს, კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს და აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენები საგანგაშოდ და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის დამაზიანებლად შეაფასეს.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ, არხი რამდენიმე ადამიანმა დატოვა. ახალ დირექტორთან მუშობაზე თავად თქვეს უარი დირექტორის მრჩევლებმა ზვიად ქორიძემ და მარინა ვაშაყმაძემ. 2020 წლის იანვრიდან კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს ახალი ამბების პროდიუსერს ნათია შავაძეს. თებერვლიდან კი არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ ნათია ზოიძემ, რომელიც მაუწყებელს თითქმის 10 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას ჩამოაშორა.

ამ ეტაპამდე ამ ცვილებების ბოლო ეტაპი იყო გასულ კვირას მაუწყებელში ოთხი პოზიციის გაუქმება, - 19 თებერვალს, 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა საშტატო განრიგის ცვლილებას, რომლის თანახმად გაუქმდა ოთხი შტატი, მაია მერკვილაძის, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე ცვლილება შეეხო შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ