ნინო ხაჟომია აჭარის ტელევიზიაში მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციას ტოვებს
28.02.2020

დანიშვნიდან ოთხ დღეში აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების უფროსმა ნინო ხაჟომიამ, პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული პოზიცია დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.  მაუწყებლისვე ინფორმაციით, მის მოვალეობას ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. 

alt

ფირუზ ბოლქვაძე


რატომ მიიღო ნინო ხაჟომიამ ეს გადაწყვეტილება უცნობია, "მედიაჩეკერი" ცდილობს მასთან დაკავშირებას, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია.  რაც შეეხება აჭარის ტელევიზიის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის 20:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების უფროსის პოზიციაზე ნინო ხაჯომიამ მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა. მაია მერკვილაძე ამ პოზიციიდან დირექტორმა გაათავისუფლა და სანაცვლოდ რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორობა და მაუწყებელში ჯერ არარსებული ტოქშოუს პროდიუსერობა შესთავაზა. 

 დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორმა დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლა ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი. 

შენიშვნა:  სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო რომ ნინო ხაჟომია აჭარის მაუწყებელს ტოვებს. ეს აქცენტირებული იყო სათაურშიც, ვინაიდან  ასე გავრცელდა ინფორმაცია აჭარის ტელევიზიის მიერ.  მასალის გამოქვეყნების შემდეგ "მედიაჩეკერს" დაუკავშირდა მაუწყებლის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც თქვა, რომ ნინო ხაჟომია ტოვებს მთავარი საინფორმაციო  სამსახურის უფროსის პოზიციას. რჩება თუ არა იგი მაუწყებელში, მისთვის უცნობია.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ