კარლ ჰარცელი: პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
03.05.2020
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ,,დღეს, Covid-19-თან “ომის“ უპრეცედენტო პირობებში, ვირუსზე სწრაფად დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ, წლევანდელი 3 მაისის - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

“დღეს, ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე. მჯერა, რომ ყურადღებით გააგრელებენ საქმიანობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მათ”, - ვკითხულობთ ელჩის განცხადებაში.

ამ განცხადებაში ელჩი ხაზს უსვამს მედიის როლს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში.

“ მიმდინარე წლის თემა - ,,ჟურნალისტიკა შიშისა და მიკერძოების გარეშე“, კარგად ასახავს ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს. იმ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ზეწოლის, ცილისწამებისა თუ საქმიანობაში ჩარევის პირობებში, რომელსაც თავისუფალი მედია განიცდის მთელს მსოფლიოში, ევროკავშირი არის და იქნება თავისუფალი მედიის მოკავშირე, დამცველი და მხარდამჭერი”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა "ვინდჰუკის დეკლარაციამ" ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ