მედიაკოალიცია აჭარა TV-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციას აგრძელებს
20.05.2020

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ ერთდღიან აქციას აგრძელებს და მონაწილეობას ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრებმა 21 მაისს ორგანიზაციის ან/და პირად ფეისბუქ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი უნდა განათავსონ ჰეშთეგით - #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.



აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ