მიჩქმალვა, ხელოვნური ბალანსი და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი - აჭარის TV-ს მონიტორინგის შედეგები
20.07.2020
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლამდე, საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა, მათი შეცვლის შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვასა ან არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში, - ასეთია აჭარის ტელევიზიის მონიტორინგის შედეგები, რომელიც დღეს, 20 ივლისს გამოქვეყნდა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 2019 წლის 25 დეკემბერიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში ამონიტორინგებდა. (კვლევის თანახმად, 11 მარტიდან 20 აპრილამდე მედიამონიტორინგი შეჩერებული იყო, ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებისა და საგაფიცვო პროცესის დაწყების გამო, თუმცა, შემდეგ მონიტორინგი კვლავ განახლდა).

მონიტორები მაუწყებელში 18:00 და 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს აკვირდებოდნენ. ეს გადაცემებია: პოლიტიკური ტოქშოუ „სათქმელი“, გადაცემები: „ჰეშთეგი“, „მთავარი აჭარაში“ და „კვირის მთავარი“.

საანგარიშო პერიოდი დაემთხვა დაპირისპირების პერიოდს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორსა და იმ გუნდს შორის, რომელიც ამზადებდა დასაკვირვებლად შერჩეულ გადაცემებს. გუნდის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა საკადრო ცვლილებების შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა“, - ვკითხულობთ მონიტორინგის შედეგებში.

მონიტორინგის მიგნებები

  • საინფორმაციო გამოშვებები
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თუ საინფორმაციო გამოშვებებში საინფორმაციო სამსახურის უფროსის შეცვლამდე ძირითადი პრობლემა იყო რამდენიმე შემთხვევაში წამყვანის მომზადების დონე, მასალის სტრუქტურა (არამკვეთრი აქცენტი) და ტექნიკური პრობლემები, მაგალითად, ის, რომ საერთაშორისო ამბებზე მომზადებულ სიუჟეტებში კადრებს არ ახლდა სათანადო წარწერა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისა და წამყვანის შეცვლის შემდეგ სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ პერიოდის მთავარ პრობლემებად მონიტორინგის შედეგებში დასახელებულია: მასალების მიჩქმალვა, ხელოვნური ბალანსის მცდელობა, კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი.

⇒ ძირითადი მიგნებები:

  • მონიტორინგის პირველ პერიოდში (25.12.2019-10.03.2020) საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ (20.04.2020-04.06.2020), გამოიკვეთა, რომ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში; ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.

  • მონიტორინგის მეორე ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭებოდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას.

  • 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში შემცირდა ისეთი „ბლოკები“, სადაც ჩართულია სტუმარიც. მონიტორინგის პირველ პერიოდში ეს გამოშვება გამორჩეული იყო სტუმრებისადმი კრიტიკული კითხვების დასმით. წამყვანის ცვლილების შემდეგ კი, სტუმარი სპორტის მიმოხილვამ ჩაანაცვლა, ან სტუმარს (თუკი იგი მიწვეული იყო გადაცემაში) კრიტიკულ კითხვებს არ უსვამდნენ.

⇒ მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქება

დოკუმენტის მიხედვით, მონიტორინგის მეორე ეტაპზე (20.04.2020-04.06.2020) 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საერთოდ აღარ ჩანდა მაუწყებელში მიმდინარე პროცესები.

„საინფორმაციო გამოშვებებში ამ საკითხებს ან საერთოდ არ ეთმობოდა დრო, ან, გამონაკლის შემთხვევაში, მინიმალური ყურადღება და პრიორიტეტი ენიჭებოდა“, - ვკითხულობთ კვლევაში, მაშინ როდესაც, ამავე კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პირველ ეტაპზე ეს საკითხები საინფორმაციო გამოშვების ძირითადი თემა იყო და ამ მასალებში მაუწყებლის ჟურნალისტები და წამყვანები ხშირად მიუთითებდნენ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხეზე.

მაგალითად, მონიტორინგის მიხედვით,

  • გამოშვების ეთერში საერთოდ ვერ მოხვდა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლითაც ომბუდსმენმა აჭარის მაუწყებლის დირექტორ გიორგი კოხრეიძეს 3 თანამშრომლის სამსახურში აღდგენისკენ მოუწოდა.

  • არ გაშუქდა ამავე არხის გადაცემა ჰეშთეგისა და ალტერნატიული პროფკავშირის დამფუძნებლის, მალხაზ რეხვიაშვილის საჯარო წერილი, რომლითაც ის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის რეპრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

  • ნაკლები პრიორიტეტი მიენიჭა თეონა თურმანიძის ფეისბუკ პოსტის გამო ეთერიდან გათავისუფლებას. 21 აპრილის გადაცემაში ამის შესახებ მაყურებელს გამოშვების ბოლოს, მე-15 ამბად, ამინდის პროგნოზის წინ მიაწოდეს ინფორმაცია. 

  • 11 მაისს კადრ სინქრონად გაშუქდა მალხაზ რეხვიშვილის სამსახურიდან გაავისუფლება, ამ ამბავზე საერთაშორისო ორგანიზაციის ,,რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გამოხმაურება კი საერთოდ არ გაშუქებულა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ მაუწყებელთან დაკავშირებული თემები არ გამქრალა. კვლევაში ნათქვამია, რომ მთავარი 20:00 საათზე ყურადღების მიღმა ტოვებდა სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საკითხებსაც.

მაგალითად,

  • 12 მაისს მაუწყებელმა ვრცლად გააშუქა ისეთი თემები, როგორიცაა პრემიერის ვიზიტი და ეკონომიკის მინისტის შეხვედრები, თუმცა არ დაინტერესდა დღის ისეთი თემით, როგორიცაა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაციები. ამ დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული, მათ შორისაა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც.

  • 27 აპრილს გამოცემა “ბათუმელებმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება იმ კორუფციული სქემის შესახებ, რომელსაც საერთაშორისო გადამზიდავები, კერძოდ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით ტვირთის შემომტანი ბიზნესმენები აწყდებიან. აღნიშნულ თემას არაერთმა ცენტრალურმა ტელევიზიამ დაუთმო მნიშვნელოვანი ყურადღება, თუმცა აჭარის მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი არც 27 აპრილს აღმოჩენილა და არც შემდგომ დღეებში.
და ა.შ.

⇒ ბალანსის დაცვა

მონიტორინგის შედეგების თანახმად, “მთავარში” 20:00 საათზე, რიგ შემთხვევებში, არ იყო დაცული ბალანსი, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებისთვის ნაკლები პრიორიტეტის მინიჭებაში, ან საერთოდ არგაშუქებაში.

ამავე კვლევის მიხედვით, საინფორმაციო გამოშვებაში ტენდენციად იქცა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ეთერის დათმობა უფრო მათ გეგმებზე სასუბროდ, ვიდრე მათ კრიტიკა.

„მაგალითად, 14 მაისის გადაცემაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თემა გაშუქდა უმუშევრად დარჩენილთა კომპენსაციაზე. ამ თემაზე სასაუბროდ ჩართვაში ჰყავდათ ხელისუფლების წარმომადგენელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია. წამყვანს არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები და აქცენტი ძირითადად პროცედურებზე იყო გამახვილებული“, - ვკითხულობთ კვლევაში.

მონიტორინგის კიდევ ერთი მიგნების თანახმად, მთავარში 20:00 საათზე, სტუმრის ბლოკში, მონიტორინგის მეორე ეტაპზე მეტწილად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ან მათთან აფილირებული ექსპერტებს იწვევდნენ.

⇒ კრიტიკისგან დაცლილი კონტენტი

„29 მაისს „მთავარის“ 20:00 საათიან გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი ბათუმის საკრებულოს იმ სხდომის შესახებ, სადაც ბათუმის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს sms მიწერა და უთხრა, რომ საკითხი არ უნდა ამოეღო. საქმე ეხებოდა ბათუმის ბულვარის ცენტრში დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემას იმ კომპანიისთვის, რომელიც ოთხსართულიანი მშენებლობის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს. ამბის გაშუქებისას, აჭარის ტელევიზიამ აქცენტის გაკეთება ამჯობინა იმაზე, რომ ბათუმის ბიუჯეტი დაზარალდებოდა, თუკი საკითხი ჩავარდებოდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

გადაცემები


მონიტორინგის შედეგებში აჭარის ტელევიზიის 5 გადაცემა მოხვდა. ამათგან, ერთ გადაცემას „ჰეშთეგს“ მხოლოდ მონიტორინგის პირველ პერიოდში აკვირდებოდნენ. დანარჩენი 4 გადაცემიდან სამზე: „სათქმელი“, „მთავარი აჭარაში“ და „კვირის მთავარი“, კვლევის მიხედვით, მუწყებელში მიმდინარე პროცესები არ ასახულა. რაც შეეხება ახალ გადაცემას, „თავისუფალი სივრცე“, რომელიც მაუწყებელში ვახტანგ ხუზმიაშვილის მისვლის შემდეგ დაიწყო (მისი საავტორო გადაცემა), მონიტორინგის მიხედვით, კრიტიკული კითხვების ნაკლებობა და მიკერძოება შეინიშნებოდა.

• ჰეშთეგი

გადაცემა „ჰეშთეგი“ მონიტორინგის პირველ პერიოდში მონიტორინგდებოდა, იქამდე, ვიდრე შეჩერდებოდა. კვლევაში ნათქვამია, რომ გადაცემის თემა ყოველთვის აქტუალური იყო და წამყვანები საკითხს კრიტიკულად განიხილავდნენ. მთავარ პრობლემებად კი დასახელებულია რიგ შემთხვევებში მხოლოდ ერთი მხარის წარმოჩენა, ტექნიკური პრობლემები და დაუბალანსებელი ინფორმაცია.

„რამდენიმე გადაცემაში კონკრეტული სუბიექტების მიმართ კონკრეტული ბრალდებები გამოითქვა და ამ სუბიექტებს არ მიეცათ საშუალება ეპასუხათ ბრალდებებზე, მათ შესახებ გავრცელებული უარყოფითი ინფორმაციის დაბალანსებისთვის არანაირი ქმედებები არ განუხორციელებიათ გადაცემის წამყვანებს“, - ვკითხულობთ კვლევაში.

• თავისუფალი სივრცე

გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ მონიტორინგი, რომელსაც ვახტანგ ხუზმიაშვილი უძღვება და რომლითაც მონიტორინგში „ჰეშთეგი“ ჩანაცვლდა, 4 აპრილიდან დაიწყო. ამ გადაცემის მიგნებებში ნათქვამია, რომ

  1. გადაცემის თემები იყო რელევანტური, თუმცა წამყვანი ხშირად სათანადოდ არ იყო მომზადებული განსახილველი თემისთვის.

  2. შესამჩნევი იყო წამყვანის სუბიექტური, უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ.

  3. რიტიკული კითხვების დასმა ხდებოდა ძირითადად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ.
მონიტორინგის შედეგების მიხდვით, ამ გადაცემას მისი წამყვანი ხშირად პირდაპირ სტუმრების ჩართვით იწყებდა და ისე სვამდა კითხვებს, რომ მაყურებელს არ აწვდიდა არანაირ წინასწარ ზოგად ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხზე. წამყვანის კითხვები არ იყო კრიტიკული, ასევე, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ წამყვანი ოპოზიციის მიმართ უფრო კრიტიკული იყო და ოპონირებას ცდილობდა კითხვებით, რასაც ვერ ვიტყვით ხელისუფლების მიმართ.

„აღსანიშნავია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებაზე გაკეთებული 4 გადაცემა, სადაც წამყვანი თითქმის ყველა ოპოზიციონერ სტუმარს უმეორებდა თითქმის ერთი და იგივე შინაარსის შეკითხვას: რითაც ჟურნალისტი ერთი-ერთში იმეორებდა ხელისუფლების წარმოამდგენლების ნარატივს, რომლის მიხედვითაც, სასამართლო და პრეზიდენტი არიან დამოუკიდებლები და შესაბამისად, ისინი ვერავის ვერ დაავალებენ ვინმეს პატიმრობიდან გათავისუფლებას, რადგან ეს იქნება უკანონო. აღნიშნულის საპირწონედ ჟურნალისტს გადაცემებში ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები მისი ძირითადი განხილვის თემა ოპოზიციის მოთხოვნებისა და ქმედებების ადეკვატურობის შეფასება უფრო იყო, ვიდრე ხელისუფლების კრიტიკა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

• სათქმელი

მონიტორინგის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, გადაცემა იყო მიუკერძოებელი; ,,სათქმელის“ თემები იყო აქტუალური და მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია.

„გადაცემის წამყვანები - ირინა ყურუა და ლაშა ზარგინავა აქტიურები და კრიტიკულები იყვნენ, არ ერიდებოდნენ სტუმრებისთვის კრიტიკული კითხვების დასმას, ტოვებდნენ კარგად მომზადებულისა და ინფორმირებულის შთაბეჭდილებას. ამასთან, კამათის დროს, არ სცდებოდნენ ეთიკის ნორმებს და არ იჩენდნენ უპატივცემულობას რომელიმე სტუმრის მიმართ. წამყვანები, ძირითადად, მომზადებული იყვნენ განსახილვევლ საკითხთან მიმართებაში. იშვიათად იყო შემთხვევა, როდესაც წამყვანს გაუჭირდა დებატების პროცესის მართვა“, - ვკითხულობთ კვლევაში.

• მთავარი აჭარაში

  1. გადაცემაში გასული სიუჟეტები იყო უფრო ხანგრძლივი და სიღრმისეული, ვიდრე ჩვეულებრივ საინფორმაციო გადაცემებში. ზოგჯერ გამოყენებული იყო ვიზუალური ხერხები (გრაფიკები, ცხრილები და ა.შ.), რაც ინფორმაციას უფრო აღქმადს ხდიდა;
  2. წამყვანები იყვნენ მომზადებული და სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს;
  3. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია, - ეს არის ძირითადი მიგნებები, რაც მონიტორინგის შედეგების მიხედვით ამ გადაცემაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა.

„სტუმრების შერჩევისას არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური ძალის სასიკეთოდ ან სასარგებლოდ. იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი მხარე იყო ეთერში წარმოდგენილი, წამყვანი აკეთებდა განმარტებას, თუ რატომ მოხდა ასე“, - ნათქვამია კვლევაში.

• კვირის მთავარი

კვლევის თანახმად, სამონიტორინგო პერიოდში, გადაცემა, ძირითადად, აჯამებდა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნაკლები აქცენტი კეთდებოდა უშუალოდ აჭარის რეგიონში მიმდინარე ამბებზე.

  1. გადაცემაში, ძირითადად, დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმები;
  2. წამყვანები მომზადებულები იყვნენ;
  3. მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა არ მოუხდენია, - ვკითხულობთ ძირითად მიგნებებში
„გადაცემის წამყვანები, როგორც წესი, მომზადებულნი იყვნენ, სვამდნენ კრიტიკულ კითხვებს და მაყურებელს აწვდიდნენ ამომწურავ, სრულყოფილ ინფორმაციას განსახილველ საკითხზე. გადაცემაში, ძირითადად, დაცული იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, თუმცა, ზოგჯერ გარკვეული პრობლემა იქმნებოდა, როდესაც გადაცემაში მხოლოდ ერთი სტუმარი მონაწილეობდა. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სტუმარმა, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, გააკრიტიკა ხელისუფლება და გადაცემაში არ გაჟღერებულა ხელისუფლების პოზიცია. მსგავს შემთხვევაში, გადაცემის წამყვანი უნდა იყოს მასიმალურად მობილიზებული და, ეთერში გამოთქმულ საკითხებზე, აუდიტორიას მიაწოდოს ინფორმაცია მოპასუხე მხარის პოზიციის შესახებ“, - ვკითხულობთ კვლევაში.


აჭარის ტელევიზიის მონიტორინგი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაუწყებელში დირექტორი შეიცვალა, რასაც მთელი რიგი საკადრო ცვლილებები მოჰყვა. მონიტორინგს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით ახორციელებდა.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ