საჯარო ინტერესი არ ამართლებს ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას - NGO-ები მედიას
11.08.2020
“თამარ ბაჩალიაშვილის საქმისადმი საჯარო ინტერესი არ ამართლებს გარდაცვლილის თაობაზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას და მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებებმა ბაჩალიაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების პირადი ცხოვრების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე და პატივისცემა გამოიჩინონ და განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები და მედია ეთიკის სტანდარტები”, - 14 არასამთავრობო ორგანიზაცია 9 აგვისტოს “მთავარ არხზე” გადაცემა „მთავარ აქცენტებში გასულ ინტერვიუს და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში პრობლემურ გაშუქებას გამოეხმაურა.

“მთავარ აქცენტებში” წამყვანს, ნიკა გვარამიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გადაცემაში წამყვანის მიერ დასმული კითხვები ეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის, ხოლო მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

“მიუხედავად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების თაობაზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისა, ინტერვიუზე განხილული პირადი ცხოვრების დეტალები არ იძლეოდა საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და შესაბამისად, მათი გაშუქება არ ემსახურებოდა მაღალ საჯარო ინტერესს. ამასთან, არც თამარ ბაჩალიაშვილი და არც მისი მეგობარი არ წარმოადგენენ საჯარო ფიგურას, რაც აფართოებს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ფარგლებს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ ინტერვიუზე განხილული დეტალები შეეხებოდა პირადი ცხოვრების განსაკუთრებით პირადულ ასპექტებს, მათ შორის გარდაცვლილისა და მისი მეგობრის სექსუალურ იდენტობასა და ინტიმურ ცხოვრებას, რაც, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ექცევა პირადი ცხოვრების უფლების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ”, - აცხადებენ ორგანიზაციები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე, მიუღებლად მიიჩნევენ გადაცემის წამყვანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „როდესაც საქმე მიმდინარეობს თვითმკვლელობაზე, პირადი ცხოვრება ხდება გამჭირვალე“. გარდა ამისა, ორგანიზაციების განცხადებით, საფუძველს მოკლებულია წამყვანის მტკიცება, რომ თვითმკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ მაღალი საჯარო ინტერესით სარგებლობს.

“პასუხისმგებლიანი მედია დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია და მას სიმართლის დადგენის, საჯარო ხელისუფლების კონტროლისა და ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების წუხილების, საჭიროებებისა და ინტერესების გახილვადებისა და დღის წესრიგში დაყენების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. პლურალისტური მედიაგარემოს გარეშე დემოკრატია ვერ მუშაობს და მას საკვანძო როლი აქვს საზოგადოების ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. თუმცა, ამგვარი როლის შესრულება მედიას სწორედ მაშინ შეუძლია, როცა ის ადამიანის უფლებებისა და ეთიკის სტანდარტების განუხრელი დამცველია და საკუთარ პრაქტიკაში ადამიანების ინსტრუმენტალიზების, პროპაგანდისა და მანიპულირების მიდგომებს გამორიცხავს. ჩვენი ქვეყნის პოლარიზებული და კონფლიქტური პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა დასუსტებულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პასუხისმგებლიანი მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
  3. კავშირი საფარი;
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  5. თანასწორობის მოძრაობა;
  6. უფლებები საქართველო;
  7. ღია საზოგადოების ფონდი;
  8. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
  9. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC);
  10. მედიაკლუბი;
  11. სატელევიზიო ქსელი;
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია;
  13. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ