ქართული ტელევიზიების ნდობის მაჩვენებელი და ინფორმაციის წყარო - IRI-ის უახლესი კვლევა
13.08.2020
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 40% ტელეკომპანია “იმედის”, 16% კი “მთავარ არხის” საინფორმაციოს - ენდობა. გამოკითხულთა 2% უცხადებს ნდობას საზოგადოებრივ მაუწყებლის ახალ ამბებს.

კითხვაზე, რომელი ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად, გამოკითხულთა პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება: 

alt
  • “იმედი” - 40%
  • “მთავარი არხი” – 16%
  • “რუსთავი 2” – 14%
  • “TV პირველი” – 8%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2%
  • “ფორმულა” – 1%
  • “პალიტრანიუსი” – 1%
  • “ობიექტივი” – 1%
  • “მაესტრო” – 1%
  • “აჭარა” – 1%
გამოკითხულთა 1% კი თავს იკავებს პასუხის გაცემისგან.

IRI-ის კვლევის მიხედვით, მინდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ ინფორმაციას გამოკითხულთა უმეტესობა - 85%, ტელევიზიიდან იღებს, 33% კი სოციალური მედიიდან - ფეისბუკიდან. 10% ამბობს, რომ ინფორმაციას ონლაინგამოცემების საიტებიდან იღებს, 4% – რუსული ტელევიზიიდან, ასევე 4% – ქართული ბეჭდური მედიიდან, 3% – რადიოდან, 2% კი - დასავლური ტელევიზიიდან.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები „აიფიემის“ მიერ ჩატარდა. 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 პროცენტია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია. იგი პოლიტიკური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" სახელით იყრის კენჭს წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში.

ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, დღეს, 23 სექტემბერს, პარტიის მაჟორიტარების წარდგენისას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა წარადგინა.

თავად ჟურნალისტი წარდგენას არ დასწრებია. მისი წარდგენისას ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ ღონისძიებას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა, ვინაიდან, პირდაპირი ეთერისთვის ემზაებოდა. დღეს "მთავარი არხის" ეთერში, საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ, მისი გადაცემა "სხვა ნანუკა" უნდა გავიდეს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, პირდაპირი ჩანაწერი, რაც მიუთითებდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს არ აქვს უფლება გაუძღვეს გადაცემას, არ არსებობს. კოდექსი ცალსახად მხოლოდ იმას უთითებს, რომ "საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება" (მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, მუხლი 24/5).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მედიასამართლის იურისტი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ მართალია, კანონი მაჟორიტარობის კანდიდატს სოციალური გადაცემის წაყვანას არ უკრძალავს, მაგრამ ეს არასწორია სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებიდან გამომდინარე, არასწორია. იგი იმოწმებს მაუწყებელთა კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტს და ამბობს: "აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარეც, როდესაც სტუმრის მონაწილეობაზე არის დაწესებული შეზღუდვები, ვფიქრობ, მიუღებელია თუნდაც აპოლიტიკური გადაცემა საარჩევნო პერდიოში წაიყვანოს კანდიდატმა".

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტად 1999 წლიდან მუშაობს. 1999 წლიდან მუშაობდა გადაცემა "ალიონში", პირველ არხზე. 2001 წლიდან გადავიდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში", სადაც 2009 წლიდან უძღვებოდა საავტორო გადაცემას "ნანუკას შოუ". მას შემდეგ რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე" მფლობელი შეიცვალა, კოლეგების ნაწილთან ერთად მან "მთავარ არხზე" გადაინაცვლა, სადაც ასევე საავტორო გადაცემა აქვს, სახელწოდებით - "სხვა ნანუკა". ასევე, თანაწამყვანთან დავით ერაძესთან ერთად, უძღვება გადაცემას "სპორტი დიდ ქალაქში".

რა გამოცდილება აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებს
მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრები, პოლიტოლოგი - რა გამოცდილება აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველ იმ კანდიდატებს, რომლებმაც პირველი ტური გადალახეს და გენერალური დირექტორობისთვის ბრძოლას განაგრძობენ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე 8 განმცხადებლიდან მეორე ტურში 4 კანდიდატი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, ირმა სოხაძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.

⇒ თინათინ ბერძენიშვილი

კანდიდატებიდან ყველაზე მეტი - 9 ხმა თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო. ბერძენიშვილი 2018 წლიდან გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და 18 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა,  მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

alt

თინათინ ბერძენიშვილი 2011 წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებლში მუშაობს. თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2012-13 წლებში წამყვანი იყო. 2014-15 წლებში მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი გახდა, 2015 წლიდან - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი. 2018 წლიდან კი ერთდროულად ორ პოზიციას - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორისა და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს ითავსებდა.

თინათინ ბერძენიშვილი მედიის და მარკეტინგული კომუნიკაციის სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობს. მისი CV-ის მიხედვით, იგი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიაკომიტეტის წევრი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი.


⇒ ირმა სოხაძე

მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 7 ხმით გადავიდა მომღერალი და პოლიტოლოგი ირმა სოხაძე. იგი 2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო. როგორც მის CV-ში ვკითხულობთ, პოლიტიკური სიტუაციის გამო, მან საბჭო ერთ წელიწადში დატოვა.

alt

ირმა სოხაძე ტელეკომპანია “იმედში” 2007 წელს მუსიკალური გადაცემის რედაქტორად, 2010-2011 წლებში კი “იმედის დილის” მთავარ პროდიუსერად მუშაობდა. სოხაძე 2016-2017 წლებში სდასუს ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი იყო. უფრო ადრე, 1980-2004 წლებში მაშინდელ საქართველოს ტელევიზიაში - პირველ არხში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

⇒ ხათუნა ლაგაზიძე

ირმა სოხაძის მსგავსად, ბორდის 7 ხმა მიიღო პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ.

ლაგაზიძე 2018-2019 წლებში რადიო „პალიტრაში” გადაცემა „რეზიუმეს“ წამყვანად მუშაობდა. 2013-2014 წლებში გაზეთ „კვირის პალიტრაში“ პოლიტიკური ანალიტიკოსი იყო. უფრო ადრე, 2001-2007 წლებში კი პოლიტიკურ მიმომხილველად და ანალიტიკოსად მუშაობდა გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“.

alt

ხათუნა ლაგაზიძეს აქვს ლექტორად მუშაობის გამოცდილება და არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომის - “მსოფლიოს პირველი ინფოდემია: კორონავირუსი და მისი შედეგები – პანდემიიდან ინფოდემიამდე”.


⇒ ალექსანდრე ვახტანგოვი

მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის ყველაზე ნაკლები - 5 ხმა მიიღო ალექსანდრე ვახტანგოვმა. იგი 2014-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

ალექსანდრე ვახტანგოვი 1985 წლიდან სატელევიზი ფილმების და პროგრამების რეჟისორია. მისი სამუშაო გამოცდილება დიდწილად კინოს უკავშირდება. ვახტანგოვის CV-დან ვიგებთ, რომ იგი 2001 წლიდან დღემდე დამოუკიდებელი სატელივიზიო კონსულტანტია. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში იყო საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალების ორგანიზატორი და ჟიურის წევრი.


alt


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება 24 სექტემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. სავარაუდოდ, 25 სექტემბერს კი ბორდი ახალ დირექტორს შეარჩევს.

პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4-დან 10 ათას ლარამდე გაიზარდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ხელფასი 10 000 ლარი გახდა (საუბარია ხელზე ასაღებ თანხაზე). აქამდე ანაზღაურება 4 000 ლარი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორის ხელფასი ძალიან დაბალი იყო და მისი გაზრდის შესახებ დიდი ხანია მსჯელობენ.

"
კონკურსის გამოცხადებამდე ჩვენ ჩამოყალიბებული ვიყავით, თუმცა, მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, რომ ხელფასი ერთგვარი მოტივატორი არ გამხდარიყო. ვიმსჯელეთ საბჭოში და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ სხდომაზე გაგვეტანა ეს საკითხი. რაც შეეხება ოდენობას, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან გონივრული თანხა. ჩვენ, უბრალოდ, თავს უფლებას ვერ მივცემდით, რომ უფრო მეტით გაგვეზარდა,   არ ვართ კერძო ტელევიზია და ამიტომ გარკვეულ ჩარჩოებში ვზივართ ხელფასებთან დაკავშირებით", - განუცხადა "მედიაჩეკერს" ირინა ფუტკარაძემ კითხვაზე, ახლა, ახალი დირექტორის არჩევის წინ რატომ გაიზარდა დირექტორის ხელფასი.

ჩვენს კითხვაზე, მის უფლებამოსილებებში რაიმე ხომ არ იცვლება ან ემატება, რაც წინა დირექტორს არ ჰქონდა, ფუტკარაძემ გვიპასუხა:  “რჩება იგივე უფლებამოსილება, რაც განსაზღვრული აქვს კანონით, ბუნებრივია.  მაგრამ, მე პირადად, ვთვლიდი, რომ საკმაოდ არაადეკვატური (ანაზღაურება) ჰქონდა წინა დირექტორს და შესაბამისად, იმიტომ გაიზარდა, რომ ვინც იქნება ახალი დირექტორი, მას უკვე ჰქონდეს ღირსეული და ადეკვატური ანაზღაურება".

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში მრჩეველთა საბჭომ მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი უნდა აირჩიოს. კონკურსში სულ 8 განმცხადებელი მონაწილეობდა, თუმცა, დირექტორობისთვის ბრძოლას I ტურის შემდეგ 4 კანდიდატი აგრძელებს. 

ამ თემაზე იხილეთ: 
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 4 კონკურსანტიდან შეარჩევენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. 

კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა;
  • ირმა სოხაძე - 7 ხმა;
  • ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა;
  • ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა.

კონკურსში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა:


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის თქმით, დირექტორს სავარაუდოდ პარასკევს, 25 სექტემბერს აირჩევენ. იქამდე კანდიდატებთან გასაუბრებები გაიმართება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

ახალი დირექტორის არჩევამდე, გენერალური დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ასრულებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ბორდი სავარაუდოდ, 25 სექტემბერს აირჩევს
ხვალ, 22 სექტემბერს გაირკვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე 8 კანდიდატიდან ვინ გადალახავს პირველ ეტაპს (საბუთების გადარჩევა). კვირის ბოლოს კი მათგან მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს შეარჩევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ირინა ფუტკარაძის თქმით, ხვალვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ჩაინიშნება გასაუბრება მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან, გასაუბრება პირდაპირი ეთერით წარიმართება, ახალ დირექტორს კი, სავარაუდოდ, 25 სექტემბერს აირჩევენ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში 8 განაცხადი შევიდა.

კონკურსში მონაწილეობენ:


საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

 ახალი დირექტორის არჩევამდე, გენერალური დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი ასრულებს.