GNCC-ს განმარტება საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ’ დებულებაში ცვლილებებზე
21.08.2020
საქართველოს კომუნიკაციების კომისია ეხმიანება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საჯაროდ წარდგენილ რეკომენდაციებს „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ეს შენიშვნები უსაფუძვლოა.

კერძოდ, კომისიის განმარტებით, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომუნიკაციების კომისიის დადგენილებაში ცვლილებები განპირობებულია მხოლოდ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, რითაც ხდება დადგენილების „საარჩევნო კოდექსთან“ შესამისობაში მოყვანა. დადგენილებიდან ამოღებულია ის დებულებები, რომლებიც იდენტური იყო და ხდებოდა „საარჩევნო კოდექსში“ გაწერილ დებულებებთან დუბლირება.

„რაც შეეხება კოალიციის შენიშვნებს მედიის განმარტებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის დებულებიდან მედიის განმარტება ამოღებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს ტერმინი არ არის გამოყენებული რაიმე რეგულაციასთან კავშირში და ყველა რეგულაცია შეეხება მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებს: მაუწყებლებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებს. კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება, რომელსაც ის ახორციელებს საარჩევნო პროცესში, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და კომისიის უფლებამოსილების გაზრდა ვერ მოხდება კომისიის ნორმატიული აქტით, შესაბამისად, არც წარდგენილი დადგენილების პროექტით არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა კომისიის რეგულირებად სუბიექტთა წრის გაფართოება“,-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა ცვლილებები „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში. ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოიღებენ მედიის განმარტებას და ასევე ჩამონათვალს, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები. კომისიას ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ