ხელისუფლება გვეუბნება, რომ მინდა გაჩუმდე - ზვიად ქორიძე
26.02.2021
რატომ არის საშიში ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა მედიის მისამართით, რა სურვილი იმალება ამ გზავნილების უკან, რატომ არის ეს საშიში არამხოლოდ მედიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ამ და სხვა საკითხებზე “მედიაჩეკერი” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრ, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს ესაუბრა.

გუშინ, 25 თებერვალს “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ. არასამთავრობო სექტორმა ჟურნალისტზე თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული საჯარო რიტორიკის შედეგად შეაფასა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს უფრო ფართო მასშტაბის მოვლენა, ვიდრე ერთ კონკრეტულ ჟურნალისტზე თავდასხმა?

ხელისუფლებამ გადაამეტა ძალაუფლებას. ხელისუფლების აგრესიული რიტორიკით წახალისებული ადამიანები დადიან ქუჩაში. ადამიანებმა, რომლებიც ან ხელისუფლების კონკრეტული დაჯგუფებების წევრები არიან ანდა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკით წახალისებულნი, დაინახეს ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია მთავრობისთვის მიუღებელ მედიასთან, იმ ტელევიზიასთან, რომელსაც მუდმივად ლანძღავს და ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლება, და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვახო სანაია თავისი გადაცემებით “TV პირველში” თუ ტელეკომპანია “ფორმულაში”, ყოველთვის გამოირჩეოდა, კრიტიკული კითხვებით, არ ჩქმალავდა თემებს, სვამდა კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში ისმის.

ის კონკრეტულ ადამიანები, რომლებსაც, ალბათ, არ უნდოდათ ყოფილიყვნენ კრიმინალები, სწორედ აგრესიულმა ტონალობამ აქცია კრიმინალად. მათ გადაწყვიტეს ჩაიდინონ დანაშაული და სცემონ ჟურნალისტი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ჟურნალისტი იმ მედიასაშუალების, რომელიც არ მოსწონს მთავრობას. იმ ადამიანებმა შეასრულეს მთავრობის ნება. ეს ძალიან ცუდი პროცესია არა მხოლოდ მედიაგარემოსთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ ეს არის საზიანო მთელი სახელმწიფოსთვის. მთავრობამ გამოამჟღავნა ძალიან მანკიერი მხარე თავისი საქმიანობის.

ფიქრობთ, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკით, ხელისუფლება ამ პროცესებს ახალისებს?

დღეს რას ვისმენთ ჩვენ? ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ ეს დაუშვებელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ადამიანები, გვესმის ასეთი რიტორიკა - კი, ცუდია რაც მოხდა, მაგრამ აბა რა გეგონათ?

არ მოგწონს მედიასაშუალება? არ მოგწონს კრიტიკული კითხვები? გამოთქვი ამაზე საკუთარი აზრი, არ არის საჭირო რომ დახვდე ადამიანს და სცემო ისე, რომ ტვინის შერყევა დამართო მას. სწორედ ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელსაც ახალისებს ხელისუფლება.




საითკენ მივყავართ მსგავს პროცესებს?

ასეთი აგრესული ტონალობა როცა ახასიათებს ხელისუფლებას, განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების, პოლიტიკური ოპონენტების თუ კრიტიკული მედიის მიმართ, ეს ცალსახად აჩვენებს იმას, რომ ასეთი ტიპის ხელისუფლებას უნდა, რომ იყოს ავტორიტარული. ის ხედავს, რომ ასეთ განწყობას, ასეთ აგრესიულ ტონალობას ვიღაც წამოეგება საზოგადოებაში, ვიღაც იმოქმედებს ამ აგრესიის გავლენით, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოებას ამ აგრესიულობისა და ძალმომრეობის გავლენის ქვეშ ფიზიკურად ვერ მოაქცევს, ძალიან გაუჭირდება. იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება, მოდი, ასე ვთქვათ, აღარ არის დამყოლი საზოგადოება, რომ ხელისუფლება რასაც ეტყვის უკრიტიკოდ მიიღოს.

საზოგადოებას უფრო მეტი ძალმოსილება გაააჩნია, ვიდრე მხოლოდ ცალკე აღებულ მოქალაქეებს. ეს საზოგადოება ამას რომ იღებდეს, მაშინ ჩვენ დიდი ხანია ვიქნებოდით ისეთი ტიპის საზოგადოება, როგორიც არის სხვა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული ქვეყნების. არ ვართ ასეთი ქვეყანა და ეს არის ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომაც, ეს ამ ხელისუფლებას, უბრალოდ არ გამოსდის. მაგრამ გამოსდის ლოკალური აფეთქებები, გამოსდის ის, რომ, მაგალითად, პოლიტიკურ ოპონენტებს ცხვირ-პირი დაულეწოს საარჩევნო კამპანიის პროცესში, დაიჭიროს ისინი, კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ჰქონდეს უხეში დამოკიდებულება, ჰქონდეს ზემოდან ყურების დამოკიდებულება - თითქოს მე შენზე უკეთესი ვარ და როგორ მიბედავ გამაკრიტიკო, და ამით ასეთი განწყობის შექმნით ბოიკოტი გამოუცხადოს მედიას და არ მისცეს საშუალება რომ მათ ინფორმაცია მოიპოვონ დროულად და ხარისხიანად და ა.შ.

თქვენ ძალიან დიდი ხანია აქტიურად აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მედიას, რამდენიმე ხელისუფლების პირობებში გიმუშავიათ. კრიტიკული მედია ყველა ხელისფლებისთვის იყო თავსატეხი, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ყოველთვის ასეთი აგრესიული იყო სახელისუფლებო რიტორიკა? შეგვიძლია, მაგალითად ვთქვათ, როდის დაიწყო ეს ტენდენცია?

ვერ ვიტყვით მაგას კონკრეტულად, როდის დაიწყო ეს “აფეთქებები” პირველად. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი იყო ეს მოცემულობა, თუმცა ამას ყველა სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. თუ თქვენ კარგად გაიხსენებთ, სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო დაკარგა ხალხის ნდობა მიხეილ სააკაშვილმა. იმის გამო, რომ მან საჭიროდ ჩათვალა, ფიზიკურად გასწორებოდა მედიასაშუალებას და ჩაეხშო ხმა, გასწორებოდა ჟურნალისტებს, ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი სწორედ იმ პროცესში, როდესაც მან წააგო. მან წააგო ოპონენტთან, რომელსაც განაცხადი ჰქონდა იმაზე, რომ ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ პროცესს არ შეაჩერებდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ტყუილი თქვა ამით ამ ხელისუფლებამ.

მარაზმია ის, რომ ხელისუფლება აკეთებდეს აქცენტს დემოკრატიულობაზე და პარალელურად ყველა კრიტიკული არხის მესაკუთრე თუ მენეჯერი იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ. ეს არ არის ნორმალური. მაგალითად, ავთანდილ წერეთელმა ან ნიკა გვარამიამ, გიორგი რურუამ რომ დათმოს თავისი წილი ან გავლენა კრიტიკულ მედიასაშუალებებში, იქნება კი ასეთი რადიკალური მათ მიმართ ხელისუფლება?





წინა ხელისუფლება ახსენეთ და თქვით, რომ მედიაზე თავდასხმები ცუდად შემოუბრუნდათ. გამოდის, რომ ეს პროცესები, ერთი მხრივ, მედიაგარემოს აზიანებს და, მეორე მხრივ, თვითონ ხელისუფლებისთვისაც ძალიან საშიში და საზიანოა

რა თქმა უნდა. თუ შენ მიდიხარ ამ მაგისტრალურ ხაზზე, რომ ყველაფერი შეზღუდო, ყველაფერი ჩაკლა, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების არეალი მოსპო, შენი მთავარი მიზანი თუ ეს არის, მაშინ შენ აკეთებ განაცხადს ავტორიტარიზმზე. აი, ამ დროს უნდა დაფიქრდე, რომ საზოგადოება, მათ შორის შენი ამომრჩეველი, არის კი ამ განწყობის და სურს მას ავტორიტარიზმი? არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც თავად “ქართული ოცნების” ამომრჩეველს უნდა ეს, შეიძლება, ის გაუცნობიერებლად უჭერდეს რაღაცას მხარს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ საზოგადოებას არ სურს მისცეს დიქტატურის მანდატი ხელისუფლებას.

დღეს მხოლოდ დემოკრატიული განვითარების ცალკე აღებული კომპონენტი კი არ არის საფრთხის ქვეშ. დემოკრატიას თუ საფრთხე დაემუქრა საქართველოში, ეს პირდაპირპროპორციულია ჩვენი დამოუკიდებლობი ხარისხთან.

ხელისუფლების რიტორიკა ხომ არ არის იმ ჩანაფიქრის ნაწილი, რომ შეაგუოს საზოგადოება რეგულირების საჭიროებას?

ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური ხაზი. სიტყვის, აზრის, გამოხატვის თავისუფლება პრობლემურია ავტორიტარული მმართველობისთვის. ეს უნდა მოიფიქრო, როგორ შეზღუდო ადამიანის ფუნდამენტური თავისუფლებები, ამიტომ გვეუბნებიან, არ მომწონს ეს გამოხატვის თავისუფლება, არ მომწონს, მაგალითად, როდესაც შენი დამოკიდებულებას ღიად გამოხატავ და თუ მაკრიტიკებ, რა უფლებით მაკრიტიკებ.

კრიტიკული მედია ავტორიტარულ ხელისუფლებას აზიანებს და ამიტომ მისი პასუხი არის, რომ ეს არ შეიძლება, გვეუბნებიან, რომ ეს არის სიძულვილის ენა, ცილისწამება და ამიტომ ეს უნდა დავარეგულირო. მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხებათ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს თავისუფლებები საზოგადოების, ყველა მოქალაქის უფლებაა.

ეს მხოლოდ მედიისთვის არ არის საზიანო. თუ მედია დასუსტდა, თუ მედიას არ ექნება კრიტიკული პათოსი, ამით დასუსტდება საზოგადოება. თუ მედიას ეს ფუნქცია წავართვით და გავხადეთ მხოლოდ რუპორი (გვაქვს, სამწუხაროდ, ასეთი მედიები), რას მივიღებთ? სწორედ უკრიტიკობა არის მაჩვენებელი ავტორიტარიზმის. კრიტიკული სივრცის შემჭიდროება, ჩახშობა, აი, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ეს არის სახიფათო.

ძალიან საშიშ ტენდენციაზე საუბრობთ. და, როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ვითარებიდან გამოსავალი?

არამარტო ჟურნალისტები, არამარტო პოლიტიკოსები, ნებისმიერი მოქალაქე უნდა იაზრებდეს იმას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ შესაძლოა ქვეყანაში აღარ ისმოდეს განსხვავებული აზრი.

ამ პროცესებიდან შედეგი შეიძლება მივიღოთ, რომ ადამიანს აღარ უღირდეს საკუთარი აზრის გამოთქმა. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მინდა გაჩუმდე, ხმა არ უნდა ამოიღო და არ უნდა გაგიჩნდეს იმის სურვილი, რომ გამოთქვა საკუთარი აზრი. დემოკრატიული ღირებულებები ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს. გამოხატვის თავისუფლება არ არის პრივილეგია, ყველა მოქალაქეს სჭირდება ეს და ყველამ უნდა იბრძოლოს გამოხატვის თავისუფლებისთვის.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ