ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა მედიის მისამართით - ბოლო 2 კვირის გზავნილები
25.02.2021

თავდასხმა ჟურნალისტებზე არასასურველი კითხვების პასუხად, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის დისკრედიტაციის მცდელობები და უფრო მეტიც - ღია მუქარა მედიამენეჯერების მისამართით და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა - ბოლო 2 კვირის განმავლობაში სახელისუფლებო რიტორიკა მედიის მისამართით განსაკუთრებულად აგრესიული იყო.

22 თებერვალს, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, არარაობა და კრიმინალი უწოდა.

“ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც იმედის ძალადობრივი გზით დახშობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამაზეა საუბარი, დღესაც აქ ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ?", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე „დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პარტიული ტელევიზიები“ პროპაგანდის გზით საზოგადოების მიზანმიმართულ მოტყეუბაში დაადანაშაულა და იქვე დასძინა, - „მალე ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან, ვინდაიდან ჩვენ ყველა ამ სიცრუეს დავუპირისპირებთ სიმართლეს“.

17 თებერვალს „პარტიული ტელევიზიები“ ტელესერიალებით „ბილწსიტყვაობის“ დამკვიდრებასა და „საკუთარი ენის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

იქამდე, 16 თებერვალს, “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ ჟურნალისტები “კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში მონაწილეობენ”.

აქვე, უნდა გავიხსენოთ პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული დეპუტატის ავთანდილ ენუქიძის განცხადებაც, რომელმაც „მედიის გარკვეული ნაწილის მიერ“ მოსახლეობის ნაწილის ლანძღვისა და დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის საპარლამენტო ტრიბუნიდან კანონმდებლებს ცილისწამების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა . 

პოლიტიკოსების მხრიდან მედიისა და ჟურნალისტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება რომ საშიშია და ეს პრაქტიკა მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობასა და აგრესიას ახალისებს, ამაზე უფლებადამცველებმა არაერთხელ მიუთითეს. მსგავსი მავნე პრაქტიკის ერთ-ერთი ასეთი ბოლო გამოვლინება, 24 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა იყო.

როგორც ჟურნალისტი ყვება, გუშინ, გვიან ღამით, სამი პირი მას თავს იმ დროს დაესხა, როდესაც იგი ოჯახის წევრებთან ერთად შინისკენ მიმავალი მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანის გასწორებას ცდილობდა. სანაია მასზე თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

„პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენ მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია... თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც. ამ დროს ჩემი მეუღლე და ჩემი რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან, რძალსაც აქვს დაზიანებები, მასაც დაარტყეს“, - ამბობს იგი.

სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის გამოძახილად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა. მომხდარზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ყველა სხვა ფაქტიც დაუყოვნებლივ გამოიძიოს.

ხელისუფლებამ კი, დღეს, სანაიაზე თავდასხმის კომენტირებისას, ხელი კვლავ მედიისკენ გაიშვირა. 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მომხდარი „შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელია“, თუმცა „არ შეიძლება საკითხს მივუდგეთ ისე, რომ ერთი მხარე არის ვალდებული ყოველთვის ითმინოს და მეორე მხარეს საერთოდ არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შეურაცხყოფებს, რა სიძულვილის ენასაც იყენებს“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ვარ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა“, - თქვა მან.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ