ვახო სანაიას საქმეზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს - პროკურატურა პატიმრობას ითხოვს
26.02.2021

ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის პროკურატურამ სამ პირს ბრალი შეუწყნარეობლობის მოტივით მუქარის ფაქტზე წარუდგინა. აღნიშნული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 26 თებერვალს იმსჯელებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიენად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ.  ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო.

უწყებისვე ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ.  იგი თავდასხმას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. ვახო სანაიას მონაყოლის მიხედვით, თავდამსხმელები მას თავდაპირელად მოყინულ გზაზე მოცურებული მანქანის გასწორებაში ეხმარებოდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც პირბადე მოიხსნა და იცნეს ვინ იყო, მისი მისამართით აგრესიულები გახდნენ. 

სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია ტელეკომპანიების "ფორმულასა" და "ტვ პირველის" მიმართ ჰქონდათ. იგი ამ ფაქტს კრიტიკული ტელევიზიების მისამართით ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას უკავშირებს. ასე შეაფასა მომხდარი არასამთავრობო სექტორმაც. 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ