'ივანიშვილის გადაწყვეტილება თავს დაესხას მედიას, ავტორიტარიზმის ნიშანია', - ოპოზიცია
11.03.2021
"ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით", - ამ განცხადებით ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიები სასამართლოს განჩინებას "TV პირველიდან" მასალების ამოღების თაობაზე.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ რეჟიმის სურვილი, დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილსა ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.

"ტვ პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.
 
ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. 
 


შეგახსენებთ, 10 მარტს სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, რომ “ტელეკომპანია პირველიდან” ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები ამოიღოს. ტელევიზიაში ამბობენ, რომ პროკურატურა იმ კონვერტს ითხოვს, რითაც მეხსიერების ბარათი მიიღეს, ეს კი ნიშნავს, რომ მათ წყაროზე გასვლა სურთ. მაუწყებელში კითხვები ჩნდება იმ ფაქტის გამოც, რომ მათ მასალების მიწოდების შესახებ წერილი არ მიუღიათ, მოსამართლემ პირდაპირ პროკურატურას მისცა მასალების ამოთების უფლება, რაც ირიბად, ტელევიზიაში ჩხრეკის ჩატარებას ნიშნავს.
 
საქართველოს პროკურატურამ, TV პირველის მიერ 6 მარტს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკაშირებით, გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე 9 მარტს დაიწყო.

სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც დღეს "TV პირველის" დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა გამართეს, ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა დიპლომატიურ კორპუსს მიმართა სწრაფად ირეაგირონ მომხდარზე:

"ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაგირება. დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის ხელისუფლების, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტვ პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს”, - განაცხადა წერეთელმა.

გიორგი მშვენიერაძე, რომელიც “TV პირველის” ინტერესებს იცავს მასალის ამოღების საქმეში, აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ, რადგან, ვიდრე ეს განჩინება ძალაში ექნება, პროკურატურას ექნება საშუალება, ნებისმიერ დროს შევიდეს ტეელვიზიაში იმ ნივთის ამოსაღებად, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. და იქვე ხაზს უსვამს, რომ ეს ნივთი რომც არსებობდეს, მის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა. 

მომხდარს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლოს განჩინება ბევრი კუთხით არის პრობლემური. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, ეს განჩინება საშიში პრეცენდენტია. იგი ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს. ეს განჩინება მძიმე და საშიშ პრეცენდენტად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამმისი განცხადებით, განჩინება დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. მედიაკოლიციამ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ არსებობს საფრთხე მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ. 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ