კომერციული რეკლამების შემცირების გავლენა ტელევიზიებზე
15.03.2021
2020 წელს ტელევიზიებში კომერციული შემოსავალი 9%-ით შემცირდა. მართალია, პოლიტიკურმა რეკლამამ წლის განმავლობაში შემოსავლები დაასტაბილურა, მაგრამ, მაუწყებელთა ნაწილზე, განსაკუთრებით მცირებიუჯეტიან ტელევიზიებზე, კომერციული შემოსავლის კლება მაინც მძიმედ აისახა.

“ვგეგმავდით განვითარებას, გვქონდა ტექნიკური გადაიარაღების და ახალი გადაცემის დაწყების გეგმები, მაგრამ, რა თქმა უნდა, გაჩერდა ეს ყველაფერი”, - ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ წლებია “კავკასია” ისედაც მწირი შემოსავლებით არსებობს, შესაბამისად, ამ “დარტყმასაც გაუძლეს”, თუმცა, არ იყო მარტივი: “უმძიმესი გავლენა იქონია, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ არსებობას”.

როგორც “მედიაჩეკერთან” მაუწყებლების სარეკლამო სამსახურები განმარტავენ, ტელევიზიების ძირითად ნაწილთან გასულ წელს რეკლამები იმ კომპანიებმა შეაჩერეს, რომლებიც შეზღუდვების გამო აღარ ფუნქციონირებდნენ და მომხმარებლებს მომსახურებას ვეღარ უწევდნენ.

მაგალითად, შეზღუდვების პირველი ტალღის დროს უმეტესად ქართული კომპანიებიდან წამოსული რეკლამების შეჩერებაზე საუბრობენ “TV პირველში”. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ამ კუთხით 2020 წლის გაზაფხულზე მიიღეს.

პანდემია განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ისედაც მცირეშემოსავლიანი რეგიონული ტელევიზიებისთვის. “ საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსს” კომერციული დამკვეთებისგან 100 ათას ლარზე მეტი ოდენობის შესყიდვები გაუუქმდა. რეგიონული არხების უმრავლესობაში კომერციული რეკლამებიდან შემოსავლის დაახლოებით 70-80%-იანი კლება დაფიქსირდა. რეკლამები გააჩერეს მსხვილმა დამკვეთებმა, მათ შორის, ბანკებმა და საკომუნიკაციო კომპანიებმა.

“ჩვენთან გაცილებით უფრო დრამატულია კლება ვიდრე, ეროვნულ მაუწყებლებში. ახლა საერთოდ ნულოვანია შემოსავლები რეგიონულ ტელევიზიებში, კომერციული მხარდაჭერის გეგმებიც კი არ არსებობს. როგორც კი პანდემია დაიწყო, პირველადი შემცირებები, რაც მოხდა იყო რეგიონულ მედიებთან ბიუჯეტებზე”, - ამბობს “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი და ამატებს, რომ გასული წელს ეს კლება დონორთა მხარდაჭერამ დააკომპენსირა, - “რაც რეგიონულ ტელევიზიებში შევიდა როგორც კომერციული მომსახურება. პოლიტიკურმა რეკლამამაც დაასტაბილურა ბევრი რამ, ამან გადაარჩინა გარკვეულწილად ეს სექტორი. მეტი დარტყმა ჰქონდა რადიოებს, იყო პირდაპირი ვარდნა და საერთოდ არანაირი რეკლამა არ გაიყიდა”.

შემოსავლების ვარდნა განსაკუთრებით მტკივნეული დაუგეგმავი ხარჯების ზრდის ფონზე იყო: “განსაკუთრებით გაიზარდა გადაადგილებისა და დამცავი ეკიპირების ხარჯები. აქაც ხელშეწყობა რეგიონულ მედიებში ძირითადად დონორებიდან მოდიოდა. სწორედ დონორების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი სახელფასო ანაზღაურების შენარჩუნება”.

რეკლამების ძირითადი ნაწილის განთავსების კუთხით საქართველოს 7 ტელევიზიას: ”რუსთავი 2-ის” ჯგუფში შემავალ არხებს: “რუსთავი 2-ს”, “მარაოს”, “კომედი არხს”, “იმედი ჰოლდინგის” სამ არხს: “იმედს”, “მაესტროსა” და “GDS-ს” და “POSTV-ს” მომსახურებას კომპანია Dac capital უწევს.

ორგანიზაციის დირექტორი დავით ჭეჟეა განმარტავს, რომ ზემოთ ნახსენებ 6 მაუწყებელზე ( გარდა პოსტვ-ისა) რეკლამებზე მოთხოვნები გასულ წელს, მეორე კვარტალში, 30%-ით დაეცა. ძირითადად საყოფაცხოვრებო დარგის კომპანიებისგან, ასევე მცირედით შემცირდა რეკლამები სწრაფი რეალიზების პროდუქტებზე ( FMCG ). აღნიშული ვარდნა ძირითადად კონკრეტული ბიზნესობიექტების მუშაობის შეჩერებამ და დროებით დახურვამ გამოიწვია.

“ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო დიდ ბრენდებზე. ზოგადად ასეთ კომპანიებს რეკლამაზე გაწეული ხარჯი მიბმული აქვთ გაყიდვებზე, თუ გაეზარდათ გაყიდვები, დიდი ალბათობით, იზრდება სარეკლამო ბიუჯეტებიც. ახლა ტენდენცია რაც ჩანს, არის ზრდისკენ”, - განმარტავს ჭეჟეა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

“კოვიდ-პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირებაა” დასახელებული იმ მიზეზებს შორის, რის გამოც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ცოტა ხნის წინ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც შესაძლოა “სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება” მოჰყვეს.

ტელეკომპანია “იმედში” კი აცხადებენ, რომ კომერციული რეკლამებიდან შემოსავლის კლებას გავლენა არ ჰქონია არხის მუშაობასა და გეგმებზე.

როგორი იქნება მიმდინარე, 2021 წელი, ტელევიზიებში პროგნოზი უჭირთ. ამის მიზეზი პანდემია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და პოლიტიკური ვითარებაა. წინა წელთან შედარებით უკეთესი ვითარებაა ეროვნულ მაუწყებლებში, თუმცა კვლავ მძიმე კრიზისის წინაშე რჩებიან რეგიონული არხები, რომლებთან მიმართებაშიც, ნათია კუპრაშვილის ინფორმაციით, რეკლამის დამკვეთებს გეგმები არ აქვთ, აქტივობები და გეგმების განხორციელება გვიანდება სამოქალაქო ორგანიზაციებიდანაც, რომლებთანაც რეგიონულ მაუწყებლებს დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ