სასამართლომ რუსთავი 2-ის უძრავი ქონება სრულად დააყადაღა
18.05.2021
სასამართლოს განჩინებით "რუსთავი 2-ის" უძრავ ქონებას: მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას ყადაღა დაედო. ინფორმაციას "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი ქაიმიძის, ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

აქამდე, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის წილის 60% იყო დაყადაღებული. თუმცა ყადაღა არ ედო უძრავ და მოძრავ ქონებას.

რას ითხოვდნენ "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლები?

უძრავი ქონების დაყადაღების გარდა, დვალი და აქიმიძე "რუსთავი 2"-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბარ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

"რუსთავი 2-ის" დამფუძნებლების უფლებადამცველი კვლავ შერჩევით სამართალზე საუბრობს.

"ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.", - ამბობს კოჟორიძე.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა "რუსთავი 2" მის დამფუძნებლებს დაუბრუნდეს.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სასამართლოს “რუსთავი 2-ის” ქონების გასხვისების აკრძალვის თხოვნით მას შემდეგ მიმართეს, რაც “რუსთავი 2-ისა” და “ პრაიმ თამის” ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არხის დამფუძნებლები ახალი ჰოლდინგური კომპანიისთვის ქონების შესაძლო გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ.

საქმის დეტალები
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2017 წლის 2 მარტს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
  • "რუსთავი 2-მა" და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.
  • 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
  • 2019 წლის 18 ივლისს ცნობილი გახდა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აღსრულების შეჩერება გაუქმდა, არხი კვლავ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა. მაშინ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" 60%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, "რუსთავი 2-ის" 40%-იან წილს ფლობს კომპანია “პანორამა”, რომლის მესაკუთრეც ქიბარ ხალვაშია. ტელეკომპანიის თავდაპირველი მესაკუთრეები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2-ის" დაბრუნებას დღემდე ცდილობენ.

2021 წელს "რუსთავი 2"-ისა და "პრაიმ თაიმის" მონაწილეობით ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შეიქმნა, რომლის 90%-იანი წილი შპს "პრაიმ თაიმს", 10% კი შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს" ეკუთვნის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ