„როსკომნადზორი“ ქართულ მედიებზე რუსეთის კანონმდებლობის გავრცელებას ცდილობს - რატომ არის ხელისუფლების რეაგირება საჭირო
11.04.2022
„როსკომნადზორი“ ქართული ონლაინ მედიასაშუალებების რუსულენოვანი გამოცემებიდან უკრაინის ომზე გამოქვეყნებული მასალების წაშლას ითხოვს. საქართველოს მთავრობა დუმს.

რა ხდება

9 აპრილს, ონლაინ მედია „ნეტგაზეთმა“ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო “როსკომნადზორისგან“ გამაფრთხილებელი წერილი მიიღო, სადაც რუსეთის მარეგულირებელი ითხოვს, რომ გამოცემამ რუსულ ვერსიაში უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა წაშალოს.

გასული კვირის განმავლობაში, “როსკომნადზორისგან“ ორჯერ მიიღო მსგავსი ოფიციალური წერილი საინფორმაციო სააგენტო „აქცენტმაც“, რომელიც კონფლიქტებს, რეგიონალურ და საერთაშორისო თემებს 3 ენაზე - ქართულად, რუსულად და ინგლისურად აშუქებს.

მათ მიერ გავრცელებული მასალებიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს ეხებოდა.

რას ითხოვს „როსკომნადზორი“

  • რუსეთის მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ „ნეტგაზეთსა“ და „აქცენტზე“ ომთან დაკავშირებული სტატიები “კანონის დარღვევით” არის გავრცელებული.
  • ითხოვს, რომ მედიებმა 24 საათში წაშალონ მასალები.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთში ამ მედიასაშუალებებზე წვდომა შეიზღუდება.

„გვწერენ, რომ „აქცენტზე“ განთავსებულმა მასალებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია რუსეთშიო. თუ არ დავემორჩილებით მოთხოვნას და არ წავშლით მასალებს, ამ შემთხვევაში „როსკომნდაზორი“ გეგმავს თავის ტერიტორიაზე წვდომა შეზღუდოს „აქცენტზე“ - ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი გვანცა ფიფია.

  • რუსეთში, მარტში მიღებული ახალი კანონის თანახმად, უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციის გავრცელება იკრძალება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას ეწინააღმდეგება. 
  • მაგალითად, რუსეთი მოითხოვს, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაცია” ეწოდოს რუსეთის ხელისუფლების უკრაინაში შეჭრას და წარმოებულ ომს. 
  • „როსკომნადზორი“ ცდილობს ახლა უკვე თავისი კანონმდებლობა ქართული მედიასაშუალებებზეც გაავრცელოს და ითხოვს, რომ წაშალონ კონკრეტული მასალები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება.

მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?

რა პრობლემაა

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ კორდინატორი ნათია კაპანაძე „როსკომნადზორის“ ქმედებას საფრთხედ აღიქვამს და ამბობს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება:

  • როსკომნადზორი, რომელიც რუსეთში ფუნქციონირებს, ვერ აღიქვამს საქართველოს სახელმწიფოს, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას. 
  • მას არ აქვს უფლება, მედიასაშუალებას გაუკეთოს კონკრეტული დათქმა/მითითება მასალასთან დაკავშირებით. ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება.
  • როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცენზურის დაშვებაზე და თვითცენზურის საფრთხეებზე, ეს კონკრეტული მცდელობა ნიშნავს კიდევ ერთი, ახალი საფრთხის წარმოქმნას. 

ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში, ხელისუფლების მხრიდან, საჭიროა მინიმუმ სწორი შეფასება და მედიის დამოუკიდებლობის საჯარო მხარდაჭერა:

„ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება, იქნება დაშვება და შესაძლებლობის გაჩენა, რომ თითქოს, არის შანსი, რომ სხვა ქვეყანამ სცადოს გავლენის მოხდენა საქართველოში მედიასაშუალების მუშაობაზე“ - ამბობს ნათია კაპანაძე.

ამ თემაზე: რუსეთს ქართული მედიის დარეგულირებაც უნდა - თავისი კანონებით

რას აპირებენ „ნეტგაზეთი“ და „აქცენტი“

„აქცენტის“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელები არ აპირებენ, დაემორჩილონ როსკომნადზორის მოთხოვნას და მიიჩნევენ, რომ „როსკომნადზორის“ ქმედებაზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა ჰქონდეს

  • „სახელმწიფომ უნდა დაგვიცვას და ცდილობდეს, რომ ქვეყნის ასეთმა მარეგულირებელმა ორგანოებმა თავს უფლება არ მისცენ, რომ სხვა სუვერენული ქვეყნის მედიასაშუალებას გაუგზავნონ ასეთი წერილი“ - გვეუბნება „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე
  • „ცდილობენ, თავიანთი კანონი გაავრცელონ სხვა ქვეყანაში და ამის არანაირი უფლება არ აქვთ. ვფიქრობ, რომ ამაზე რეაგირება უნდა იყოს“ - ამბობს „აქცენტის“ ხელმძღვანელი გვანცა ფიფია

„ნეტგაზეთისა“ და „აქცენტის“ ხელმძღვანელებს სახელმწიფო უწყებებისთვის არ მიუმართავთ: ამბობენ, ამბის საჯაროდ გავრცელების შემდეგ, შესაბამისი ორგანოები თავად უნდა დაინტერესდნენ საკითხით.

ქართული მხარის შეფასებები

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ქართულ მედიასაშუალებებზე თავისი კანონმდებლობის გავრცელების მცდელობას ამ დრომდე არ გამოხმაურებია არც ერთი სახელმწიფო ორგანო.

მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ და დაგვიკავშირდებიან, თუმცა მას შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებზე აღარ გვპასუხობენ.

ამ საკითხს ოფიციალურად არ გამოხმაურებია არც კომუნიკაციების კომისია. კომისიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „არც ნეტგაზეთზე და არც სხვა ნებისმიერ ქართულ მედიაზე რუსული მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება და კომპეტენცია არ ვრცელდება“.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ