ისრაელი აღიარებს, რომ „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტი, დიდი ალბათობით, მათმა ჯარისკაცმა მოკლა
06.09.2022
ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღიარა, რომ პალესტინელ-ამერიკელი ჟურნალისტი, შირენ აბუ აკილი, მათი მხრიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ისრაელის მხარემ მომხდარის შიდა გამოძიების შედეგები 5 სექტემბერს გამოაქვეყნა.

რა მოხდა?

2022 წლის 11 მაისს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ მოწყობილი ოპერაციის გაშუქებისას “ალ-ჯაზირას” ერთი ჟურნალისტი მოკლეს, ერთი კი - დაჭრეს.

მოკლულ ჟურნალისტს შირინ აბუ აკლის პრესის ნიშნის მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა, ის 51 წლის იყო.

ამ თემაზე: ისრაელის რეიდის დროს „ალ-ჯაზირას“ რეპორტიორი მოკლეს

რას ამბობს ისრაელის მხარე?

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში წერია, რომ შეუძლებელია დადგინდეს სროლის წყარო, რომელმაც ჟურნალისტი მოკლა, თუმცა, დიდი ალბათობით, კორესპონდენტს შემთხვევით ისრაელის თავდაცვის ძალების იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა.
  • ისრაელის არმია მომხდარში მონაწილე ჯარისკაცების მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს.
  • ისრაელის მხარე განმარტავს, რომ მათი ჯარისკაცები მხოლოდ “შეიარაღებულ ტერორისტებად” იდენტიფიცირებულ პირებს უმიზნებდნენ და არ არსებობს ეჭვი, რომ ტყვია სამოქალაქო პირს, კონკრეტულად ჟურნალისტს განზრახ ესროლეს.

“ალ-ჯაზირას” პასუხი

მოკლული ჟურნალისტის დამსაქმებელი მედიასაშუალება “ალ-ჯაზირა” ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიებას გმობს და მიიჩნევს, რომ შემთხვევიდან 100 დღეზე მეტით ამ გამოძიების შედეგების დაგვიანება ჟურნალისტის მკვლელობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ