„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, რომელიც დამოუკიდებელ
ჟურნალისტიკას მთელს მსოფლიოში უჭერს მხარს, „სინათლე მედიას“ შესახებ
გამოაქვეყნა
სტატია სათაურით - „“სინათლე მედია“
საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადასარჩენად ერთობას
ირჩევს“. ის IPI-ის წევრი 2026 წელს გახდა. „მედიაჩეკერი“ ამ
სტატიას სრულად გთავაზობთ.
„სინათლე მედია“ სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელ ონლაინმედიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და, უკვე წელიწადზე მეტია, მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
---------------------------------------
გარე დაფინანსების შეწყვეტისა და მზარდი წნეხის ფონზე, 22 ქართული ონლაინ გამოცემა შემოსავლის ახალ მოდელებს ცდის და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გადასარჩენად შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
2025 წლის 13 აგვისტოს 22 ქართული მედიასაშუალების ვებგვერდი გაითიშა.
„ამან სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან საზოგადოება შეშინდა, რეჟიმის მხრიდან თავდასხმა არ ყოფილიყო“, - თქვა „სინათლე მედიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ქავთარაძემ. თუმცა ვებგვერდები განზრახ იყო გათიშული.
კამპანია „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ იმ მედიასაშუალებებმა წამოიწყეს, რომლებსაც სულ უფრო რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. თავდაპირველად ის იმ რედაქციების მხარდასაჭერად დაიწყო, რომლებსაც საოპერაციო ხარჯების დაფარვა უჭირდათ. თუმცა, სამი საათით მუშაობის შეწყვეტით აუდიტორიას ისიც დაანახეს, როგორი შეიძლება იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გარეშე.
„სინათლე მედიასთვის“ საქართველოში არსებულ მედიაკრიზისზე ერთობლივი რეაგირება არჩევანი არ ყოფილა. ქსელი 2025 წლის აგვისტოში შეიქმნა, მზარდი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, რამაც ევროპაში მედიის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვარდნა გამოიწვია. ის აერთიანებს 22 დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემას, ქვეყნის უმსხვილესი მედია ორგანიზაციებიდან დაწყებული, უფრო მცირე, რეგიონული რედაქციებით დამთავრებული, რომლებიც მასალებს ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე აქვეყნებენ.
საქართველოში დამოუკიდებელ მედიაზე წნეხი წლების განმავლობაში იზრდებოდა. ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად იქცა: ჟურნალისტებს სცემდნენ, აკავებდნენ, მათზე თავდასხმები კი ძირითადად დაუსჯელი რჩებოდა, მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ფონზე. 2025 წლის 6 აგვისტოს, 200 დღეზე მეტი ხნის წინასწარ პატიმრობაში გატარებისა და პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლომ მზია ამაღლობელს, IPI-IMS-ის „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირსა“ და დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უსამართლო პატიმრობიდან წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის.
უცხოური დაფინანსების შესახებ მიღებულმა უკიდურესად
მკაცრმა კანონებმა რედაქციებისთვის საზღვარგარეთიდან თანხის მიღება
თითქმის შეუძლებელი გახადა, რამაც მათი შემდგომი საქმიანობა საფრთხის
ქვეშ დააყენა. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, შემოქმედებითი მიდგომა
გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა.
სინათლე არ უნდა ჩაქრეს
Sinatle ქართულად ნიშნავს „სინათლეს“, სიმბოლოს,
რომელიც ქსელის საქმიანობას გასდევს. მისი პირველი ქრაუდფანდინგის
(დაფინანსება ხალხის მიერ გაღებული შემოწირულობებით) კამპანია იმ
იდეას ეფუძნებოდა, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას მკითხველის
მხარდაჭერა სჭირდებოდა, რათა მას შესძლებოდა, ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებისთვის კვლავაც მოეფინა ნათელი. მალე კამპანია
ფართომასშტაბიან წამოწყებად იქცა, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის
დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობის ჩვენება და მის მხარდასაჭერად
შემოქმედებითი გზების შეთავაზება გახდა.
და მათ ეს შეძლეს. მხარდამჭერები შეუერთდნენ ორგანიზაციის ყოველწლიურ ფლიმარკეტს სლოგანით - „გაყიდე და იყიდე სინათლისთვის“, რაც გასცდა რედაქციების მხარდაჭერის ტრადიციულ ფორმებს, როგორიცაა შემოწირულობები ან სოციალურ ქსელებში დატოვებული კომენტარები. ისინი შეიკრიბნენ თბილისის ქუჩებში, 60-მა ადამიანმა მთელი დღე დახლებთან გაატარა და გაყიდა საკუთარი ნივთები თანხის შესაგროვებლად, ამასთან, ბევრმა სხვამ აუქციონზე გასატანად ხელოვნების ნიმუშები და სხვა ღირებული ნივთები გაიღო. ამგვარი პირველი მცდელობით თითქმის 100 000 ლარი (დაახლოებით 34 500 ევრო) შეგროვდა, შემოწირული ნივთების ნაწილი კი გაიყიდება ონლაინ მაღაზიის მეშვეობით, რომლის შექმნაზეც ამჟამად მუშაობენ.
თანხებს ქსელის წევრები და საბჭო შიდა, სამართლიანი
განაწილების წესით ანაწილებენ, აფასებენ საჭიროებებს და ერთობლივად
წყვეტენ, ვის სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა ყველაზე მეტად. ეს
მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ
დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას ფინანსურად ყოველთვის უფრო უჭირდა - ამ
წნეხის გამო კი რედაქციებში ადამიანთა რაოდენობა მცირდება.
სექტორებს შორის სოლიდარობა
ჩნდება და ძლიერდება
სოლიდარობის ამ სულისკვეთებამ ქსელში მედია სექტორს მიღმა მყოფი
ადამიანებიც გააერთიანა. „სინათლე მედია“ მათ თავის „მხარდამჭერთა
არმიად“ მოიხსენიებს: ინდივიდუალური დონორები, გამომცემლები,
შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და სხვები, რომლებიც საკუთარ
დროს, ცოდნასა და რესურსების იღებენ. მათი ჩართულობა სულ უფრო
მნიშვნელოვანი ხდება იმ ფონზე, როდესაც დამოუკიდებელ მედიაზე არსებული
წნეხი მთელს საგამომცემლო და საინფორმაციო ეკოსისტემაზე
ვრცელდება.
ქართულმა სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა ახლახან შექმნა პრო ბონო კამპანია - „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს“, რომელიც ასახავს „სინათლე მედიას“ მთავარ იდეას: სიმართლის მიჩქმალვა შესაძლებელია, მისი სამუდამოდ წაშლა კი - შეუძლებელი.
კამპანიამ, რომელმაც ახლახანს Ad Black Sea-ზე რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, ეს იდეა შემოქმედებითი პროექტების სერიით გააცოცხლა. ფილმში სინათლე იმის საჩვენებელ მეტაფორად იქცა, რის დაფარვასაც სიბნელე ცდილობს. ბეჭდური გაზეთის წაკითხვა მასზე მხოლოდ სინათლის მინათებით იყო შესაძლებელი, რამაც ინფორმაციის მიღების მარტივი პროცესი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინაშე არსებული გამოწვევების ვიზუალურ გამოხატულებად აქცია. თბილისში, ბარ „ანტენაში“ მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც „სინათლე მედიას“ დაარსების წლისთავს მიეძღვნა, ორგანიზატორებმა კედლებზე ის საპროტესტო სტენსილები აღადგინეს, რომლებიც თავის დროზე ქალაქის ქუჩებში გაჩნდა და მოგვიანებით წაიშალა. ჩვეულებრივ განათებაზე კედლები ცარიელი ჩანდა, მათზე სინათლის მინათებისას კი პირვანდელი გზავნილები ხელახლა ჩნდებოდა.
თეო ქავთარაძე, „სინათლე მედიას“ გამგეობის თავმჯდომარე:
„როგორც ჟურნალისტს, საკუთარი საქმის გასაგრძელებლად აპლოდისმენტები
არ გჭირდება, მაგრამ ეს მხარდამჭერები იმისთვისაა აუცილებელი, რომ
შენი საქმიანობა ხელყოფის, წნეხისა და რეჟიმისგან დაიცვა. სწორედ
ამიტომ გვჭირდება ეს მხარდაჭერა“.
სიახლის ძიება წნეხის
პირობებში
მიუხედავად ამისა, მხოლოდ ქრაუდფანდინგი ვერ უზრუნველყოფს მდგრადობას
ისეთ ქვეყანაში, სადაც ბევრი პოტენციური მხარდამჭერი თავადვე აწყდება
ფინანსურ პრობლემებს, ხელისუფლება კი დამოუკიდებელი მედიის მიმართ
აუდიტორიის ნდობის შერყევას ცდილობს. პარტია „ქართულმა ოცნებამ“
ქსელის წინააღმდეგ ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანია აწარმოა, ის
მის წევრებს უცხოური დაფინანსების უკანონოდ მიღებასა და „საქართველოს
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“, ქვეყანაში მედიისა და
კომუნიკაციების ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, „უცხო ქვეყნის
აგენტებად“ გადამზადების გავლაში ადანაშაულებდა. „სინათლე“ ამ
ბრალდებებს უარყოფს.
„სინათლე მედია“ ამ წნეხს ნაწილობრივ შემოსავლის ახალი წყაროების განვითარებით უპირისპირდება. ბრენდირებულ ნივთებთან და მედიების გამოცემულ წიგნებთან ერთად, მათ ახალ პროდუქტებს შორისაა ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ქსელის 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის კონტენტს აერთიანებს და აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისა და იმ საერთაშორისო აუდიტორიისთვის, რომლებსაც დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა სურთ.
შესაძლოა, რედაქციებს ადრინდელთან შედარებით ნაკლები რესურსი აქვთ, თუმცა ერთობლივად მათი გავლენა გაიზარდა.
ქეთევან ქავთარაძე, „სინათლე მედიას“ გენერალური დირექტორი: „დიდი გეგმები გვაქვს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიცი, რომ ქვეყანა ფეხზე დადგება და როდესაც ეს მოხდება, „სინათლე“ იქნება დიდი ქსელი, რომელიც მხარს დაუჭერს, გააძლიერებს და განვითარებაში დაეხმარება საკუთარ წევრებს. ეს არის მთავარი მიზანი სამომავლოდ“.
„სინათლე მედია“ IPI-ის წევრია, მონაწილეობდა 2026 წლის
მედია ინოვაციების ფესტივალსა და 2025 წლის მსოფლიო კონგრესსა და
მედია ინოვაციების ფესტივალში.
ეს
სტატია თავდაპირველად მოამზადა და გამოაქვეყნდა
IPI-იმ.

