„9 ნოემბერს შუქს ჩავაქრობთ სახლში, სადაც 30 წელი ვცხოვრობდით“, - რუსეთში „ნოვაია გაზეტა“ იხურება
30.10.2026


რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე რედაქტორთა ჯგუფის სახელით გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 9 ნოემბრიდან გამოცემა საქმიანობას წყვეტს:

„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს შუქს ჩავაქრობთ სახლში, სადაც 30 წელი ვცხოვრობდით, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ. გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რედაქციას საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს“.

სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ გამოსახლების წერილთან ერთად, „ნოვაია გაზეტას“ გაუუქმეს დონაციის სისტემა, რომელიც მათ მკითხველებისგან შემოწირულებების მიღების საშუალებას აძლევდა:

„საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩვენ, ისევე როგორც ყველა სხვა ჟურნალისტს, წაგვართვეს შესაძლებლობა გველაპარაკა აწმყოს ყველაზე მნიშვნელოვან და ტრაგიკულ მოვლენებზე. მიიღეს კანონები, რომლებმაც ქვეყანაში ცენზურა დააბრუნა. შემდეგ ეს ცენზურა პრაქტიკულად ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე გავრცელდა. 

ხელისუფლებამ დაბლოკა ჩვენი ყველა ინტერნეტ რესურსი. სახელმწიფომ წაგვართვა სტამბა, ხოლო სხვა სტამბებში დასაქმებულმა სპეცსამსახურების ოფიცრებმა და ცენზორებმა უარი თქვეს გაზეთის დაბეჭდვაზე. ჩვენი მრავალი თანამშრომელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. შემდეგ სახელმწიფომ ჩამოგვართვა მასმედიის რეგისტრაცია, წაგვართვა უფლება, რომ საკუთარი შრომით გვეშოვნა საარსებო წყარო“. 

სარედაქციო ჯგუფი წერს იმ დევნასა და რეპრესიებზეც, რომლებსაც „ნოვაია გაზეტა“ და მისი ჟურნალისტები რუსეთში განიცდიან. წერილში მოყვანილია მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვზე განხორციელებული თავდასხმა, ჟურნალისტ ელენა მილაშინის გატაცება და ცემა, გაზეთის მმართველი რედაქტორის, ოლეგ როლდუგინის დაკავება, ჩატარებული ჩხრეკები:

„წელს, სექტემბერში, მთელი რედაქციის პერსონალი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადეს, სიაში ასზე მეტი ადამიანი ჩაწერეს - ჟურნალისტები და ავტორები. თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სპეცსამსახურების ალყაში მუშაობა. და ახლა – მორჩა. ჩვენ „მკვლელ ზონაში“ აღმოვჩნდით. ეს მხოლოდ ჩვენი პირადი ისტორია არ არის. ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების ისტორია, რომელსაც ზუსტად ასე ანადგურებენ“.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ 7 ოქტომბერს, „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორეპონდენტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-20 წლისთავზე დაწერა, რომ ამ წლების განმავლობაში, რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ხელმისაწვდომი სივრცე თანდათან და სისტემატურად შემცირდა: 

„2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება აიკრძალა, დაიბლოკა, „უცხოეთის აგენტად“ ან „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, ან იძულებული გახდა, საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეგრძელებინა.

„ნოვაია გაზეტა“, ანა პოლიტკოვსკაიას გაზეთი, ამ რეპრესიების კლასიკური მაგალითია. 2000 წლიდან მოყოლებული, გაზეთის 6 ჟურნალისტი და კონტრიბუტორი მოკლეს. 2022 წელს გაუქმდა მისი ბეჭდური და ონლაინგამოცემის ლიცენზიები, ხოლო მის ყოფილ მთავარ რედაქტორსა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვის 2023 წელს, „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიენიჭა. 2026 წლის 4 სექტემბერს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „ნოვაია გაზეტა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა და მასთან დაკავშირებული 106 ადამიანი „უცხოელ აგენტებთან აფილირებულ“ პირთა სიას დაამატა“. 

2026 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში რუსეთი 180 ქვეყანას შორის 172-ე ადგილს იკავებს. 

წაიკითხეთ „მედიაჩეკერის“ არქივიდან - „რუსეთში დახურული მედიაგამოცემები“

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ