Amnesty International: აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ
31.10.2026

ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ წერს და აცხადებს, რომ საპატიმროში მათ სათანადო სამედიცინო დახმარება არ მიეწოდებათ. 

ორგანიზაციის ცნობით, Meydan TV-ის მთავარ რედაქტორს, აინურ ელგუნაშს, რომელსაც თირკმლის სერიოზული დაავადება აწუხებს და ექიმების რეკომენდაციით, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, 2026 წლის 18 ოქტომბერს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაცია არ ჩატარებია, მას გულმკერდის არეში სიმსივნეებიც აღმოაჩნდა.

26 ოქტომბერს, ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ელგუნაშის შინაპატიმრობის შუამდგომლობაც, „მიუხედავად სამედიცინო მტკიცებულებებისა, რომლებიც ადასტურებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება“.

Amnesty International-ის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გარეშე არიან დარჩენილნი სხვა ჟურნალისტებიც: აითაჯ თაფდიგი, რომელსაც ცხვირის ძგიდის გამრუდება აქვს, უკვე 22 თვეზე მეტია ოტორინოლარინგოლოგის მომსახურებას ვერ იღებს; შამშად აღა, რომელსაც კუჭის წყლილი აქვს და ესაჭიროება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება იმ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის გადაიყვანეს. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამივე მათგანი, Meydan TV-ის ყველა იმ ჟურნალისტთან ერთად, რომლებიც შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების სამიზნეები არიან, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი მიმართავში Amnesty International-ი მიუთითებს, რომ აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს ეუბნებიან სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, მაგ: Toplum TV-ისა და Abzas Media-ს თვითნებურად დაკავებულ ჟურნალისტებსაც, რაც შეიძლება გაუტოლდეს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.

ორგანიზაცია წერს, რომ მათ მიიღეს ცნობები იმის შესახებაც, რომ დაკავებული ჟურნალისტები გახდნენ პოლიციისა და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლების მხრიდან წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნიც. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილი Amnesty International-მა მისი კამპანიის ფარგლებში გამოაქვეყნა და სხვებსაც მოუწოდებს მოქმედებისკენ, მიმართონ ილჰამ ალიევს თავიანთი სიტყვებით ან გამოიყენონ წერილის შაბლონი. 

ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის ნოემბრიდან მოყოლებული აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია დაკავებული, 2024 წლის 6 დეკემბრის შემდეგ დაკავებულთაგან სულ მცირე 12 პირი დაკავშირებულია Meydan TV-სთან, ბაქოს ჟურნალისტიკის სკოლასთან და სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან. Amnesty International-ი წერს, რომ მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2-ე მუხლით („უცხოური ვალუტის კონტრაბანდა“) - „ბრალდება, რომელიც აზერბაიჯანში არა ერთხელ თვითნებურად იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი მედიის, მათ შორის Abzas Media-სა და Toplum TV-ის გასაჩუმებლად“.

„2026 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა 12-ვე ბრალდებულის წინააღმდეგ შეიტანა კოლექტიური სამოქალაქო სარჩელი 79 089 აზერბაიჯანული მანათის (46 500 აშშ დოლარი) ოდენობით, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მიმდინარე პროცესი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადვოკატების თქმით, დაკავებული ჟურნალისტები უკიდურესად გადატვირთულ საკნებში იმყოფებოდნენ (8-10 ადამიანისთვის განკუთვნილ საკნებში 15-18 დაკავებული იყო მოთავსებული), 

რამდენიმემ კი პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა: ულვია გულიევას პოლიციელები ორჯერ დაემუქრნენ გაუპატიურებით და მასზე ფიზიკურად იძალადეს, აისელ უმუდოვა 2024 წლის 6 დეკემბერს, დაკავებისას პოლიციელებმა სექსუალურად შეავიწროვეს, ხაიალა აღაევამ - ფსიქოლოგიური ძალადობის, ნურლან გაჰრამანლიმ კი ფიზიკური თავდასხმის შესახებ განაცხადა. როგორც ის წერს, ეს ბრალდებები სათანადოდ არ გამოძიებულა, ულვია გულიევა კი, რომელსაც რეგულარული ინექციები ესაჭიროება, კვლავაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს:

„Amnesty International-მა დააფიქსირა გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების პრაქტიკა, რომელიც მიმართულია იმ ქალების გაჩუმებისკენ, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას ან ადამიანის უფლებებს იცავენ“.

ცნობისთვის, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანში მედიის თავისუფლების ხარისხი 23.95 ქულით არის შეფასებული და 180 ქვეყნიდან 171-ე ადგილს იკავებს. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ