მედია ტრამპის მხარეს - როგორ შუქდება ამერიკული არჩევნები
23.05.2016
გამოცემა VOX-მა 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა კვლევითი ორგანიზაცია Crimson Hexagon-ის -ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე უარყოფითად მედია დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლ ჰილარი კლინტონს აშუქებს. მისი მედიაგაშუქების 40%-ზე მეტი უარყოფითია, ხოლო დონალდ ტრამპის შემთხვევაში, უარყოფითი გაშუქების მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ს აღწევს.

მონაცემები დაანგარიშებულია 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით გამოქვეყნებული ათასობით სტატიის პროგრამული ანალიზის საფუძველზე.

დონალდ ტრამპი, რომელიც ფაქტობრივად, აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თავისი შოკისმომგვრელი საჯარო განცხადებებით არაერთხელ გამხდარა არამხოლოდ ამერიკული, არამედ საერთაშორისო მედიის ახალი ამბების მთავარი თემა.

დონალდ ტრამპზე ქმნიან სასაცილო კარიკატურებს, ამზადებენ პოსტერებს, სადაც ის შედარებულია ადოლფ ჰიტლერთან, პარალელებია გავლებული ჰიტლერისა და ტრამპის ფაშისტურ განცხადებებს შორის. მაგალითად, აკრიტიკებენ ტრამპის ინიციატივებს მასობრივი დეპორტაციის შესახებ, მის მოსაზრებებს, რომ მუსლიმები უნდა ატარებდნენ განსხვავებულ ID ბარათს. მედიაში წაიკითხავთ შეფასებებს, რომ ტრამპი იყენებს რასიზმს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და ა.შ.

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკულმა გაზეთმა The Boston Globe-მა გაზეთის სპეციალური, მოდელირებული ნომერი გამოუშვა, სადაც აღწერილია ის „აპოკალიფსური ამბები“, რაც შეიძლება ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში მოხდეს.

ერთი შეხედვით, მედიასა და სოციალურ ქსელებში მსგავსი კამპანია არ არის დემოკრატების კანდიდატობისთვის მებრძოლის, ჰილარი კლინტონის მიმართ. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებენ ციფრები და ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მჭიდრო შეხება აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიასთან.

პოლიტიკოს გამომძიებელი ჟურნალისტის, კენ ვოგელის განმარტებით, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მედიას, ლამის ერთადერთ კომპრომატად, მხოლოდ მისი საჯარო, შოკისმომგვრელი განცხადებები აქვს. სწორედ ამას ეფუძნება ტრამპის კრიტიკა.

რაც შეეხება ჰილარი კლინტონს, მის შემთხვევაში საქმე გაცილებით სერიოზულადაა. ჰილარი კლინტონი აშშ-ს პირველი ლედი ორჯერ გახდა, ის 2000 წელს ნიუ იორკის კონგრესმენად აირჩეს, გარდა ამისა, 2009-2013 წლებში იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. მდიდარ პოლიტიკურ გამოცდილებასთან ერთად, სერიოზულია ბრალდებები მის მიმართ.

ახალი ბრალდება ეხება ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის შეფის, ჯონ პოდესტას დაარსებულ ლობისტურ კომპანიას Podesta Group-ს, რომელსაც რუსულ სბერბანკთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი. The Observer-მა ამის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში, პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, სწორედ პანამის დოკუმენტებმა გამოააშკარავა “კლინტონის საეჭვო კავშირები კრემლთან“.

გარდა ამისა, 2015 წლის მარტში გამჟღავნდა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას ჰილარი კლინტონი ოფიციალური მიმოწერისთვის იყენებდა კლინტონების საკუთრებაში არსებულ სერვერს. ოპონენტების თქმით, ამით მან დაარღვია სახელმწიფო დეპარტამენტის პროტოკოლი. როგორც აღმოჩნდა, პირადი სერვერის გამოყენებით სულ გაგზავნილი იყო 30 ათასზე მეტი ელექტრონული წერილი, მათგან 2000-ზე მეტს სახელმწიფო დეპარტამენტმა გრიფი „საიდუმლო“ მიანიჭა.

FBI აქტიურად იძიებს კლინტონის მიერ თანამდებობაზე ყოფნისას პირადი მეილ სერვერის გამოყენების ფაქტს. არ არის გამორიცხული, დაიკითხოს თავად ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე დაკითხა კლინტონის თანაშემწეები. ამის პარალელურად, კლინტონის ოპონენტები მის დაპატიმრებას ითხოვენ და აქციებსაც კი მართავენ ლოზუნგით „ჰილარი ციხეში“.

ერთი სიტყვით, თუ ტრამპის მედიაგაშუქების დროს აქცენტი მხოლოდ მის დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე კეთდება, კლინტონის წინააღმდეგ მედიაში უფრო სერიოზული კრიტიკა ისმის.

ჟურნალმა The Atlantic-მა გასულ წელს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც გაანალიზებულია თუ რა დროს უთმობენ ამერიკული პრეზიდენტობის თითოეულ კანდიდატს. ამ მონაცემების მიხედვით, 100 დღის განმავლობაში, დონალდ ტრამპი სატელევიზიო გადაცემებში მოიხსენიეს დაახლოებით 334000-ჯერ, კლინტონი - 112000, ბერნი სანდერსი - 86000, ტედ კრუზი - 51000.

პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი სხვა პოლიტიკოსების ტელეეთერში მოხსენიების კოეფიციენტი კიდევ უფრო დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ კლინტონის მოწინააღმდეგეები მედიას ხშირად აკრიტიკებენ კლინტონისადმი დადებით მიკერძოებაში, ეს კვლევებით არ დასტურდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

ავტორი : თაზო კუპრეიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ