გლორია სტაინემი - ჟურნალისტი, მწერალი და ქალთა უფლებების აქტივისტი
12.10.2018
„წერა ერთადერთი რამეა, რომლის პროცესშიც არ მაქვს შეგრძნება,
რომ სხვა რამეს უნდა ვაკეთებდე.“
 


გლორია სტაინემი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი და უკვე საკულტოდ ქცეული ფიგურაა, როგორც პუბლიცისტიკაში, ისე ფემინიზმის ისტორიაში. ჟურნალისტი, მწერალი და ქალთა უფლებების აქტივისტი 84 წლის ასაკშიც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. მის სტატიებს თუ ინტერვიუებს ხშირად შეხვდებით, როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ გამოცემებსა და ტელევიზიებში.

გლორია სტაინემი1934 წლის 25 მარტს, ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში დაიბადა, შოტლანდიური და გერმანული ფესვების მქონე დედისა და ებრაელი მამის ოჯახში. მისი ბებია მამის მხრიდან, პოლინ პერლმუტერ სტაინემი გასული საუკუნის დასაწყისში სუფრაჟისტ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, 1908 წელს კი ქალთა საერთაშორისო საბჭოში დელეგატად იქნა არჩეული. გლორიაც, ბებიის მსგავსად, ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა პოლიტიკით და ადამიანის უფლებებით. 50-იანი წლების დასაწყისში, მასაჩუსეტსის Smith-ის კოლეჯში სწავლისას საგნებს სწორედ ამ მიმართულებით ირჩევდა, რაც მაშინ ქალისთვის დიდი იშვიათობა იყო.

1956 წელს, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სტაინემმა გრანტი მიიღო და ინდოეთში განაგრძო სწავლა, სადაც ორი წელი დარჩა და ინდოეთის სასამართლო სისტემაშიც მოასწრო მუშაობა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, ცოტა ხანში ახლადდაარსებულ სატირულ ჟურნალში - Help დაიწყო მუშაობა. პარალელურად, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან ფრილანსერის სტატუსით. როგორც სტაინემი იხსენებს, მისი პირველი სერიოზული სტატია, 1961 წელს, Esquire-ში გამოქვეყნდა. ეს იყო მასალა კონტრაცეპტივებზე, რასაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა. მომდევნო წლიდან მან უკვე აქტიურად დაიწყო ქალთა უფლებებზე წერა და იმის განხილვა, როგორ ხდებიან ქალები იძულებული კარიერასა და ქორწინებას შორის არჩევანი გააკეთონ.

1963 წლიდან გლორია ცოტა ხნით ცნობილი გამოცემის, Playboy-ს კლუბში მუშაობდა მიმტანად. სწორედ ამ დროს მან Show magazine-სთვის დაიწყო სტატიის წერა, სადაც კლუბში მუშაობის გამოცდილებას აღწერდა. „კურდღლის ამბავი“ - ასე ერქვა სტატიას, რომელიც 1963 წლის მაისში გამოქვეყნდა. მასში სტაინემი დეტალურად ყვებოდა, როგორ ექცეოდნენ ქალებს ასეთ კლუბებში და როგორ ხდებოდა მასკულინური სისტემის მიერ მათი ჩაგვრა და ექსპლუატაცია. სტატია ორ ნაწილად გამოქვეყნდა და მალევე გახდა დიდი ინტერესის საგანი. 1985 წელს, სტაინემის მონათხრობის მიხედვით, ტელეარხმა ABC-მ სატელევიზიო ფილმიც კი გადაიღო.

1964 წლის დეკემბერში გლორია სტაინემმა Cosmopoliten-ისთვის ჯონ ლენონთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. მომდევნო წლიდან კი ტელეკომპანია NBC-ის სატირული გადაცემაში დაიწყო სცენარისტად მუშაობა. 1968 წელს სტაინემს New York Magazine-ში შესთავაზეს სამსახური. ჟურნალი ახალი დაარსებული იყო და საინტერესო ავტორებს ეძებდა. თანამშრომლობა ორმხრივად წარმატებული გამოდგა. ჟურნალში სტაინემის არაერთი მნიშვნელოვანი მასალა გამოქვეყნდა, რამაც მასაც და გამოცემასაც დიდი პოპულარობა მოუტანა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მისმა სტატიებმა აბორტის და ქალთა ემანსიპაციის თემებზე. გლორია სტაინემი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. წერასთან ერთად ის სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმშიც მონაწილეობდა და სხვადასხვა გაერთიანებებთან და მოძრაობებთან თანამშრომლობდა. ქალების და შავკანიანების უფლებები, შრომის უფლებები, ვიეტნამის ომის საპროტესტო კამპანიები - გლორია სტაინემი 60-იანი წლების ამერიკის ყველა აქტუალურ მოვლენაში იყო ჩართული და საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა.

1972 წელს მან აფრო-ამერიკელ ფემინისტ აქტივისტთან, დოროთი პიტმან ჰიუგსთან ერთად ფემინისტური ჟურნალი Ms. დააფუძნა. სატესტო 300 000 ეგზემპლარი ერთ კვირაში სრულად გაიყიდა. მალე ჟურნალმა 26 000-მდე ხელმომწერი შეაგროვა, რედაქციაში კი მუდმივად მიდიოდა მკითხველთა წერილები და შეკითხვები. იმავე 1972 წელს გლორია სტაინემი პირველი ქალი ჟურნალისტი გახდა, რომელიც ამერიკის „ეროვნულ პრეს კლუბში“ სიტყვით გამოვიდა. 1976 წელს გლორია Women's Institute for Freedom of the Press -ის წევრი გახდა. ეს ორგანიზაცია ქალთა შორის კომუნიკაციის ზრდაზე და მათთვის აქტუალური მედია გამოცემების მხარდაჭერაზე მუშაობდა.

1978 წელს „კოსმოპოლიტენში“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტატია დაიბეჭდა, რომელსაც ასე ერქვა : „კაცებს რომ მენსტრუაცია ჰქონდეთ“. სტაინემი სატირულ ჟანრში განიხილავდა, როგორ ჰეროიკულად იქნებოდა აღქმული ეს მოვლენა მამაკაცების შემთხვევაში, მაშინ როცა ქალებისთვის ხშირად სასირცხვილო და დასამალ ამბად მიიჩნევა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე სტაინემის New York Times- ში გამოქვეყებულ მასალას ბილ კლინტონის სექსუალური სკანდალის შემდეგ. სტატიაში „ფემინიზმი და კლინტონის დაკითხვა“ ის წერდა, რომ კლინტონის კრიტიკისას მთავარი საკითხი სექსუალური შვიწროვება უნდა ყოფილიყო, რაც ასე არ მოხდა და პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტი სულ სხვა მიმართულებით გახდა.

2000-იან წლებიდან გლორია სტაინემი ისევ აქტიურად აგრძელებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობას, ისე ქალების უფლებების თუ სხვა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის ბრძოლას. 2005 წელს მან მსახიობ და აქტივისტ, ჯეინ ფონდასთან და პოეტთან და პოლიტიკის თეორეტიკოსთან, რობინ მორგანთან ერთად „ქალთა მედია ცენტრი“ დააარსა. ორგანიზაცია ქალთა ადვოკატირების, მათი მედიაში ხილვადობისა და გავლენის მიმართულებით მუშაობს.

ბოლო 20 წელია, სტეინემი აკადემიურ საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული და სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს. მას სხვადასხვა საჯარო შეხვედრებსა თუ დემონსტრაციებზეც ხშირად შეხვდებით. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, 2017 წლის 21 იანვარს გამართულ ქალების მარშზე ვაშინგტონში, 82 წლის სტაინემი ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო. 2018 წლის მაისიდან გლორია სტაინემი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საჯარო ლექციებს ატარებს ქალების უფლებებისა და თანასწორობის თემაზე.

თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ