რუსული ტროლების ფერმა და შტატების საპრეზიდენტო არჩევნები
11.11.2018
“რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად, საინფორმაციო კამპანია შეუკვეთა. ის მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ საზოგადოების პოლარიზაციას, მეორე მხრივ კი დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას“ - ეს არის ამონარიდი ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს (NIC) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან.

The IRA (Internet Research Agency) იგივე „ტროლების ფერმა“, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს. პირველად, ფართო საზოგადოებისთვის, მისი არსებობის შესახებ ნიუ იორკ ტაიმსის ჟურნალისტური გამოძიებით გახდა ცნობილი. მოგვიანებით, კი ფერმის არაერთი ყოფილი დასაქმებული დასავლურ მედიას უყვებოდა ტროლების ფერმაში მუშაობის სპეციფიკაზე. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებული ე.წ. ტროლები ცდილობდნენ გავლენის მოპოვებას.

ფერმის 400 თანამშრომელს, ბლოგპოსტებისა და სტატიების მეშვეობით, კრემლის მესიჯების გავრცელება ევალება. სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია, სოციალურ ქსელებში კომენტარებისა და პოსტების დაწერა. ტროლები აქტიურად იყენებენ მედიასაშუალებების კომენტარების ველებს, ამონტაჟებენ ვიდეოებსა და ფოტოებს და ავრცელებენ სხვადასხვა პლატფორმაზე, ამ საქმისთვის კი საშუალოდ, თვეში ხელფასის სახით დაახლოებით 700 დოლარს იღებენ.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ფეისბუკის ცნობით, ტროლების ფერმიდან წამუსული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში 125-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. ტვიტერმა კი ფერმასთან დაკავშირებული 3,800 ექაუნთი აღმოაჩინა. მათივე ცნობით, ტროლებთან, საარჩევნო პერიოდში 1.4. მილიონ ადამიანს ჰქონდა ონლაინ-ინტერაქცია. არჩევნებამდე 10 კვირის განმავლობაში მათ მიერ 176 ათასი ტვიტი დაიწერა. ამჟამად, ექაუნთები დახურულია.

როგორც ფერმის ყოფილი თანამშრომლები დასავლურ მედიასთან ყვებიან, მათ არჩევნების დროს, ევალებოდათ სოციალურ ქსელებში არ გაემხილათ საკუთარი ვინაობა და ეპოსტათ ისე, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იყვნენ. The Moscow Times წერს, რომ თანამშრომლებს, შტატების შიდაპოლიტიკური სისტემის უკეთ გასაგებად, ცნობილი სერიალი House of Cards უნდა ენახათ, მათ ასევე აქტიურად უტარდებოდათ ინგლისური ენის გაკვეთილებიც. ტროლები ორ ცვლაში - დღისით და ღამით მუშაობდნენ, რათა რუსეთსა და შტატებს შორის დროში განსხვავებას, შეფერხება არ შეექმნა.

ვიტალი ბესპალოვი, ამ ფერმაში IT- სპეციალისტად მუშაობდა. ის NBC News-თან სამუშაო პროცესს ასე აღწერს:

„პირველ სართულზე პროფესიონალი ჟურნალისტები სხედან. მათ ჟურნალისტური პროდუქტის - სტატიების, ნიუსების შექმნა ევალებათ. მეორეზე ბლოგერები მუშაობენ. ხოლო მესამე და მეოთხე სართულზე მომუშავეების საქმე, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საიტებზე კომენტარებისა და პოსტების დაწერაა, მარკეტინგის გუნდს კი ევალება, რომ ეს ყველაფერი კარგად შეფუთოს და სწორი სარეკლამო სტრატეგიით მიიტანოს მიზნობრივ აუდიტორიამდე“.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რუსული ტროლების მიერ ვრცელდებოდა ორი ტიპის ინფორმაცია: პირველი, რომელიც არსობრივად ყალბი ფაქტებისგან შედგებოდა და მეორე, რომელიც უფრო მეტად შეფასებებს მოიცავდა და გარკვეული ჯგუფების მობილიზაციას ისახავდა მიზნად.

ქეთლინ ჰოლ ჯეიმსონი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორია. მან შეისწავლა რუსული ტროლების გავლენა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და გამოსცა წიგნი „როგორ დაეხმარნენ რუსი ჰაკერები და ტროლები პრეზიდენტს არჩევნების მოგებაში“. მედიაჩეკერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, საშუალება ჰქონდა პენსილვანიის უნივერსიტეტში დასწრებოდა მის მოხსენებას.

„როცა რაიმე იდეოლოგიას პრინციპულად ეწინააღმდეგები და ამ დროს შენი სოციალური მედიის გვერდზე ხედავ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ამ იდეოლოგიის დისკრედიტაციას ისახავს, როგორც წესი არ უკვირდები იმას, რამდენად სწორია გავრცელებული ინფორმაცია, ვინ ავრცელებს მას, რა მიზანი აქვს და ა.შ. ასეთ დროს მომხმარებლების უმეტესობა, დაუფიქრებლად იწონებს ან აზიარებს ამგვარ პოსტებს. ეს ასე მუშაობს ყველა ქვეყანაში და ასე იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც“, - ამბობს ჯეიმსონი.

ჯეიმსონი თავის წიგნში აღწერს, როგორ ერეოდა კრემლი წინასაარჩევნო პროცესში. ფოკუსირება ტრამპის დღის წესრიგზე, კლინტონის და მისი მხარდამჭერების მარგინალიზაცია და სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრა - ეს იყო რუსული კამპანიის სამი ძირითადი ასპექტი.

„აქტიურად იქმნებოდა და ზიარდებოდა ფოტოპოსტები, ვიდეოები და ინტერნეტ თამაშებიც კი, რომლიც ამერიკულ საზოგადოებას ამცნობდა, რომ კლინტონი კორუმპირებულია, რომ მისი საინფორმაციო კამპანია ტერორისტების ფულით ფინანსდება და ა.შ. ამის პარალელურად, რუსული ტროლები ტრამპის დღის წესრიგს პოზიტიურად წარმოაჩენდენ. მიგრანტების დემონიზაცია, ვეტერანების მძიმე სოციალურ პრობლემებზე აქცენტირება, იარაღის ტარების უფლების მხარდაჭერა - ისინი სწორედ ამ ტიპის მესიჯებს ავრცელებდნენ, რაც ტრამპის დღის წესრიგის ზედმიწევნით გამეორება იყო“.


ჯეიმსონის თქმით, რუსეთიდან მომდინარე კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი, აუდიტორიის სწორად განსაზღვრა იყო. მოიწონე, თუ გინდა, რომ იესომ მოიგოს - ეს ფოტომონტაჟი ამგვარი მოწოდებით, აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში. ჯეიმსონი ამბობს, რომ ასე, რუსული ტროლები აუდიტორიის ზუსტად იდენტიფიცირებას ცდილობდენ: „თუ დაალაიქებ ამ პოსტს, ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, კონსერვატორი ქრისტიანი ხარ. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, ვინც კამპანიის უკან დგანან, ზუსტად იციან, რა ტიპის მესიჯები გამოუშვან სამომავლოდ შენთან, რაზე გექნება რეაქცია“.



რუსეთის მცდელობა, გავლენა მოიპოვოს ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე, 2016 წლის არჩევნებით არ დასრულებულა.

“ჩვენ უკვე ვხედავთ ნიშნებს, როგორ ცდილობს რუსეთი გავლენის მოპოვებას არჩევნების შემდეგ ციკლზეც“ - აღნიშნავს თავის გამოსვლაში მაიკ პომპეო, CIA-ს ხელმძღვანელი: „უდავოა, რომ რუსეთი 2016 წლის გამოცდილებას კვლავაც გამოიყენებს. ჩვენ უნდა ვუთხრათ ამერიკის საზოგადოებას, რომ ეს საფრთხე რეალურია. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ უფლება, გვიკარნახოს ვის მივცეთ ხმა, და საერთოდ, როგორ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა“.

სად არის გამოსავალი? კეტლინ ჯეიმსონი სოციალური მედიის პლატფორმების მცდელობას, დაუპირისპირდეს ამ პროცესს, სკეპტიკურად უყურებს. ის თავის წიგნში წერს: “შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოციალური მედიების მფლობელმა კომპანიებმა ვერ შეძლეს დროულად მოეხდინათ იდენტიფიცირება იმ ექაუნთებისა, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდა და რომელთა მიზანიც, არჩევნებზე ზეგავლენა იყო. მთელს ამ პროცესს ერთ წელზე მეტი დასჭირდა. როგორ შეიძლება გვქონდეს ამ კომპანიების იმედი, რომ ისინი კიბერშეტევისგან მომავალ არჩევნებში დაგვიცავენ?“

ჯონათან ჰენიკი, სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული გლობალური ჩართულობის ცენტრის (GIC) კოორდინატორი, პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან თავის დაცვის სწორი გზა მომხმარებლის ქცევის ცვლილება და ცნობიერების ამაღლებაა:

„მე ვფიქრობ, რომ დღეს გარდამავალ პერიოდში ვცხოვრობთ. დღეს, ადამიანებს არ უნდათ ფულის გადახდა ინფორმაციის სანაცვლოდ. უფასო ინფორმაცია კი ხშირ შემთხვევაში ყალბია ან დეზინფორმაციაა. ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა შეიცვლება და სამომავლოდ, ადამიანები ფულის გადახდას დაიწყებენ სწორი, არამანიპულაციური პროდუქტის მისაღებად. ჩვენ კი ვცდილობთ გავაძლიეროთ ის ორგანიზაციები, რომლებიც ყალბი ამბების იდენტიფიცირების და გადამოწმების კუთხით მუშაობენ, ასევე ვდებთ დიდ ფინანსურ ინვესტიციას იმგვარ ტექნოლოგიებში, რომლებიც ადამიანებს დაეხმარება, გადაამოწმონ ფოტოს, ვიდეოს თუ ტექსტური მასალის სისწორე - ესაა ჩვენ მიერ არჩეული გზა“, - ამბობს ჯონათან ჰენიკი.

თეგები : სოციალური მედია; პროპაგანდა;
ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ